მკურნალობა უცხოეთში


ტუბერკულოზი (ბავშვებში) tuberculosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ადრეული ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია. დაღლილობა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, სხეულის მასის ცუდი მატება, არამყარი სუბფებრილიტეტი. ელასტიკური კონსისტენციის გადიდებული პერიფერიული ლიმფური კვანძები; ზოგჯერ პერიადენიტის მოვლენები.

 ტუბერკულოზური გრანულომა

მრავალ ბავშვში ვლინდება ბრონქიტი, ტაქიკარიდია, პატარა ბავშვებში – დისპეფსური მოვლენები, ტკივილი მუცელში, ზოგჯერ ღვიძლისა და ელენთის გადიდება. მანტუს სინჯი მყარად დადებითია, ხშირად მისი ინტენსივობა მატულობს. სისხლშილიმფოციტოზი, ეოზინოფილია, ედსის მომატება. ალბუმინების ცილოვანი ფრაქცია შემცირებულია, გლობულინებისა და ფიბრინოგენის – მომატებულია. ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება. გამოსავალი: გამოჯანმრთელება მკურნალობის გარეშე, გადასვლა ქრონიკულ ტუბერკულოზურ ინტოქსიკაციაში, ტუბერკულოზის ლოკალურ ფორმებში.

ქრონიკული ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია. დამახასიათებელია მოთენთილობა, გაღიზიანებადობა, სუბფებრილიტეტი, კანის საფარველის სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება, ქსოვილთა ტურგორის დაქვეითება, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. პერიფერიული ლიმფური კვანძები გამკვრივებული და გადიდებულია, შეცვლილი აქვთ კონფიგურაცია, ზოგჯერ ერწყმიან ერთმანეთს. მანტუს სინჯი დადებითია 1 წელზე მეტხანს, მაგრამ ლოკალურ ფორმასთან შედარებით ნაკლები ინტენსივობისაა. დაავადება ხშირია უფროსი ასაკის ბავშვებში, მიმდინარეობს ხანგრძლივად, ტალღისებურად. ამ პერიოდში ხშირია მორეციდივე ფლიქტენები, ქრონიკული ბლეფარიტები, კერატოკონიუნქტივიტები. აუცილებელია დიფერენცირება ქრონიკულ ტონზილიტებისაგან, ჰაიმორიტისაგან, ლატენტურად მიმდინარე რევმატიზმისაგან, ქრონიკული ქოლეცისტიტისაგან, პიელონეფრიტისაგან, კვებისა და მონელების ქრონიკული დარღვევებისაგან.

ტუბერკულოზური კომპლექსი. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე; ზოგჯერ მიმდინარეობს მწვავე პნევმონიის, გრიპის, პლევრიტის სახით; შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც. ტემპერატურული რეაქციის ხასიათი და ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მცირედ ზიანდება, იშვიათად აღინიშნება ინტოქსიკაციის მოვლენები, ხველა, ქოშინი. ფიზიკალური მონაცემები შედარებით ღარიბია. ზოგჯერ ვლინდება პერკუტორული ხმიანობის შემოკლება, ამ მიდამოში მცირედ შესუსტებული ან მკვრივი სუნთქვა. იშვიათად მოისმინება სველი და მშალი ხიხინი. სისხლშილეიკოციტოზი, ზომიერი ნეიტროფილოზი, ედსის მომატება, ხოლო პროცესის ჩაცხრომის დროს – ეოზინოფილია და ლიმფოციტოზი. მანტუს სინჯი დადებითია. რენტგენოლოგიურად ვლინდება ჩრდილები; არაიშვიათად პირველადი კომპლექსი გართულებულია პლევრიტით, იშვიათად ვლინდება შემოსაზღვრული ჰემატოგენური ან ლიმფურ-ჰემატოგენური დისემინაციები, ჩვეულებრივ, დაზიანებულ მხარეზე. განასხვავებენ ინფილტრაციულ ფაზას, რომელიც თანდათანობით გადადის გამკვრივებისა და გაწოვის ფაზაში. შემდეგ მოჰყვება პეტრიფიკაციის ფაზა.

გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე პირველადი ტუბერკულოზური კომპლქსი. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და პროცესის გავრცელებაზე ლიმფურ კვანძებში და ფილტვის ფესვში. პირობითად განასხვავებენ ინფილტრაციულ და სიმსივნურ (ტუმოროზული) ბრონქოადენიტს. ეს უკანასკნელი გვხვდება ადრეული ასაკის ბავშვებში, ზოგჯერ მოზარდებში. დაავადების დასაწყისი ქვემწვავეა. აღინიშნება ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ზოგადი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, მადის დაქვეითება; ბრონქოადენიტი საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ნაკელებსიმპტომურად. ბრონქოადენიტის ინფილტრაციული ფორმის დროს პერკუტორული და აუსკულტაციური სიმპტომები არ აღინიშნება, ისინი გვხვდება მხოლოდ ტუმოროზული ბრონქოადენიტის გამოხატული ფორმების დროს. გაჭყლეტის სიმპტომების არსებობისას აღინიშნება ექსპირატორული სტრიდორი, ბიტონალური და ყივანახველისებრი ხველა. კაპილარული ქსელის გაფართოება კისრის VII და გულმკერდის 1 მალის მიდამოში (ფრანკის სიმპტომი) ან კანქვეშა ვენების გაფართოება მკერდისა და ზურგის ზედა ნაწილში. აღინიშნება პერკუტორული ხმის შემოკლება პარავერტებრალურ მიდამოში.  პერკუტორული ხმიანობის შემოკლების მიდამოში სუნთქვა შესუსტებული ან მკვრივია. იშვიათად მოისმინება მშრალი ხიხინი. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფესვის ზომების გადიდება, ფესვის ჩრდილი ნაკლებად დიფერენცირებულია. ტუბერკულოზური ბრონქოადენიტის დროს ვლინდება ლიმფური კვანძის იზოლირებული ჩრდილი ან ბორცვისებრი გამობერვა, რაც კარგად ჩანს რენტგენოგრამაზე გვერდით მდებარეობაში. დამახასიათებელია ცალმხრივი დაზიანება. ტომოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ბრონქის, ასევე ლიმფური კვანძის დეფორმაცია. სისხლში ისეთივე ცვლილებებია, როგორიც პირველადი კომპლექსის დროს. ტუბერკულოზური ბრონქოადენიტისა და პირველადი კომპლექსის განსაკუთრებით ხშირი გართულებაა ტრაქეისა და ბრონქების ცვლილებები, რომლებიც მდებარეობენ დაზიანებულ ტუბერკულოზურ კვანძებთან. ცვლილებებს აქვთ ენდობრონქიტის ხასიათი, რომელიც მიმდინარეობს ინფილტრატის, წყლულის, ფისტულისა და ნაწიბურების ფორმით. ბრონქებიტუბერკულოზის კლინიკური სიმპტომები შეიძლება არ აღინიშნებოდეს; გამოხატული დაზიანების დროს აღინიშნება მშრალი ხველა, სტრიდორული სუნთქვა, ატელექტაზების განვითარება ან ფილტვების ემფიზემა.

მწვავე მილიარული ტუბერკულოზი უფრო დამახასიათებელია ადრეული ასაკის ბავშვებისათვის და მიმდინარეობს მწვავე ინფექციური დაავადების სახით. პროცესის საერთო მილიარიზაციის მაუწყებელია

 მანტუს სინჯი

ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნები: სისუსტე, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზოგჯერ ცხელება. ზოგჯერ დაავადება იწყება მწვავედ, მძიმე ზოგადი მოვლენებით, ტემპერატურა მატულობს მაღალ ციფრებამდე, ვლინდება ქოშინი, ციანოზი; პულსი გახშირებული და სუსტია. ფილტვებში ფიზიკალური მონაცემები სუსტადაა გამოხატული; ღვიძლი და ელენთა გადიდებულია. ზოგჯერ კანზე აღნიშნება ტუბერკულიდები. სისხლში – ნეიტროფილების მარცხნივ გადახრა, ედსის მომატება. მანტუს სინჯი დადებითიდან ზოგჯერ ხდება უარყოფითი. რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება ფილტვის ველის გამჭირვალობის დიფუზური

 მილიარული ტუბერკულოზი

დაქვეითება ან სიმეტრულად განლაგებული მილიარული გამონაყარი ორივე ფილტვში. მწვავე მილიარული ტუბერკულოზი ხშირად რთულდება მენინგიტით, პლევრიტითა და სხვა ორგანოების დაზიანებით. დიფერენციალურ დიაგნოზი ტარდება გრიპთან, მწვავე ინტერსტიციულ პნევმონიასთან, ტოქსიკურ-სეპტურ მდგომარეობებთან.

ფილტვების ჰემატოგენურ-დისემინირებული ტუბერკულოზი (ქვემწვავე და ქრონიკული). უფროსი ასაკის ბავშვებში დაავადება ვითარდება თანდათანობით და ხშირად შეუმჩნევლად. პროცესის დასაწყისში ვლინდება ზოგადი ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: დაღლილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება. ვლინდება კანის სიფერმკრთალე, ბავშვები წონაში იკლებენ. ტემპერატურა 380C-მდეა ან აღინიშნება სუბფებრილიტეტი. რიგ შემთხვევებში დაავადება მიმდინარეობს განმეორებითი რესპირატორულ-ვირუსული დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტების სახით. ფილტვების პერკუსიით – ტიმპანური ხმიანობა, ფილტვის კიდეების მოძრაობის შეზღუდვა. აუსკულტაციური ცვლილებები ღარიბია; სუნთქვა ზოგ ადგილებში მკვრივია, აღინიშნება მშრალი ხიხინი, იშვიათად სველი, გაფანტული ხიხინი. ღვიძლი და ელენთა გადიდებულია. რენტგენოლოგიურად ვლინდება სხვადასხვა სიდიდისა და სიმკვრივის კერები, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული ორივე ფილტვში; ზოგჯერ აღინიშნება ემფიზემა. ხშირად აღინიშნება ექსუდაციური პლევრიტი, ლიმფადენიტი. ტუბერკულოზური სინჯები დადებითია.

ტუბერკულოზური მენინგიტის განვითარებაში გამოყოფენ შემდეგ პერიოდებს: პროდრომული, გაღიზიანებისა და პარალიზური. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება ზომიერი სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანებადობა, სიფერმკრთალე, მადის გაუარესება, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. მენინგიტის პირველი პერიოდის განსაკუთრებულად ტიპიური სიმპტომია ღებინება, მუდმივი თავის ტკივილი; აღინიშნება შეკრულობა; ტემპერატურა ნორმალური ან მომატებულია. შემდეგ ვლინდება ვაზომოტორული დარღვევები წითელი დერმოგრაფიზმის სახით, ზოგჯერ ერითემით სხეულზე (ტრუსოს ლაქები). ვითარდება ჰიპერესთეზია, მკვეთრად ძლიერდება თავის ტკივილი. გამოხატულია ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნები: კეფის კუნთების რიგიდობა, კერნიგის, ბრუძინსკის, ლასეგის სიმპტომები. ამავე პერიოდში აღინიშნება თვალის სიმპტომები – ქალას ნერვების პარეზი, ფართოდ გახელილი ქუთუთოები, იშვიათი ხამხამი, შეჩერებული მზერა, ნისტაგმი, სიელმე. პულსი შენელებულია, მუცელი ჩავარდნილია. შედგომში ვლინდება დამბლის პერიოდი: გამოხატული ძილიანობა, პროსტრაცია, შესაძლებელია კრუნჩხვები, ქუთუთოების პტოზი, სუნთქვის დარღვევები. ავადმყოფი ბავშვი წევს გვერდზე, უკან გადაგდებული თავით. ბავშვებს სიცოცხლის პირველ 3 წელს ხშირად აღენიშნებათ მწვავე დასაწყისი, მოუსვენრობა, და არა ძილიანობა, რაც დამახასიათებელია უფროსი ასაკისათვის. დაავადების პერიოდების ხანგრძლივობა მოკლეა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდროცეფალიის ადრეულ სიმპტომებსა და კრუნჩხვების წარმოქმნას დაავადების პირველ 2 კვირას. დიაგნოსტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავზურგტვინის სითხის გამოკვლევას. ტუბერკულოზური მენინგიტის დროს სითხე გამჭირვალეა, ცილა მომატებულია 0,033 – 0,09%; მცირედი პლეოციტოზი, საწყის პერიოდში აღინიშნება შერეული ლიმფოციტურ-ნეიტროფილური, მოგვიანებით – ლიმფოციტული. შაქარი ეცემა 15 – 45 მგ%-მდე, ქვეითდება ქლორიდებიც. მნიშვნელოვანია აგრეთვე მანტუს დადებითი სინჯი. არაიშვიათად ტუბერკულოზური მენინგიტი ძნელად განირჩევა მენინგიტის სხვა ფორმებისაგან. პირველ რიგში საჭიროა გამოირიცხოს ვირუსული სეროზული მენინგიტები, შემდეგ კი მენინგოკოკური და ჩირქოვანი მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი.

ტუბერკულოზური პლევრიტი. სეროზული პლევრიტის დასაწყისი მწვავეა, მატულობს ტემპერატურა, ტკივილი გვერდში, აღინიშნება მშრალი ხველა, ქოშინი. დაზიანებული გვერდი ჩამორჩება სუნთქვაში. პერკუსიით აღინიშნება ხმიანობის შემოკლება, ვლინდება სოკოლოვ-დამუაზოს ხაზები, გროკო-რაუხფუსის სამკუთხედი. სუნთქვა შესუსტებულია ან არ აღინიშნება ექსუდატის ზევით – ზოგჯერ ბრონქული ელფერით. პლევრის ხახუნი აღინიშნება დაავადების დასაწყისში და ექსუდატის გაწოვის დროს; მანტუ დადებითია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება დამახასიათებელი სურათი. პუნქციით მიღებულ სეროზული სითხე ხასიათდება ლიმფოციტების სიჭარბით, დაავადების დასაწყისში კი შესაძლოა სჭარბობდეს ნეიტროფილები. ზოგჯერ ექსუდატში ვლინდება ტუბერკულოზის მიკობაქტერია. აუცილებლობის დროს საჭიროა დათესვა; სისხლშილეიკოციტოზი და ედსის მომატება. ფიბროზული პლევრიტი ბავშვებში საკმაოდ ხშირია. დაავადება ხშირად იწყება ქვემწვავედ, მატულობს ტემპერატურა, ვლინდება სისუსტე, მშრალი ხველა, ტკივილი გვერდში, მოისმინება პლევრის ხახუნი.

მეზენტერული ლიმფური კვანძები ძირითადი ჩივილებია პერიოდული ტკივილი მუცელში, ხშირად ჭიპის არეში, რომელიც არ უკავშირდება საკვების მიღებას. ხშირია შეკრულობები, იშვიათად ფაღარათი, ზოგჯერ გულისრევა, ღებინება. ყოველთვის აღინიშნება ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის მოვლენები. პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა მუცლის ღრუს სხვადსხვა ადგილზე, რექტალური გამოკვლევით ზოგჯერ მოისინჯება ღრმად მდებარე გადიდებული ლიმფური კვანძი. დიაგნოსტიკაში გვეხმარება ნაწლავის კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ტუბერკულინური სინჯები დადებითია.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება არასპეციფიკურ მეზადენიტთან, ქრონიკულ აპენდიციტთან, ქოლეცისტიტთან, ფსევდოტუბერკულოზთან, მუცლის ღრუს ახალწარმონაქმნებთან, ნაღვლკენჭოვან და თირკმლის კენჭოვან დაავადებებთან, ჭიებით ინვაზიასთან.

პერიფერიული ლიმფური კვანძებიტუბერკულოზი. ტუბერკულოზური ლიმფადენიტი ვითარდება ბავშვებში მიმდინარე პირველადი ტუბერკულოზის პერიოდში ინფექციის ლიმფოგენურ-დისემინირებული გავრცელების დროს. შესაძლებელია კისრის ან ხერხემლის ლიმფური კვანძების პირველადი იზოლირებული დაზიანება, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის შეღწევისას ნუშურებიდან ან პირის ღრუდან. იღლიისქვეშა და საზარდულის ლიმფური კვანძები ზიანდება იშვიათად. დაავადების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ადგილობრივ ცვლილებებზე ლიმფურ კვანძებში და საერთო ტუბერკულოზური პროცესის აქტიურობაზე. ინფილტრაციული პროცესის დროს ან კვანძის დაშლის პერიოდში ბავშვის საერთო მდგომარეობა უარესდება, აღინიშნება ტემპერატურის მომატება, წონაში დაკლება, ჩნდება ხველა, მატულობს ედსი. მატულობს მანტუს სინჯის ინტენსივობაც. პალპაციით მოისინჯება მკვრივი, მოძრავი, უმტკივნეულო, ხშირად ერთმანეთთან შეერთებული ლიმფური კვანძები. კაზეოზური დაშლის დროს ხდება კვანძების გამოთავისუფლება და ნაწიბურების წარმოქმნა. ადრეული ასაკის არანამკურნალებ ბავშვებში ლიმფური კვანძები შესაძლებელია გაიწოვოს, ფისტულების წარმოქმნითა და შემდგომი ხანგრძლივი მიმდინარეობით. რიგ შემთხვევებში საჭიროა ტუბერკულოზური ლიმფადენიტის დიფერენცირება ლიმფოგრანულომატოზისაგან, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნებისაგან.

ტუბერკულოზის მკურნალობა კომპლექსურია, ხანგრძლივი, უწყვეტი, ეტაპური. აუცილებელია რეჟიმის დაცვა: საკმარისი ძილი, დღის დასვენება, სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნა. ორგანიზმის გასაკაჟებლად გამოიყენება სუფთა ჰაერის აბაზანები, წყლის პროცედურები, სამკურნალო ფიზკულტურა. საჭიროა ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების შემცირება. მხოლოდ ტუბერკულოზის დეკომპენსირებული ფორმების დროს, ან დაავადების მწვავე პერიოდში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სუფთა ჰაერის ფართო გამოყენებით. კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ცხოველურ ცილებს, ასევე ხილს, ბოსტნეულსა და ვიტამინებს, განსაკუთრებით С, В1, В2, А და ნიკოტინის მჟავას. В ჯგუფის ვიტამინების დანიშვნა შესაძლებელია საფუარის სასმელის სახით. რეკომენდებულია დღიური კალორაჟის გაზრდა 15-20%-ით. მკურნალობის ძირითადი მეთოდია ტუბერკულოსტატიკური პრეპარატების გამოყენება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები


Leave a Reply

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka