დერმატიტი

დერმატიტი dermatitis

დერმატიტი –  კანის ანთებითი რეაქციები გარემოს გამაღიზიანებლების პასუხად. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტებსა და ტოქსიკოდერმიებს. კონტაქტური დერმატიტი ვითარდება გარეშე ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით კანზე, ტოქსიკოდერმიების დროს კი გამომწვევი თავდაპირველად აღწევენ ორგანიზმის შიგა გარემოში.

დერმატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დერმატიტების გამომწვევ გამაღიზიანებლებს აქვთ ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ბუნება. ე. წ. ობლიგატური გამაღიზიანებლები იწვევენ მარტივ დერმატიტს ყოველ ადამიანში. მათ მიეკუთვნება ხახუნი, ზეწოლა, სხივური და ტემპერატურული ზემოქმედებები, მჟავეები, ტუტეები, ზოგიერთი მცენარე. ფაკულტატურული გამაღიზიანებლები კანის ანთებას იწვევენ მხოლოდ იმ პირებში, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრნობელობა – წარმოიქმნება ალერგიული (სენსიბილიზირებული) დერმატიტი.ფაკულტატურული გამაღიზიანებლების რაოდენობა უდიდესია და განუხრელად მატულობს. მარტივი დერმატიტის პათოგენეზი დაიყვანება ქსოვილის უშუალო დაზიანებამდე. ამიტომ მარტივი დერმატიტის კლინიკური გამოვლინება და მისი მიმდინარეობა განისაზღვრება გამაღიზიანებლის ძალით, ზემოქმედების ხანგრძლივობითა და მისი წარმოშობით. კანის დაზიანება წარმოიქმნება დაუყონებლივ, ან პირველივე კონტაქტისას გამაღიზიანებელთან, ხოლო გაღიზიანების ფართობი შეესაბამება ამ კონტაქტის ფართობს. ალერგიულ დერმატიტს საფუძვლად უდევს კანის მონოვალენტური სენსიბილიზაცია. სენსიბილიზატორები, რომლებიც იწვევენ ალერგიულ დერმატიტებს, წარმოადგენენ ჰაპტენებს. კანის ცილებთან შეერთებისას ისინი წარმოქმნიან კონიუგატებს, რომელთაც გააჩნიათ ალერგენის თვისებები; მათი ზეგავლენით სტიმულირდება ლიმფოციტები, რაც განაპირობებს სენსიბილიზირებული დერმატიტის განვითარებას. სენსიბილიზაციის მექანიზმში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებები: ნერვული სისტემის მდგომარეობა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, გადატანილი და თანმხლები დაავადებები, კანის წყალ – ლიპიდური მდგომარეობა, ასევე კანის ცხიმოვანი და ოფლის ჯირკვლების მდგომარეობა. მონოვალენტური სენსიბილიზაცია განსაზღვრავს ალერგიული დერმატიტის კლინიკისა და მიმდინარეობის თავისებურებებს: მკაფიო სპეციფიკურობა; ფარული პერიოდის არსებობა გამაღიზიანებელთან პირველი კონტაქტიდან დერმატიტის განვითარებამდე (5 დღიდან 4 კვირამდე), კანის უჩვეულო ინტენსივობის ანთებითი რეაქცია, რომელიც არაადეკვატულია გამაღიზიანებლის კონცენტრაციისა და მის ზემოქმედების დროსთან; ვრცელი დაზიანება.

დერმატიტი –  კლინიკური სურათი. მარტივი დერმატიტი მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად. განასხვავებენ მწვავე დერმატიტის სამ სტადიას: ერითემატოზული, ვეზიკულური ან ბულოზური და ნეკროზული. მწვავე დერმატიტები მიმდინარეობენ ქავილით, წვითა და ტკივილით, რაც დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. ქრონიკული დერმატიტები, რომელთა მიზეზია სუსტი გამაღიზიანებლების ხანგრძლივი ზემოქმედება, ხასიათდებიან ჰიპერემიით, ინფილტრაციით, ლიქენიფიკაციით, ნახეთქებით, გარქოვანების გაძლიერებით, ზოგჯერ კანის ატროფიით. მზის ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტები მიმდინარეობენ ერითემატოზული ამ ვეზიკულურ-ბულოზური ტიპით, გამოირჩევიან ხანმოკლე ფარული პერიოდით, დაზიანების ფართო გავრცელებთა და პიგმენტაციით. შესაძლებელია ზოგადი მოვლენების განვითარებაც. სხივური დერმატიტები მიმდინარეობენ ერთნაირად, მიუხედავად იონიზირებული დასხივების სახისა. ერთჯერადი დასხივებით წარმოქმნილი

მწვავე სხივური დერმატიტი, შესაძლოა იყოს ერითემატოზული, ვეზიკულურ-ბულოზური ან ნეკოზული, რაც დამოკიდებულია დასხივების დოზაზე. ლატენტურ პერიოდს აქვს პროგნოზული ხასიათი: რაც უფრო ხანმოკლეა, მით მძიმედ მიმდინარობს დერმატიტი. წყლულები ხასიათდებიან ტორპიდული მიმდინარებითა და მტანჯველი ტკივილით. აღინიშნება ზოგადი მოვლენები სისხლის შემადგენლობის მხრივ. მწვავე დერმატიტი გამოწვეული მჟავეებითთა და ტუტეებით, მიმდინარეობს ქიმიური დამწვრობის სახით: სუსტი ხსნარები ხანგრძლივი მოქმედებისას იწვევენ ქრონიკულ დერმატიტს სხვადასხვა ხარისხის ინფილტაციითა და ლიქენიფიკაციით. ალერგიული დერმატიტის კლინიური სურათი ხასიათდება მკაფიო ერითემითა და გამოხატული შეშუპებით. ამ ფონზე შესაძლოა გამოვლინდეს მრავალრიცხოვანი ბუშტუკები და ბუშტები, რომლებიც გახსის შემდეგ გარდაიქმნებიან სველ ეროზიებად. ანთების ჩაცხრომის შემდეგ წარმოიქმნება ქერქები და ფუფხები, რომელთა მოვარდნის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება მოლურჯო – ვარდისფერი ლაქები.

დერმატიტი –  მკურნალობა. გამაღიზიანებლის დადგენა. ერითემატოზული სტადიის დროს – ინდიფერენტული ნივთიერებები; საჭიროა ბუშტუკების გახსნა და მათი დამუშავება. ვეზიკულურ-ბულოზურ სტადიაში – ცივი საფენები. ყველა ფორმებისა და სტადიების დროს – გარდა წყლულოვანისა, ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდული მაზები. ქიმიური დამწვრობის დროს პირველი დახმარება ითვალისწინებს წყლით კარგად ჩაბანას. წყლულოვან – ნეკროზული დაზიანებების მკურნალობა ტარდება სტაციონარში.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

(2) დერმატიტი – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის მწვავე ანთება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენით (ქიმიური, ფიზიკური, თერმული, მცენარეული, მედიკამენტოზური და სხ.). განსაკუთრებით ხშირად დერმატიტის იწვევენ ტუტეები, მჟავები, ლაქები, საღებავები, ორგანული გამხსნელები, წებო, ზეთი, სკიპიდარი, ეპოქსიდური ფისი. არც თუ იშვიათად, დერმატიტის მიზეზს წარმოადგენენ ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ნოვოკაინი, იოდი, დარიშხანი. მცენარეული გენეზის დერმატიტებს მიეკუთვნება პროცესები, რომლებიც განპირობებულია კანზე ფურისულას, ბორშჩევიკას, ბაიას, ნემსიწვერას, ზღვის სუროს და სხვ. ზემოქმედებით.

სიმპტომები. პროცესს თან სდევს სიწითლე, შეშუპება, წვა, ზოგჯერ ტკივილიც კი. მძიმე შემთხვევებში, გამოხატული ექსუდაციის შედეგად, შესაძლებელია ბუშტუკების (ზოგჯერ საკმაოდ დიდი ზომის) გაჩენა, ხოლო პიოკოკური ინფექციის დართვის შემთხვევაში – ფოლიკულიტებისა და სხვა პიოდერმიების განვითარება. გარეგნულად დერმატიტი არც თუ იშვიათად სიმულირებას უკეთებს ეგზემას. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ დერმატიტი, დაავადების მიზეზის მოცილების შემდეგ, ჩვეულებრივ სწრაფ რეგრესს განიცდის და შემდეგ მთლიანად ქრება, ხოლო ეგზემას გააჩნია ქრონიკულ – მორეციდივე ხასიათი, ამასთან რეციდივები ვითარდება დაავადების პირველად მიზეზთან კავშირის გარეშე.

გაფრთხილება!

 

.