კლინიკური ფარმაციის საგანი

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

კლინიკური ფარმაციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების  თეორიული საფუძვლების, პრაქტიკული მიდგომებისა და კონკრეტული ალგორითმების  ჩამოყალიბება.
კლინიკური ფარმაცია  ინტეგრაციული გამოყენებითი მეცნიერებაა, რომელიც აერთიანებს სამკურნალო საშუალებების  ფარმაცევტულ და კლინიკურ ასპექტებს, აქტიურად იყენებს მართვის თეორიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევებს.

რეტროსპექტივა

კლინიკური ფარმაციის შექმნა-განვითარება განაპირობა პრეპარატების რაოდენობის ზრდამ. სულ უფრო რთული ხდება მკურნალმა, კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება – შეარჩიოს პრეპარატები, რომლებიც მრავალკრიტერიუმიანი  გაგებით მაქსიმალურ ეფექტს მოგვცემენ, მინიმალური დანახარჯის პირობებში.
ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ  ფარმაცევტული წარმოების  განვითარების თანამედროვე პირობებში აუცილებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტის არსებობა, რომელიც, პირველ რიგში, სრულყოფილად დაეუფლებოდა ცოდნას სამკურნალო პრეპარატების შესახებ და ამავე დროს, ექნებოდა მიზნობრივი აკადემიური ცოდნა დაავადებების მკურნალობის საკითხებში. ამგვარი სპეციალისტია კლინიკური ფარმაცევტი.
კლინიკური ფარმაცევტისა და კლინიცისტის შეთანხმებული მუშაობა,  შესაძლებლობას იძლევა რაციონალურად იქნას გამოყენებული სამკურნალო პრეპარატების  მზარდი არსენალი. ცხადია ეს მხოლოდ კლინიკურ ფარმაცევტსა და ექიმს შორის თანამშრომლობის  ატმოსფეროს შექმნის შემთხვევაშია შესაძლებელი. თანამშრომლობის ატმოსფეროს შესაქმენლად კი, საკმარისი არაა მხოლოდ კლინიკური ფარმაცევტების მომზადება, საჭიროა სათანადო მომზადება ექიმმაც გაიაროს.

პერსპექტივა

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სპეციალობა ”კლინიკური ფარმაცია” გაჩნდა და ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში. აღნიშნული დარგის სპეციალისტების მოქმედების სფერო არ შემოფარგლება მხოლოდ აფთიაქებში მუშაობით. ისინი ეხმარებიან ექიმებს სამკურნალო პრეპარატების რაციონალურ შერჩევაში, ამ უკანასკნელთა ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთდამოკიდებულების, აგრეთვე მკურნალობის ღირებულების გათვალისწინებით.
რეალურად, კლინიკური ფარმაციაზე სრული  მოთხოვნილება იქმნება  მხოლოდ მაშინ, როდესაც გამართულად მუშაობს  სადაზღვევო მედიცინის მოდელი. საქართველო თანდათან შედის სადაზღვევო საქმის განვითარების ამ ფაზაში.
სადაზღვევო კომპანიების მუშაობა ორიენტირებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მქონე კლინიკებთან და სააფთიაქო დაწესებულებებთან ურთიერთკავშირზე. აღნიშნულ სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ სისტემური ცოდნა მედიცინის, ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაციის სფეროში, რათა რაციონალურად იქნას გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები.

ექიმი და კლინიკური ფარმაცევტი

კლინიკური ფარმაცევტი არცერთ შემთხვევაში არ არის ექიმის კონკურენტი, პირიქით, მან უნდა გააგზავნოს ექიმთან ის პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ კვალიფიციური საექიმო დახმარება. ძნელია წარმოვიდგინოთ ფარმაცევტი, რომელმაც არ იცის მედიცინის ანბანი და არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა ძირითადი კლინიკური სინდრომების შესახებ. ის განსაკუთრებით კარგად უნდა ფლობდეს სამკურნალო პრეპარატების (უპირველეს ყოვლისა, კი – ურეცეპტო საშუალებების) ნომენკლატურას. არსებითად, კლინიკური ფარმაცევტი უნდა ახორციელებდეს განსაზღვრულ ფარმაცევტულ დახმარებას  (ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოიყენება ტერმინი pharmaceutical care – ფარმაცევტული დახმარება) და უნდა ღებულობდეს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების გაცემის თაობაზე.

უცხოეთის გამოცდილება

უშუალოდ კლინიკურ დაწესებულებებშიც არსებობს მრავალი  მიზან-ამოცანა რომელთა შესრულებაც შეუძლიათ კლინიკურ ფარმაცევტებს. მაგალითად, აშშ-ში, სამკურნალო დაწესებულებათა თითქმის 80%-ში მუშაობენ კლინიკური ფარმაცევტები, რაც ხელს უწყობს სამკურნალო საშუალებების რაციონალურად გამოყენებას და საშუალებას იძლევა მოხდეს მედიკამენტებზე გამოყოფილი ფინანსების ეკონომია დაახლოებით 10-20%-ით.
კლინიკური ფარმაცევტის მონაწილეობა მნიშვნელოვანია მკურნალობის ალგორითმის შექმნის ყველა ეტაპზე. კლინიკურმა ფარმაცევტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ითანამშრომლოს პროფესიონალებთან ამა თუ იმ დაავადებების მკურნალობის შესახებ მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების კუთხით, მონაწილეობა უნდა მიიღოს სამკურნალო საშუალებების განაწილებისა და შესყიდვის, სამკურნალო ფორმულარების შექმნის და ა.შ. პროცესებში.
ჩანართი: საქართველოში დაიწყო გაიდლაინების მომზადება. სამწუხაროდ, არც ერთი  გაიდლაინის საავტორო ჯგუფში ჯერჯერობით ვერ შევამჩნიეთ ფარმაცევტი. ვფიქრობთ, გაიდლაინების მომზადების პროცესში უკვე აუცილებელია კლინიკური ფარმაცევტის მონაწილეობა. (ჩანართი გაკეთებეულია 2008 წელს).

მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში დიდი ხანია საუბარია კლინიკური ფარმაცევტის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ როგორც ჩანს მენეჯმენტის ინფრასტუქტურის ინერციის გამო იგი ფორმალურად, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა. (2008 წლის აპრილი).  ამავე დროს, სამედიცინო, მათ შორის ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა საქართველოში სწრაფად ვითარდება და თამამად შეიძლება ითქვას ფარმაცევტთა ნაწილი პრაქტიკამ აიძულა თავის თავზე აეღო ეს ფუნქცია – რეალურად  (ფუნქციონალურად) კლინიკური ფარმაცევტის ინსტიტუტი ცხოვრებამ ჩამოაყალიბა. მაგალითად: დიდი ფარმაცევტული ფირმების “პირველი მაგიდის” ფარმაცევტები არც თუ იშვიათად იძულებულნი არიან კონსულტაცია გაუწიონ პაციენტებს, სადაზღვევო კომპანიების “ფარმაცევტი-კონსულტანტებიც”  ფაქტიურად კლინიკური ფარმაცევტის ფუნქციას ასრულებენ.
კლინიკური ფარმაცია, როგორც აღვნიშნეთ, ინტეგრირებული მეცნიერებაა. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი და მომიჯნავე სამედიცინო დარგებიდან განმასხვავებელი ნიშანია ინტეგრირება საინფორმაციო ტექნოლოგიების (მათემატიკურ, საინჟინრო) მეცნიერებებთან.  2007 წელს საქართველოში დაახლეობით 5400 პრეპარატი იყო რეგისტრირებული, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება. ბევრად მეტია პრეპარატთა რაოდენობა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. ბუნებრივია, ამ მოცულობის ინფორმაციასთან მანიპულირება, შედარებითი ანალიზის გაკეთება, შეუძლებელია სპეციალიზებული საინფორმაციო სისტემების გარეშე, რაც მოითხოვს დასახელებული მეცნიერებების არა მარტო გამოყენებას, არამედ მათთან ინტეგრირებას. ამიტომ,       საქართველოში  რამდენიმე წელია,  ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედია” ფარგლებში, მიმდინარეობს სამუშაოები კლინიკური ფარმაცევტის “ავტომატიზებული სამუშაო ადგილის”  შესაქმნელად.

გაგრძელება იხ. >>>

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..