nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ღვიძლის ციროზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ღვიძლის ციროზიქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება როგორც პარენქიმის, ასევე ორგანოს სტრომის დაზიანებით, ღვიძლის უჯრედების დისტროფიით, შემაერთებელი ქსოვილის განვითარებით, ღვიძლის წილოვანი სტრუქტურისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დიფუზური  გარდაქმნით, ღვიძლისა და ელენთის რეტიკულოენდოთელური ელემენტების ჰიპერპლაზიითა და კლინიკური სიმპტომებით, რომლებიც ასახავენ ღვიძლშიგა პორტულ ტრაქტებში სისხლის მიმოქცევის, ნაღვლგამოყოფის, ნაღვლდენის დარღვევებს, ღვიძლის ფუნქციონალურ დარღვევებს, ჰიპერსპლენიზმის ნიშნებს; აღინიშნება უპირატესად მამაკაცებში, საშუალო და ხანდაზმულ ასაკში.

ეტიოლოგია. ციროზი შესაძლოა განვითარდეს ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ, კვების უკმარისობის შედეგად (განსაკუთრებით ცილების, ვიტამინების დეფიციტით), ნივთიერებათა ცვლის მოშლისას (შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიოზი), ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს; ასევე ქოლესტაზის ნიადაგზე სანაღვლე სადინრების ხანგრძლი ზეწოლის დროს ან მათი  დაცობისას; ტოქსიკური ან ტოქსიკურ – ალერგიული ჰეპატიტების შედეგად; კონსტიტუციურ – ოჯახური წინასწარგანწყობით; ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაცით, შემდგომი ანთებითი რეაქციით (ჰემოქრომატოზი, ჰეპატოცერებრალური დისტროფია); ქრონიკული ინფექციის, ზოგჯერ პარაზიტული ინვაზიის ფონზე. გამოყოფენ ღვიძლის პირველად ციროზებს, ასევე ციროზებს, რომლის დროსაც ღვიძლის დაზიანება წარმოადგენს მხოლოდ ერთ – ერთ გამოვლინებას დაავადების ზოგად კლინიკაში: ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, სიფილისის, ენდოკრინული დაავადებების, ასევე ზოგიერთი ინტოქსიკაციების, კოლაგენოზების დროს.

პათოგენეზი. cirrhosis-liver21ღვიძლის ქსოვილის უშუალო დაზიანება ინფექციური ან ტოქსიკური ფაქტორებით..  ციროზის ნებისმიერი სახის დროს ვითარდება ჰეპატოციტების დისტროფია და ნეკრობიოზი, აღინიშნება გამოხატული მეზენქიმური რეაქცია, შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რის შედეგადაც ირღვევა ღვიძლის წილოვანი სტრუქტურა, ღვიძლშიგა სისხლმიმოქცევა, ლიმფის მიმოქცევა, ნაღვლის გამოდენა. ღვიძლშიგა სისხლმიმოქცევის მოშლა იწვევს ჰიპოქსიას და აძლიერებს დისტროფიულ ცვლილებებს ღვიძლის პარენქიმაში. დამახასიათებელია აგრეთვე ჰეპატოციტების კვანძოვანი რეგენერაცია. მორფოლოგიური და კლინიკური ნიშნების მიხედვით გამოყოფენ პორტალურ, პოსტნეკროზულ, ბილიარულ, შერეულ ციროზებს; პროცესის აქტიურობის მიხედვით – აქტიურ, პროგრესირებად და არააქტიურს; ფუნქციური დარღვევების ხარისხის მიხედვით – კომპენსირებულსა და დეკომპენსირებულს. განასხვავებენ აგრეთვე წვრილ – და მსხვილკვანძოვან ციროზებს და მის შერეულ ვარიანტს.

კლინიკური სურათი. ღვიძლის ზომების გადიდება ან შემცირება, მისი გამკვრივება, თანმხლები სპლენომეგალია, პორტული ჰიპერტენზიის სიმპტომები, სიყვითლე. ხშირია ყრუ ხასიათის ტკივილი ღვიძლის არეში, რომელიც ძლიერდება დიეტის დარღვევისას და ფიზიკური მუშაობის შემდეგ; დისპეფსიური მოვლენები, კანის ქავილი, რაც განპირობებულია ქსოვილებში ნაღვლის მჟავების დაგროვებით. ავადმყოფის დათვალიერებით ვლინდება ციროზისათვის დამახასიათებელი, ღვიძლისმიერი სისხლძარღვოვანი ტელეანგიექტაზიები (,,ვარსკვლავები”) სხეულის ზედა ნახევარში, ხელისგულების ერითემა, ,,გალაქული ჟოლოსფერი ენა”. ხშირია აგრეთვე ქსანთომები, დოლის ჩხირისებრი თითები, მამაკაცებში გინეკომასტია, წვერის ზრდის შეჩერება ნიკაპზე და იღლიის ქვეშა ფოსოებში. ხშირად ვლინდება ანემია, ლეიკო – და თრომბოციტოპენია, ედს – ის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, განსკუთრებით ბილიარული ციროზის დროს. სიყვითლის დროს შარდში ვლინდება ურობილინი, ბილირუბინი, განავალში სტერკობილინის შემცველობა შემცირებულია. აღინიშნება ჰიპერგლობულინემია, დალექვის მაჩვენებლების ცვლილებები.

პოსტნეკოზული ციროზი ვითარდება ჰეპატოციტების ვრცელი ნეკროზის შედეგად. ღვიძლი ზომიერად გადიდებული ან შემცირებულია, დამახასიათებელია ღვიძლის უკმარისობის ნიშნები, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება; სისხლში ვლინდება ჰიპოპროტეინემია, ჰიპოფიბრინოგენემია, ჰიპოპროთრომბინემია, ხშირია დიათეზი/”>ჰემორაგიული დიათეზის ნიშნები. პორტული ციროზი წარმოიქმნება ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ, ალკოჰოლიზმის შედეგად, კვების უკმარისობის, იშვიათად სხვა მიზეზების გამო; მისი თავისებურებაა ღვიძლში შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეების მასიური ზრდა, სისხლმიმოქცევის შეფერხება კარის ვენის ღვიძლშიგა განტოტებებში. სიმპტომებს განსაზღვრავს პორტული ჰიპერტენზია; ვითარდება ასციტი, ჰემოროიდალური წნულის ვენების ვარიკოზული გაფართოება, საყლაპავის ვენების და კუჭის კარდიალური ნაწილის, ასევე კანქვეშა ჭიპის ირგვლივი ვენებისა, რომლებიც გადიან ჭიპის რგოლიდან სხვადასხვა მიმართლებით (,,მედუზას თავი”). სიყვითლე და ლაბორატორიულ – ბიოქიმიური ცვლილებები წარმოიქმნება შედარებით გვიან პერიოდში. განსაკუთრებით ხშირი გართულებაა პროფუზული სისხლდენა საყლაპავ – კუჭიდან და განმეორებითი ჰემოროიდული სისხლდენები. ბილიარული ციროზი წარმოიქმნება ხანგრძლივი ქოლესტაზის შედეგად და ვლინდება ადრე განვითარებული სიყვითლით, ჰიპერბილირუბინემიით, კანის ქავილით, ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით. სისხლის შრატში მატულობს ტუტე ფოსფატაზა და ქოლესტერინი, ასევე ალფა – და ბეტაგლობულინები. შერეული ციროზი გვხვდება განსაკუთრებით ხშირად, ახასიათებს ციროზის ყველა სამი ზემოთ აღწერილი ფორმებისათვის დამახასიათებელი კლინიკურ – ლაბორატორიული გამოვლინებები. კომპენსირებული ციროზი ხასიათდება ავადმყოფთა დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობით და ციროზისათვის დამახასიათებელი კლინიკურ – ლაბირატორიულ – მორფოლოგიური ცვლილებების დროს – ღვიძლის ძირითადი ფუნქციების შენარჩუნებით. ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი ვლინდება საერთო სისუსტით, სიყვითლით, პორტული ჰიპერტენზიით, ჰემორაგიული მოვლენებით, ლაბორატორიული ცვლილებებით, რომლებიც მოწმობენ ღვიძლის ფუნქციონალური უნარის დაქვეითებას.

 ციროზი

არააქტიური ციროზის დროს დაავადების მიმდინარეობა ნელა პროგრესირებადია (მრავალი წლები); ხშირია ხანგრძლივი რემისიის პერიოდები ავადმყოფთა დამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობის შენარჩუნებით, ნორმასთან ახლოს მდგომი ღვიძლის სინჯებით. აქტიური ციროზის დროს დაავადება სწრაფად პროგრესირებს (რამდენიმე წელი), მნიშვნელოვნადაა გამოხატული პროცესის აქტიურობის ლაბორატორიული გამოვლინებები (ცხელება, ჰიპერგლობულინემია, ედს – ის მომატება, ცილოვანი დალექვის რეაქციების გადახრები). ცხოვრების არარეგლამენტირებული წესი, დიეტის სისტემატული დარღვევა, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენება ხელს უწყობს პროცესის აქტივაციას. დაავადების ტერმინალური პერიოდი ხასიათდება ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის ნიშნების პროგრესირებით, ღვიძლის კომის განვითარებამდე. პროგნოზი აქტიური ციროზის დროს არაკეთილსაიმედოა, რამდენადმე უკეთესია არააქტიურის, კომპენსირებულის დროს. მეორადი ბილიარული ციროზის დროს პროგნოზი დამოკიდებულია იმ მიზეზებზე, რომლებიც იწვევენ ნაღვლის სადინრის დაცობას; ავადმყოფთა პროგნოზი უარესდება სისხლდენისას საყლაპავის ვარიკოზულად გაფართოებული ვენებიდან და კუჭიდან; ასეთი ავადმყოფები ცოცხლობენ არა უმეტეს 1 – 1,5 წელი და ხშირად იღუპებიან განმეორებითი სისხლდენისას. აქტიური დეკომპენსირებული ციროზის დროს მკურნალობა სტაციონარულია.  საყლაპავის ვარიკოზულად გაფართოებული ვენებიდან სისხლდენისას ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში; არააქტიური ციროზის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, დიეტა, რეგულარული კვება, ფიზიკური დატვირთვების შეზღუდვა. იკრძალება ალკოჰოლური სასმელები. სასარგებლოა წელიწადში 2 – ჯერ ვიტამინოთერაპიის კურსები, მკურნალობა სირეპარით, ესენციალე. პორტული ციროზის დროს  პორტული სისტემის განტვირთვის მიზნით  ახორციელებენ ქირურგიული გზით პორტოკავალურ ან სპლენორენალურ ანასტომოზს.

გართულებები. დიაგნოზი. დადგენა ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევებით.

დიფერენციალური დიაგნოზი. ტარდება სხვა ქრონიკულ ჰეპატოპათიებთან (ქრონიკული ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და სხვ.), დაავადების კლინიკურ – მორფოლოგიური ფორმის დაზუსტება ხდება ბიოფსიით, ექოგრფიითა და სკანირებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის სულფატით ავლენს საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაფართოებას, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია პორტული და შერეული ციროზისათვის. საეჭვო შემთხვევებში იყენებენ ლაპარასკოპიას, სპლენოპორტოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

პროფილაქტიკა. ვირუსული ჰეპატიტის პროფილაქტიკა, რაციონალური კვება, ბრძოლა ალოჰოლიზმთან. ქრონიკული ჰეპატიტებისა და ქოლესტაზით მიმდინარე დაავადებების დროული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka