ლალი დათეშიძე
ადენოიდები – ხახის (ცხვირ-ხახის) ნუშის პათოლოგიური ზრდა (ჰიპერპლაზია, ჰიპერტროფია). ხახის ნუში კარგადაა განვითარებული ბავშვებში; დაახლოებით 12 წლის ასაკიდან იგი პატარავდება და მოზრდილებში მთლიანად ატროფირდება.

ადენოიდები ხშირია 3 – 10 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც. ადენოიდების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები (წითელა, ქუნთრუშა, დიფთერია), ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობულ-ანთებითი დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ალერგია; არ გამოირიცხება მემკვიდრეობითი ფაქტორის როლი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ლორწოვანი სეკრეტის უხვი გამონადენი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება და ანთება. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო ბავშვები იძინებენ ღია პირით, ხშირად აქვთ მოუსვენარი ძილი, ხმამაღალი ხვრინვით. ადეოიდები ახშობენ ევსტაქის მილის ხვრელს, არღვევენ შუა ყურის ნორმალურ ვენტილაციასა და შესაძლებელია გამოიწვიონ სმენის დაქვეითება. მეტყველება ირღვევა, ხმა კარგავს ჟღერადობას და აქვს დუდღუნა ელფერი. ადრეული ასაკის ბავშვები ძნელად ეუფლებიან მეტყველებას. ხშირია ჩივილები თავის მუდმივ ტკივილზე. ცხვირიდან სეროზული სეკრეტის გამოყოფა იწვევს ზედა ტუჩის კანის მაცერაციასა და შეშუპებას, ზოგჯერ ეგზემას. პირი მუდმივად ღიაა, ქვედა ყბა დაშვებულია, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი გადასწორებულია, მოგვიანებით სტადიებში სახის გამომეტყველება იცვლება, პირის კუთხეებიდან გადმოედინება ლორწო, რაც ბავშვის სახეს აძლევს განსაკუთრებულ შესახედაობას, რომელსაც ,,ადენოიდური სახე” ეწოდება. პირით მუდმივი სუნთქვა იწვევს სახის ქალას დეფორმაციას. ასეთ ბავშვებში აღინიშნება არასწორი თანკბილვა, მაღალი ე. წ. გოთური სასა. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო გულმკერდი დროთა განმავლობაში დეფორმირდება, ირღვევა ფილტვების ვენტილაცია, ქვეითდება სისხლის ოქსიგენაცია, კლებულობს ერითროციტების რაოდენობა და ჰემოგლობინის შემცველობა. ადენოიდების დროს ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება, ვითარდება ანემია, ღამით შარდის შეუკავებლობა, სახის კუნთების ქორეის მსგავსი მოძრაობები, ლარინგოსპაზმი, ასთმური შეტევები, ხველა. ზოგჯერ ვითარდება მწვავე ადეოიდიტი (ხახის ნუშის ანგინა), რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 39 გრადუსამდე და ზევით. ვლინდება სიმშრალის, ჩაფხაჭნისა და წვის შეგრძნება ცხვირ-ხახაში. ავადმყოფებს აღენიშნებათ ტკივილი ყურებში, შეტევითი ხველა; რეგონალური ლიმფური კვანძები გადიდებული და პალპაციით მტკივნეულია. ადრეული ასაკის ბავშვებში ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, დისპეფსია. დაავადება გრძელდება 3-5 დღე; ხშირია მწვავე ადენოიდების გართულება – ევსტაქიიტი. ხშირი რესპირატორული დავადებების შედეგად, მწვავე ადეოიდიტებისა და განსაკუთრებით გამოხატული ალერგიის დროს, წარმოიქმნება ქრონიკული ადენოიდიტი. ამ დროს ბავშვი მოთენთილია, მადა დაქვეითებული აქვს, საკვების მიღების დროს აღებინებს. ცხვირხახიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი იწვევს რეფლექტორულ ხველას, განსაკუთრებით ღამით. სხეულის ტემპერატურა ხშირად სუბფებრილურია, რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებულია. ანთებითი პროცესი ცხვირ-ხახიდან სწრაფად ვრცელდება ცხვირის დანამატ წიაღებში, ხახაში, ხორხში, ქვედა სასუნთქ გზებში, რის გამოც ხშირია ბრონქ-ფილტვის დააავდებები.
დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება უკანა რინოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ზომის მიხედვით ადენოიდები იყოფა სამ ხარისხად: I ხარისხი – ადენოიდები მცირე ზომისაა, ფარავენ სახნისის ზედა მესამედს; II ხარისხი – ადენოიდები საშუალო ზომისაა, ფარავენ სახსნისის ორ მესამედს; III ხარისხი – დიდი ზომის ადენოიდები, რომლებიც ფარავენ ან თითქმის ფარავენ სახნისს.

მკურნალობა ქირურგიულია. ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობის შემდეგ აღინიშნება რეციდივები, ასეთ დროს ქირურგიულ მკურნალობას ატარებენ მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ფონზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1803 times by 1005 viewers



