პირველი მაგიდის ფარმაცევტი და ფარმაცევტული დახმარება

ლალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. “კლინიკური ფარმაცია. კლინიკური ფარმაცია – კვლევისა და გამოყენების არეალი” >>>

პირველი მაგიდის ფარმაცევტს უწოდებენ ფარმაცევტს, რომელსაც უშუალო შეხება აქვს პაციენტებთან. როგორც წესი, ეს არის ფარმაცევტი, რომელიც აფთიაქში ემსახურება მომხმარებელს.
პირველი მაგიდის ფარმაცევტი, მრავალ ფუნქციას ასრულებს. ვიზუალურად თვალშისაცემია, რომ იგი ხშირად სალარო ოპერაციებს ახორცილებს და ამიტომ, ზოგჯერ მის მიმართ კნინობითი  შეხედულებაცაა.
სინამდვილეში, პირველი მაგიდის ფარმაცევტი ჯანდაცვის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რგოლია. იგი ახორციელებს “ფარმაცევტულ დახმარებას”.   ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოიყენება ტერმინი pharmaceutical care და მისი განსაკუთრებული როლი საყოველთაოდაა ცნობილი. ჩვენთან სამწუხაროდ. ჯერჯერობით, ყოველთვის ასე არაა.
პირველი მაგიდის ფარმაცევტი, ჩვენს რეალობაში ასრულებს, მინიმუმ ორ ფუნქციას, რომლებიც თავისი არსით ახლოსაა კლინიკურ ფარმაციასთან. ეს ფუნქციებია:
ა. რჩევის მიცემა პაციენტისათვის “მკურნალობის”  შესახებ.
ბ. პრეპარატთა შერჩევაში დახმარება
რჩევის მიცემა პაციენტისათვის “მკურნალობის”  შესახებ. მოსახლეობა ხშირად მიმართავს პირველი მაგიდის ფარმაცევტს რჩევისათვის კონკრეტულ სიტუაციაში რა პრეპარატი უნდა მიიღოს. ცხადია, საუბარია შედარებით იოლ ფორმებზე, მაგალითად: გულის აჩქარების, წნევის, კუჭის ტკივილისა და ა.შ. შესახებ
ამგვარი კონსულტაციისათვის პირველი მაგიდის ფარმაცევტებს მიმართავენ არა მარტო საქართველოში, არამედ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში და პრეპარატების მოხმარების საკმაოდ დიდი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებშიც პირველი  მაგიდის ფარმაცევტთა რჩევებს ეყრდნობა.
თავისი არსით, ამგვარი რჩევის მიცემის ალგორითმების შექმნა კლინიკური ფარმაციის ამოცანაა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ვფიქრობთ, დიდი ხანია მომწიფდა აუცილებლობა საქართველოში შეიქმნას “ფარმაცევტული დახმარების” გაიდლაინები.
დახმარება პრეპარატების შერჩევაში. საუბარია ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის მისი სინონიმებით შეცვლაზე. საქმე იმაშია, რომ ერთი და იგივე პრეპარატი რამდენიმე სავაჭრო დასახელებით გამოდის (არა ყველა). ამგვარ (სავაჭრო) დასახელებებს სინონიმებს უწოდებენ. სინონიმური პრეპარატების ქიმიური შემადგენლობა (თუ საქმე ფალსიფიკაციასთან არა გვაქვს) აბსოლუტურად იდენტურია. უფრო მეტიც, ხშირად ეს ქიმიური ნივთიერებები ერთი და იგივე ქარხნიდანაა მიღებული და სხვადასხვა ქვეყნის საწარმოები, სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ახდენენ მის დაფასოება-შეფუთვას.
ბუნებრივია, სინონიმურ პრეპარატებს, აქვთ სხვადასხვა ფასი, რადგან მათი თვითღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯები სხვადასხვაა. ადგილობრივი წარმოების პრეპარატები, როგორც წესი, უფრო იაფია. თუ ქვეყანაში არის მსოფლიო დონის საწარმო. ადგილობრივი საქონელი კონკურენციას უწევს ძვირადღირებულ უცხოურ ანალოგებს.
პირველი მაგიდის ფარმაცევტებს ხშირად მიმართავს მოსახლეობა შეურჩიოს ურჩიოს იგივე ქიმიური დასახელების, ან მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატი.
ეს ამოცანაც, რომლის გადაჭრაც ყოველდღიურად უწევს პირველი მაგიდის ფარმაცევტს, თავისი არსით კლინიკური ფარმაციის  ამოცანაა.

 გაგრძელება იხ. >>>

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..