პრეპარატების მონაცემთა ბაზები

ლალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. ,, კლინიკური ფარმაცია. კლინიკური ფარმაციის მრჩეველი (საექსპერტო) კომპიუტერული სისტემა” >>>

პრეპარატთა მოანაცემთა ბაზებს, კლინიკური ფარმაცევტის მრჩეველი სისტემის აგებისას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. პრეპარატთა მონაცემთა ბაზების დაპროექტების პრობლემები, უპრიანია დავყოთ: ბაზის შექმნის მათემატიკურ-საინჟინრო და ფარმაცევტულ პრობლემებად. ცალკე საკითხია ამ ბაზების ექსპლოატაცია-განახლება.

გამოთვლითი პროცესების ორგანიზების თვალსაზრისით. ამ ტიპის ბაზის აგება ცნობილი მათემატიკური ამოცანაა და განსაკუთრებული საინჟინრო სპეციფიკა არ ახასიათებს. პრეპარატთა ბაზები დინამიურია-პრეპარატების რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ იშვიათია პრეპარატის გამოჩენა ხარისხობრივად ახალი ფარმაკოლოგიური ან ეკონომიკური მაჩვენებლებით. უფრო რთულ, მაგრამ არაპრინციპულ საინჟინრო-მათემატიკური პრობლემას ქმნის ინფორმაციების დინამიურობა და დიდი მოცულობა.

5_naxati

ფარმაცევტული ხასიათის პრობლემები, რომლებსაც პრეპარატების ბაზის შექმნის დროს წავაწყდით, შეიძლება რამდენიმე აგრეგირებულ ჯგუფად დაიყოს:
– პრეპარატთა აღწერების სტანდარტიზაცია (არ ვგულისხმობთ
ფორმალიზაციას. ფორმალიზაცია ცალკე ამოცანაა)
–  პრეპარატთა შესახებ ინფორმაციის საიმედოობა
–  ინფორმაციის დინამიურობის პრობლემა
ეს პრობლემები, მეტ-ნაკლები სისრულით არსებობს ყველა ქვეყანაში, და მხოლოდ საქართველოს სპეციფიკად ვერ ჩაითვლება.

preparatta_monacemta-bazabi

პრეპარატთა აღწერების სტანდარტიზება
იხ. სტატია: სამკურნალო საშუალებათა აღწერის სტანდარტები
ყველა ქვეყანაში არსებობს პრეპარატთა აღწერების სტანდარტები. ამ სტანდარტების მიზანია უზრუნველყონ პრეპარატის შესახებ ინფორმაციის სისრულე და საიმედოობა.
სხვადასხვა ქვეყნებში სტანდარტები  შეიძლება მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. სამკურნალო საშუალების სახელმწიფო საინფორმაციო სტანდარტი, მრავალ ქვეყანაში, მოიცავს შემდეგ სტრუქტურულ ელემენტებს:
– სამკურნალო საშუალების ფარმაკოპეული სტატია
– სამკურნალო საშუალების ფორმულარული სტატია
– კლინიკურ-ფარმაკოლოგიური სტატია
– სამკურნალო პრეპარატის პასპორტი
პრეპარატების შესახებ ამა თუ იმ ქვეყანაში წარმოდგენილი ინფორმაცია, ძირითადად დამოკიდებულია ამ სტანდარტების სტრუქტურაზე და მათ რეალურ დაცვაზე. საქართველოში პრეპარატთა აღწერების სტანდარტიზების საკითხი, უდაოდ მოითხოვს გაუმჯობესებას.
მართვის თეორიის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ მაღალია ინფორმაციის განუსაზღვრელობის ხარისხი და საექსპერტო სისტემების აგებისას ეს ფაქტორი გათვალისწინებულ უნდა იქნეს. ამ ტიპის განუსაზღვრობების შემცირების ორი ტიპის ღონისძიებები არსებობს:
1. გაუმჯობესდეს პრეპარატების აღწერების სახელმწიფო სტანდარტიზების მექანიზმები. ეს სცილდება კლინიკური ფარმაციის მრჩეველი სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებს და შემოიფარგლება საკითხის დასმით.
2.  უშუალოდ კლინიკური ფარმაციის საექსპერტო სისტემის ფარგლებში, სტანდარტიზაციის პრობლემებით გამოწვეული განუსაზღვრელობების შემცირებისათვის აუცილებელია საექსპერტო სისტემის დამოუკიდებელი მასწავლი ბლოკითა და პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიღების დამოუკიდებელი ინფრაქტუქტურით აღჭურვა.ეს ძვირადღირებული სამუშაოა, მაგრამ საერთაშორისო
პრაქტიკა აჩვენებს, არაა აუცილებელი კლინიკური ფარმაცევტის ძირითად სამუშაო არსენალში ყველა პრეპარატის ჩართვა. საკმარისია მხოლოდ იმ პრეპარატების შესახებ ინფორმაციის შეტანა, რომლებიც ფარმაკოლოგიური მაჩვენებლებით ან ფასით მკვეთრად გამოირჩევიან სხვა პრეპარატებისაგან.

 პრეპარატთა შესახებ ინფორმაციის საიმედოობა
იხ. სტატია  სამკურნალო პრეპარატები და მტკიცებულებითი მედიცინა
პრეპარატთა აღწერის კარგი სტანდარტებიც ვერ უზრუნველყოფს პრეპარატთა შესახებ ინფორმაციიის სრულ საიმედოობას. პრობლების არსი შემდეგშია: პრეპარატების კლინიკურ კვლევებს ძირითადად აწარმოებს შემქმნელი ფარმაცევტული ფირმა. პრეპარატის შექმნა-გამოცდაზე საშუალოდ მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. ამ თანხების თანაფარდი თანხები არა აქვთ ორგანიზაციებს, რომლებიც პრეპარატების მონიტორინგს, ან აღწერებს  აწარმოებენ. შესაბამისად, მათ, რეალურ დროში, მხოლოდ ცალკეული პარამეტრების შემოწმება შეუძლიათ.
საბოლოო ჯამში, პრეპარატების შესახებ ინფორმაცია, მნიშვნელოვან წილად ეყრდნობა ამ პრეპარატის შემქმნელი ფირმის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, რომელიც დაინტერესებული მხარეა.
ამდენად, კიდევ უფრო მატულობს პრეპარატების შესახებ ინფორმაციის განუსაზღვრელობის ხარისხი.

ინფორმაციის დინამიურობის პრობლემა
პრეპარატების შესახებ ინფორმაცია დინამიურია და საერთო სურათი პრაქტიკულად ყოველდღიურად იცვლება:  ერთის მხრივ, ჩნდება ახალი პრეპარატები, მეორეს მხრივ, პოსტმარკეტინგულ პერიოდში იცვლება ინფორმაცია უკვე არსებული პრეპარატების შესახებ.
ცხადია ეს საინჟინრო პრობლემებსაც იწვევს, მაგრამ განსაკუთრებით რთულია ფარმაცევტული პრობლემა – ამ ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზება და საექსპერტო  სისტემის საინფორმაციო ბაზებში ასახვა.

ცალკე უნდა იქნეს განხილული პრეპარატთა ცოდნის ბაზები. “ცოდნის ბაზებს” საექსპერტო სისტემებში უწოდებენ “მსჯელობათა გამოყვანის” წესებს. ამ წესებს საზოგადოდ ასეთი სახე აქვს
დედუქციური ფარზის სახე აქვს
თუ  სრულდება A მაშინ უნდა  შესრულდეს B
A  =>  B
მაგალითად:
თუ (პაციენტი ფეხმძიმედაა)  მაშინ (=>) არ შეიძლება ამა და ამ პრეპარატის დანიშვნა
თუ პაციენტს აქვს A დაავადება => ენიშნება ესა და ეს პრეპარატი
ამგვარ წესებს ცოდნის (წარმომქმენელი) წესები ეწოდება მათ ერთობლიობას “ცოდნის ბაზა”.
ცოდნის ბაზების წესების გამოყენებას მივყევართ დასაშვებ ალტერნატივათა სიმრავლემდე.
საექსპერტო სისტემებში ყოველი პრეპარატი აღიწერება ამ წესებით. ამ ტიპის წესების ჩაწერის სხვადასხვა მეთოდები არსებობს.

გაგრძელება იხ. >>>

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..