ფილტვისმიერი გული

ფილტვისმიერი გული Cor pulmonale

სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზიის შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიითა და დილატაციით (შემდეგ კი გულის უკმარისობითაც).

ფილტვისმიერი გულის ეტიოლოგია

განასხვავებენ: 1. ფილტვისმიერი გულის ვასკულარულ ფორმას, რომელიც ვითარდება ფილტვისმიერი ვასკულიტების დროს, პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, მთის დაავადების, ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიის დროს; 2. ფილტვ-ბრონქის ფორმა, რომელიც ვითარდება ბრონქებისა და ფილტვის პარენქიმის დიფუზური დაზიანების დროს – ბრონქული ასთმის, ბრონქიოლიტის, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის, დიფუზური პნევმოსკლეროზისა და ფილტვის ფიბროზის დროს, ასევე ტუბერკულოზის, პნევმოკონიოზის, სარკოიდოზის, ჰამენ – რიჩის სინდრომის და სხვ. დროს; 3. ფილტვისმიერი გული შეიძლება განვითარდეს თორაკულ-დიაფრაგმული პათოლოგიების დროს;
მაგალითად, გულმკერდის დეფორმაციის (კიფოსკოლიოზები და სხვ.), ასევე პლევრისა და დიაფრაგმის პათოლოგიების (თირეოტოქსიკოზის, მასიური ფიბროთორაქსის, პიკვიკის სინდრომისა და სხვ.) შედეგად.

ფილტვისმიერი გული პათოგენეზი. წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არტერიულ ჰიპერტენზიას, სუნთქვის უკმარისობის დროს პათოგენეტიკური მნიშვნელობა აქვს ასევე გულის დატვირთვას, რაც გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის კომპენსატორული გაზრდით, გულისაკენ ვენური სისხლის დაბრუნების გაძლიერების ხარჯზე.

ფილტვისმიერი გული კლინიკური სურათი. განვითარების თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ მწვავე ფილტვისმიერ გულს, რომელიც ვითარდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში (მაგალითად, ფილტვის არტერიის მასიური თრომბოემბოლიის, სარქვლოვანი პნევმოთორაქსის დროს), ქვემწვავე (ვითარდება კვირის, თვეების მანძილზე, ფილტვის არტერიის განმეორებითი თრომბოემბოლიების დროს, პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, ფილტვების ლიმფოგენური კარცინომატოზის დროს, ბრონქული ასთმის მძიმე მიმდინარეობისას, ბრონქიოლიტების დროს) და ქრონიკული, რომელიც ფორმირდება მრავალწლოვანი სუნთქვითი უკმარისობის დროს. ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარებაში გამოყოფენ სამ სტადიას: პირველი სტადია (კლინიკამდელი) ხასიათდება ტრანზიტორული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით, მარჯვენა პარკუჭის გაძლიერებული მუშაობის ნიშნებით, რომელიც ვლინდება მხოლოდ ინსტრუმენტული გამოკვლევით; მეორე სტადია განისაზღვრება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნებით და სტაბილური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს; მესამე სტადია, ანუ დეკომპენსირებული ფილტვისმიერი გულის სტადია (სინონიმი: ფილტვ – გულის უკმარისობა), ვითარდება მარჯვენა პარკუჭის პირველი სიმპტომების გაჩენის მომენტიდან. მწვავე ფილტვისმიერი გული ვლინდება ტკივილით მკერდის არეში, მკვეთრად გახშირებული სუნთქვით, არტერიული წნევის დაქვეითებით, თითქმის კოლაფსის განვითარებამდე, დიფუზური ციანოზით, გულის საზღვრების გადიდებით მარჯვნივ, ზოგჯერ ფერდქვეშა პულსაციის გაჩენით, მზარდი ტაქიკარდიით, გულის მეორე ტონის გაძლიერებითა და აქცენტით ფილტვის ღეროზე; გულის ელექტრული ღერძის გადახრით მარჯვნივ და მარჯვენა წინაგულის გადატვირთვის ელექტროკარდიოგრაფული ნიშნებით; ვენური წნევის მომატებით, კისრის ვენების დაბერვით, ღვიძლის გადიდებით; ხშირად თან ახლავს ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ქრონიკული ფილტვისმიერი გული დეკომპენსაციის განვითარებამდე ვლინდება ჰიპერფუნქციის ნიშნებით, შემდეგ მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე, რომელიც თავდაპირველად ვლინდება  ეკგ, გულმკერდის რენტგენოგრაფიით და სხვა ინსტრუმენტული მეთოდებით, ხოლო შემდეგში კლინიკური ნიშნებითაც: გამოხატული გულის საძგერით, მარჯვენა პარკუჭის პულსაციით, რომელიც განისაზღვრება პალპატორულად მახვილისებრ მორჩთან, გულის მეორე ტონის გაძლიერებითა და აქცენტით ფილტვის ღეროზე, გულის პირველი ტონის გაძლიერებასთან ერთად გულმკერდის ქვედა ნაწილში. დეკომპენსაციის სტადიაში ვლინდება მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა: ტაქიკარდია, აკროციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, რომელიც შენარჩუნებულია ჩასუნთქვისას (მათი დაბერვა მხოლოდ ამოსუნთქვის დროს შესაძლოა განპირობებული იყოს ბრონქული ობსტრუქციით), ნიქტურია, ღვიძლის გადიდება, პერიფერიული შეშუპებები.

ფილტვისმიერი გულის მკურნალობა. ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა (პნევმოთორაქსის ლიკვიდაცია, თრომბოლიზური თერაპია ან ქირურგიული ჩარევა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს, ბრონქული ასთმისთერაპია და სხვ.), ასევე ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სუნთქვის უკმარისობის მოხსნისაკენ. ჩვენების მიხედვით იყენებენ ბრონქოლიტიკებს, ამოსახველებელ საშუალებებს, სუნთქვით ანალეპტიკებს, ოქსიგენოთერაპიას.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.