ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა chickenpox (varicella)
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ჩუტყვავილა – მწვავე ვირუსული დაავადებაა; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში და ხასიათდება ცხელებით, პაპულურ-ვეზიკულური გამონაყრით, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით.

ეტიოლოგია, ეპიდემიოლოგია

ჩუტყვავილას გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფის ვირუსებს, რომლებიც არამდგრადნი არიან გარემოში.
ინფექცია უპირატესად გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. ავადმყოფი დასნებოვნებულია ინკუბაციის პერიოდის ბოლოდან ქერქის სრულ მოცილებამდე. გამონარყის ადგილას, ქერქების წარმოქმნის შემდეგ, გამომწვევი გადაეცემა კონტაქტური გზითაც. დაავადება ძალიან გადამდებია, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში.
ბინაში, ბაგებში ან საბავშვო ბაღებში თუნდაც ერთი ავადმყოფის გაჩენისთანავე, ყველა იქ არსებული ბავშვი უნდა ჩაითვალოს დასნებოვნებულად. საბავშვო დაწესებულებებში ცხადდება 21 დღიანი კარანტინი, ხოლო ბავშვებმა, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში, იმავე ვადით, არ უნდა იკონტაქტონ ჯანმრთელ ბავშვებთან.

პათოგენეზი

გამომწვევი ორგანიზმში აღწევს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსებით. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ წარმოიქმნება ვირუსემია, ვირუსები ფიქსირდება კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელურ უჯრედებში, იწვევს დამახასიათებელ გამონაყარს. გამომწვევმა შესაძლებელია განიცადოს პერსისტირება ორგანიზმში; სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების შედეგად იგი აქტივირდება და იწვევს კანის ლოკალურ დაზიანებას – შემოსარტყვლით ლიქენს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა – 11 – დან 21 დღემდე (საშუალოდ 15 – 17) დღე. ზოგჯერ აღინიშნება ხანმოკლე პროდრომული პერიოდი, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი დღე; ამ პერიოდში კანზე ვლინდება წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც ქრება რამდენიმე საათში. უხშირესად დაავადება იწყება მწვავედ – ტემპერატურის მომატებით 38 – 39 გრადუსამდე, შემდგომ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე, უპირატესად ტანზე, ვითარდება საკმაოდ ხშირი გამონაყარი, მრგვალი ფორმის, 1 – 3 მმ დიამეტრის, მოვარდისფრო ლაქების სახით; ასეთივე გამონაყარი ვლინდება ცხვირხახის და ხახის ლორწოვანზე.
შემდგომ ეს გამონაყარი გარდაიქმნება ბუშტუკებად, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე შიგთავს; თითოეული ბუშტუკის (ვეზიკულის) გარშემო ვითარდება ვიწრო წითელი ქობა (ჰიპერემული კანის ან ლორწოვანი გარსის არშია). ზოგიერთი ბუშტუკის ცენტრში აღინიშნება ჩაღრმავება (,,ჭიპი”), რის შედეგადაც გამონაყრის ელემენტები ემსგავსება ჩვეულებრივი ყვავილის დროს განვითარებულ ელემენტებს. უკვე მე – 2 დღეს ბუშტუკები სკდება ან ავადმყოფი თვითონ იცლის ფრჩხილებით, შიგთავსი შრება კანზე და შედეგად წარმოიქმნება მშრალი, მუქი – მონაცრისფრო ქერქები.
დამახასიათებელია გამონაყრის პოლიმორფიზმი: კანზე და ლორწოვანზე ბუშტუკების და ქერქების ერთდროული არსებობა. 5 – 7 დღის განმავლობაში შესაძლოა აღინიშნებოდეს ახალი ბუშტუკების წარმოქმნა. ცხვირხახის, ხორხის, ქუთუთოების კონიუნქტივის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკები ადვილად სკდება, რაც წარმოადგენს მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას. განლეულ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ალიმენტარული დისტროფია, ჩუტყვავილა მიმდინარეობს ძალიან მძიმედ, რამაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა მიგვიყვანოს ლეტალურ გამოსავლამდე. ასევე მძიმეა პროგნოზი იმ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ შორეული ინფექცია (ჩურყვავილას შერწყმა დიფტერიასთან, წითელასთან, ქუნთრუშასთან). იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ჩუტყვავილას კრუპი შეხუთვითა და სტენოზური სუნთქვით. თუმცა დიდ უმეტესობაში ჩუტყვავილას მიმდინარეობა მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.

გართულებები

დასუსტებულ ბავშვებში გვხვდება ძალზე იშვიათი ფორმა – გენერალიზებული ინფექცია ვისცერული ორგანოების დაზიანებით; გართულებები იშვიათია: აბსცესები, ფლეგმონები, პნევმონიები, ენცეფალიტები.

დიაგნოსტიკა

 დიაგნოსტიკა რთული არ არის. აუცილებლობის  შემთხვევაში  გამოიყენება ლაბორატორიული მეთოდები.
თუკი წარმოიქმნება ნატურალურ ყვავილთან დიფერენცირების აუცილებლობა, საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი: ნატურალური ყვავილის დროს  საწყისი პერიოდი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით და ძლიერი ტკივილით გავაში; გამონაყრის დასაწყისში, რომელიც ემთხვევა დაავადების მე-4 დღეს, აღინიშნება ტემპერატურის დაქვეითება, და არა მომატება;
გამონაყრის ელემენტები იმყოფებიან განვითარების ერთ სტადიაში (გამონაყრის მონომორფიზმი), აქვთ გარკვეული სიმკვრივე და განლაგებული არიან კანის სისქეში, ინფილტრირებულ ფუძეზე; გამონაყრის ელემენტები მრავალსაკნიანია, ამიტომ გაჩხლეტისას არ ვარდებიან, აქვთ ჭიპისებრი ჩაზნექა. დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიური ანამნეზისა და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებს.

მკურნალობა

ავადმყოფის ჰიგიენური ნორმების დაცვა; მეორადი ინფექციის პროფილაქტიკა; ვეზიკულებს ამუშავებენ კალიუმის პერმანგანატის 1-2%-იანი ხსნარით, ბრილიანტის მწვანის 1%-იანი ხსნარით; გამოიყენება აგრეთვე ინდიფერენტული მაზები.

პროფილაქტიკა

საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია ბინის პირობებში; დეზინფექციაარ ტარდება.

წითელა და ჩუტყვავილალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ჩუტყვავილაც და წითელაც მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით
🔷 ჩუტყვავილას გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფის ვირუსებს, რომლებიც არამდგრადნი არიან გარემოში
🔶 წითელას გამომწვევი მიეკუთვნება პარამიქსოვირუსებს, რომელიც სწრაფად ინაქტივირდება გარემოში
📅 ჩუტყვავილას ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობაა 11-დან 21 დღემდე (საშუალოდ 15 – 17) დღე.
🕔 ზოგჯერ აღინიშნება ხანმოკლე პროდრომული პერიოდი, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი დღე
⭕️ ამ პერიოდში კანზე ვლინდება წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც ქრება რამდენიმე საათში

📅 წითელას ინკუბაციური პერიოდი 9-11 დღეა
🕔 პროდრომულ ან კატარალურ პერიოდში:
➡️ ტემპერატურა მატულობს 38,5–39 გრადუსამდე;
➡️ ვითარდება სინათლის შიში;
➡️ აღინიშნება კონიუნქტივიტი;
➡️ სურდო;
➡️ მშრალი მყეფავი ხველა

💬 დაინტერესდით?
👇 გაიგეტ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიებიდან:
📎 ჩუტყვავილა – https://bit.ly/3lCNMxK
📎 წითელა – https://bit.ly/38c4wZx

#ჩუტყვავილა #წითელა #ჩუტყვავილასნიშნები #ჩუტყვავილასსიმპტომები #წითელასნიშნები #წითელასსიმპტომები #ჩუტყვავილაბავშვებში #ჩუტყვავილასგამომწვევიმიკრობი #ბატონები #როგორვრცელდებაწითელა #წითელასგამომწვევიმიკრობი #წითელაბავშვებში #წითელასვირუსი #ჩუტყვავილასმკურნალობა #წითელასმკურნალობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian