სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

wyluli_kuwis2ხასიათდება წყლულების გაჩენით კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით (ზოგჯერ ხანგრძლივი); მამაკაცები 4 – 5 – ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. როგორც ჩანს, წყლულების გაჩენაში გადამწყვეტ როლს თამაშობს კუჭის წვენის ზემოქმედება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე და უფრო ღრმა შრეებზე. ეს დაკავშირებულია კუჭის წვენის მომატებულ სეკრეციასთან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მარილმჟავასა და პროტეოლიზურ ფერმენტებს, აგრეთვე კუჭის წვენის ზემოქმედებისგან ლორწოვანი გარსის დამცველობითი მექანიზმების აქტიურობის შემცირებასთან. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი ფაქტორები, ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვა, კვების თავისებურებები. ზოგიერთ შემთხვევაში ლორწოვანზე დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები. ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომებია – ტკივილები ფერდქვეშა მიდამოში, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა), სისხლდენები. მუცლის ტკივილი შესაძლოა ირადირებდეს ხერხემლისკენ, ტკიბილი იწყება საკვების მიღებიდან 30 – 40 წუთის (ნაადრევი) ან 1,5 – 2 საათის (მოგვიანებითი) შემდეგ. მოგვიანებითი ტკივილები აღინიშნება

wyluli_duoden_zolinger

დუოდენალური წყლულის დროს. მათთვის დამახასიათებელია უზმოზე, ღამის ტკივილები, რომლებიც მცირდება საკვების მიღებისთანავე. მაღალი სუბკარდიალური წყლულების დროს, ტკივილები შეიძლება აღინიშნებოდეს მკერდის ძვლის უკან. ზოგჯერ დაავადების პიკზე ვითარდება ღებინება, რომელსაც ავადმყოფისთვის შვება მოაქვს. გულძმარვა ვითარდება საკვების მიღების შემდეგ, იშვიათად უზმოზე. მადა წყლულოვანი დაავადების დროს შენარჩუნებულია, თუმცა ზოგჯერ ტკივილის გაჩენის შიშის გამო, ავადმყოფები ერიდებიან საკვების მიღებას. არც თუ იშვიათად, დაავადება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ზოგჯერ იწყება უეცარი სისხლნარევი, ,,ყავის ნალექის” მსგავსი ღებინებით, კუპრისფერი განავლით, ანემიისა და პოსტჰემორაგიული შოკის სწრაფი განვითარებით. აღნიშნული გართულებები, როგორც წყლულის პერფორაცია, შეიძლება განვითარდეს

wyluli_duod

დაავადების სხვა კლინიკური გამოვლინების პიკზე და მოითხოვს აუცილებელ ჰოსპიტალიზაციას ქირურგიულ განყოფილებაში. ზოგჯერ, გართულების პერიოდში, ავადმყოფები იკლებენ წონაში, მათ აღენიშნებათ ასთეონევროზული და ვეგეტატიური დარღვევები ბრადიკარდიით, ოფლიანობით და ა.შ. მუცლის პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა და კუნთების დაჭივმა ფერდქვეშა მიდამოში, ხოლო წყლულის თორტმეტგოჯა ნაწლავში ლოკალიზაციის შემთხვევაში – ჭიპის ოდნავ მარჯვნივ და ზევით. კუჭის წვენის გამოკვლევით დგინდება მისი მჟავიანობის მაღალ ციფრებამდე მომატება, რომელიც ზოგჯერ აღწევს 90 – 100 ერთეულს (ნორმაში საერთო მარილმჟავას კონცეტრაციაა 60 ერთეული, ხოლო თავისუფალი მჟავის 40 ერთეული). ფარული სისხლდენები, რომელიც როგორც ჩანს საკმაოდ ხშირია, ვლინდება განავლის გამოკვლევით ფარულ სისხლზე. შარდში არცთუ იშვიათად მომატებულია უროპეფსინის შემცველობა, ფერმენტისა, რომელიც მონაწილეობს ცილების გადამუშავებაში და რომლის განსაზღვრაც გვეხმარება კუჭის წვენის აქტივობის განსაზღვრაში. რენტგენოლოგიური გამოკვლევით, გამწვავების პერიოდში კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში ნახულობენ 0,5 – 4 სმ – ის ნიშას და წყლულისთვის დამახასიათებელ სხვა ნიშნებს – წყლულის ადგილას ლორწოვანი გარსის მყარ დეფორმაციას, ნაოჭების კონვერგენციას, რეგიონალური სპაზმის გამოვლინებებს, პერისტალტიკის გაძლიერებას, პილორუსის გაფართოებას. გასტროდუოდენოსკოპიით წყლულის აღმოჩენა ხერხდება გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე რენტგენოლოგიური გამოკვლევებით. დაავადების გამწვავება ჩვეულებრივ აღინიშნება გაზაფხულზე და შემოდგომაზე და შესაძლოა ცვალებადობდეს ხანგრძლივი რემისიებით. სისხლდენისა და პერფორაციის გარდა, წყლულოვანი დაავადება შეიძლება გართულდეს პენეტრაციით ღვიძლში ან პანკრეასში, პილორუსის წყლულოვან – ნაწიბუროვანი ცვლილებებით, მალიგნიზაციით (განსაკუთრებით წყლულის კუჭში ლოკალიზაციის დროს). ამ გართულებების დიაგნოსტოკაში დიდი

wyluli_kuwis

მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევასა და გასტროსკოპიას ლორწოვანი გარსის ბიოფსიით. ტკივილები მუცლის არეში და ფერდქვეშა მიდამოში შესაძლოა განვითარდეს გასტრიტების, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ფუნქციონალური დარღვევების, კუჭის კიბოს, თეთრი ხაზის თიაქრის დროს. აღნიშნული დაავადებების წყლულისგან დიფერენცირების მიზნით, უნდა გავითვალისწინოთ ტკივილების აღმოცენების ინტენსოვობის კავშირი საკვების მიღებასთან; თუმცა ყველა საეჭვო შემთხვევაში აუცილებელია გასტროსკოპია ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ წყლულოვანი დაავადების შესაძლო ატიპიური და უსიმპტომო მიმდინარეობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4162 times by 2125 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka