მიზნები და კრიტერიუმები

ლალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. ,,კლინიკური ფარმაცია. კლინიკურ-ფარმაცევტული გადაწყვეტილებების მიღების  თეორიული საფუძვლები” >>>

ეს ორი  ცნება მართვის თეორიის ძირითადი ცნებებია. მათი ფორმალური განმარტება რთულია, ამიტომ შევეცადოთ მაგალითებზე განვიხილოთ.
მიზანი, ის მდგომარეობაა, საითკენაც მივისწრაფით.  კრიტერიუმი ამ მიზნის მიღწევის შეფასების, გაზომვის პარამეტრია

miznebi-da-kriteriumebi1

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
1. საფოსტო მომსახურება:
საფოსტო მომსახურების სფეროში თანდათან მძაფრდება კონკურენცია. ამიტომ  საფოსტო მომსახურების ფირმის მიზანი შეიძლება იყოს: შეამციროს მომსახურების დრო, ანუ კლიენტს  გზავნილები მიაწოდოს უფრო სწრაფად.
რათი უნდა გაიზომოს  მიზნის მიღწევა? ბუნებრივია გზავნილის მიწოდებაზე დახარჯული საათებით ან დღეებით.
ამდენად, ამ შემთხვევაში :
მიზანია – მომსახურების დროის შემცირება
კრიტერიუმია- მიწოდებაზე დახარჯული დრო.
თუკი მომსახურებაზე დახარჯულ დროს t-თი აღვნიშნავთ, შეგვიძლია ამოცანა ასე ჩავწეროთ   min t

2. ნარკომანიასთან ბრძოლა
ნარკომანიასთან ბრძოლა ხელისუფლებისა და საზოგადოების  მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ შემთხვევაში მიზანი შეიძლება ასე დაფორმირდეს:
მიზანი – ნარკომანთა რიცხვის შემცირება
კრიტერიუმი – ნარკომან ადამიანთა რაოდენობის შემცირება
ამ შემთხვევაში, მიზანი და კრიტერიუმი ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ იყოს. მაგალითად: შეიძლება მიზნად დავისახოთ ნარკომანიის შემცირება, მაგრამ მოცემულ  ეტაპზე, კრიტერიუმად ავიღოთ არა ნარკომანთა რაოდენობა საზოგადოდ, არამედ ნარკომანთა რაოდენობა, რომელთა ასაკი 25 წლამდეა.
აღვნიშნოთ საზოგადოდ ნარკომანთა რაოდენობა N-ით
25 წლამდე ნარკომანთა რაოდენობა N1-ით
ფორმალურად, ჩვენი მიზანი და კრიტერიუმი ასე ჩაიწერება
min N  (მიზნობრივი ფუნქცია)
min N1  (კრიტერიალური ფუნქცია)

ვფიქრობთ, ამ მაგალითებით ემპირიულად გასაგებია, მიზნისა და კრიტერიუმის არსი. ჩვენ სპეციალურად ჯერჯერობით არ მოგვყავს მაგალითები კლინიკური ფარმაციიდან.
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ პარამეტრის გაზომვა. ცხადია გაზომვა ციფრებში ხდება, ანუ პარამეტრი მნიშვნელობებს რიცხვითი სიმრავლიდან იღებს. ამავე დროს, რიგ შემთხვევებში, გამოიყენება ე.წ. ლინგვისტური პარამეტრები. ასეთ შემთხვევაში პარამეტრი იღებს “ლინგვისტურ” მნიშვნელობებს. მაგალითად, როგორიცაა: “კარგია”, “ცუდია”, “არა უშავს”  და ა.შ.

3. პრეპარატთა შერჩევის ამოცანა
სამედიცინო პრაქტიკაში გვაქვს კონკრეტული  კლინიკური სურათი. გვაქვს რამდენიმე ასეული პრეპარატი, რომელიც ამ კლინიკური სურათის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. “რაციონალურ გამოყენების” ქვეშ იგულისხმება მრავალ ალტერნატივათაგან (შესაძლებლობებიდან) იმ რამდენიმე პრეპარატის შერჩევა, რომლებსაც, ერთდროულად:
– ექნება  მინიმალური დანახარჯი (ან ღირებულება)
– მაქსიმალურ თერაპიული ეფექტი
– მინიმალური რისკები (მინიმალური გვერდითი მოვლენები და მინიმალური უკუჩვენებები)
– სწრაფი თერაპიული ეფექტი
ამ მაგალითს, ქვემოთ არაერთხელ დავუბრუნდებით

გაგრძელება იხ. >>>

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..