სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა; გვხვდება უპირატესად მამაკაცებში. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ, გავრცელებულ და შემოსაზღვრულ დუოდენიტებს.

diodenitiმწვავე დუოდენიტი მიმდინარეობს კუჭის და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად როგორც მწვავე გასტროენტერიტი, გასტროენტეროკოლიტი; შეიძლება იყოს კატარალური, ეროზიულ – წყლულოვანი და ფლეგმონური.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციები, მოწამვლა ტოქსიკური ნივთიერებებით,  ძალიან ცხარე საკვების, ასევე მაგარი ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება უცხო სხეულებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, პალპაციით მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არე. დიაგნოზი ზუსტდება დუოდენოფიბროსკოპიით, რომელიც ავლენს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ანთებით ცვლილებებს. ფლეგმონური დუოდენიტის დროს მკვეთრად უარესდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, ვლინდება მუცლის კედლის კუნთების დაჭიმულობა ეპიგასტრიუმში, დადებითია შჩოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი, ცხელება, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედსის მომატება. დუოდენალური ზონდირება და დუოდენოფიბროსკოპია უკუნაჩვენებია. მწვავე კატარალური და ეროზიულ – წყლულოვანი დუოდენიტი ჩვეულებრივ მთავრდება თვითგანკურნებით რამდენიმე დღეში; განმეორებითი დუოდენიტების დროს შესაძლებელია პროცესის გადასვლა ქრონიკულ ფაზაში. ფლეგმონური დუოდენიტის დროს პროგნოზი სერიოზულია. შესაძლებელია გართულებები: ნაწლავიდან სისხლდენა, ნაწლავის კედლის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტის განვითარება.

მკურნალობა. მწვავე კატარალური და ეროზიულ – წყლულოვანი დუოდენიტის დროს 1 – 2 დღის განმავლობაში შიმშილი, წოლითი რეჟიმი, კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით, შემდეგ კი 25 – 30 გ მაგნიუმის სულფატის შეყვანით. შემდეგში დიეტა № 1 ა – 1, შემკვრელი და შემომგარსველი საშუალებები შიგნით მისაღებად, ტკივილისას კი – სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური პრეპარატები. ფლეგმონური დუოდენიტის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად.

ქრონიკული დუოდენიტი შესაძლოა იყოს ზედაპირული, ატროფიული, ინტერსტიციული, ჰიპერპლაზიური ან ეროზიულ – წყლულოვანი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. არარეგულირებული კვება ცხარე, გამაღიზიანებელი საკვებით, ალკოჰოლიზმი. მეორადი ქრონიკული დუოდენიტი აღინიშნება ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული პანკრეატიტის, ლამბლიოზის, კვებითი ალერგიის, ურემიის დროს. გამაღიზიანებელი აგენტის უშუალო ზემოქმედებასთან ერთად თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ქრონიკული დუოდენიტის პათოგენეზში გარკვეული მნიშვნელობა აქვს მასზე აქტიური კუჭის წვენის პროტეილიზურ მოქმედებას (ტროფიკული დარღვევების, დისკინეზიების დროს).

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმში – მუდმივი, ყრუ ხასიათის ან წყლულისებრი, გადავსების,  სიმძიმის გრძნობა მუცლის ზედა ნაწილში ჭამის შემდეგ, მადის დაქვეითება, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება. პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა ღრმად ეპიგასტრიუმის არეში. დიაგნოზი დასტურდება დუოდენოფიბროსკოპიით. აუცილებელობის შემთხვევვაში ატარებენ თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოფსიას. რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემები ნაკლებდამახასიათებელია; მიმდინარერობს ხანგრძლივად, პერიოდული გამწვავებებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა შესაბამისი მკურნალობის დროს. გართულებებია: ნაწლავიდან სისხლდენა ეროზიულ – წყლულოვანი ფორმის დუოდენიტის დროს.

მკურნალობა გამწვავების პერიოდში ტარდება სტაციონარში. ინიშნება დიეტა № 1 ა, შემდეგ 1 ბ, ანტაციდური, შემკვრელი, სპაზმოლიზური, განგლიომაბლოკირებელი და ქოლინოლიზური საშუალებები. რეგენერაციის პროცესების გასაუმჯობესებლად ინიშნება ვიტამინები, ვენაში წვეთობრივად ცილოვანი ჰიდროლიზატები, ალოე, პენტოქსილი და სხვ. განმეორებითი დუოდენიტების დროს აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. ქრონიკული დუოდენიტით დაავადებულები საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას; აუცილებელია რეციდივის საწინააღმდეგო მკურნალობა.

პროფილაქტიკა. რაციონალური რეგულარული კვება, ბრძოლა ალკოჰოლიზმთან, დროული მკურნალობა სხვა დაავადებებისა, რომლის ფონზეც ვითარდება მეორადი დუოდენიტი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1095 times by 595 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka