ლალი დათეშიძე
ჰემორაგიული ვასკულიტი - ეტიოლოგია სრულად დადგენილი არ არის. მნიშვნელობა ენიჭება მწვავე და ქრონიკულ ინფექციებს, ტოქსიკურ-ალერგიულ ფაქტორებს. პათოგენეზი რთულია. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ტოქსიკური სუბსტანციების წარმოქმნას, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლძარღვის კედელზე, ზრდიან მათ განვლადობას. გარკვეული როლს ასრულებს სისხლძარღვის კედლის იმუნოკომპლექსური დაზიანება.
კლინიკური სურათი. დაავადება ხშირად იწყება უეცრად, იშვიათად ხანმოკლე პროდრომული პერიოდის შემდეგ (შემცივნება, თავის ტკივილი, სისუსტე), ჩვეულებრივ, ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ (გრიპი, ანგინა და სხვ.). მნიშვნელოვანი სიმპტომია კანზე პაპულოზურ-ჰემორაგიული, ზოგჯერ კი ბულოზური გამონაყარი. კანის გამონაყარი სიმეტრულია, ლოკალიზებულია ფეხებზე, სახსრების ირგვლივ, თუმცა შესაძლებელია იყოს ტანზე, სახეზე, ხელებზე; დამახასიათებელია დისტალური განლაგება. გამონაყრის გაქრობის შემდეგ კანზე რჩება პიგმენტაცია. ხშირია კანის ქავილი, პარესთეზიები. არაიშვიათად ბავშვებში პურპურასთან ერთად ვლინდება მტევნების, ტერფების, წვივების კვინკეს ტიპის შეშუპება. სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია; ჰემატურიის არსებობა მიუთითებს ჰემორაგიული ნეფრიტის თანდართვაზე. ხშირი სიმპტომია ტკივილი მუცელში, შესაძლებელია ღებინება სისხლის შერევით, შავი განავალი. აღინიშნება სახსრების ტკივილი და შეშუპება. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით, ეოზინოფილია, ალბუმინურ-გლობულინური მაჩვენებელი დაქვეითებულია მით უფრო, რაც მძიმეა დაავადება, პროთრომბინი დაქვეითებულია, მომატებულია კაპილარების განვლადობა. ხშირად ავადდებიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები. დაავადების ხანგრძლივობაა 2-3 კვირიდან რამდენიმე წლამდე. განასხვავებენ მწვავე (30-40 დღემდე), ქვემწვავე (2 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში), ქრონიკულ და მორეციდივე მიმდინარეობას, ასევე აქტიურობის 3 ხარისხს: პირველი ხარისხი (მინიმალური), მეორე ხარისხი, რომლის დროსაც ექსუდაციური კომპონენტი გამოხატულია მკაფიოდ, და მესამე ხარისხი (უხვი ექსუდაციურ-ჰემორაგიული გამონაყარი, ვეზიკულურ ნეკროზულ ელემენტებთან; პოლიართრიტი; მძიმე აბდომინური სინდრომი სისხლიანი ღებინებითა და სისხლიანი განავლით; თირკმელების, ღვიძლის სისხლძარღვების, თვალის გარსების, ასევე ნერვული და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება). აუცილებელია დიფერენცირება ვერლჰოფის დაავადებისაგან და ჰემოფილიისაგან.
მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, არა მხოლოდ მწვავე პერიოდში, არამედ გამონაყრის გაქრობიდან 1-2 კვირის მანძილზე. იმ დროს, როდესაც დადგენილია კავშირი ინფექციასთან, იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. ჰიპოსენსიბილიზაციის მიზნით ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები. პროგნოზი მთლიანობაში კეთილსაიმედოა, მაგრამ სერიოზული ხდება აბდომინური, ღვიძლისმიერი ან ცერებრული სინდრომის განვითარების დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 4099 times by 2097 viewers



