ახალშობილთა სეფსისი

ახალშობილთა სეფსისი neonatal sepsis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ახალშობილთა სეფსისი განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულ ბავშვებში.

ახალშობილთა სეფსისი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია სხვადასხვა პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები. ნაყოფისა და ახალშობილის დაინფიცირება შესაძლებელია მოხდეს ანტე-, ინტრა – და პოსტნატალურ პერიოდებში. სეფსისი განვითარებაში დიდ როლს ასრულებს დედებში მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, სხვადასხვა სამეანო ჩარევები, ხანგრძლივი უწყლო პერიოდი, ენდომეტრიტი, ჩირქოვან-ანთებითი კერები და სხვ. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია მუცელშიგა ჰიპოქსია, ქალაშიდა სამშობიარო ტრავმა, ახალშობილის უმწიფარობა, ახალშობილიკანის დაზიანება სამეანო ოპერაციების დროს, ასევე ისეთი მანიპულაციები, როგორიცაა ინტუბაცია, ლავიწქვეშა და ჭიპის ვენების კათეტერიზაცია და სხვ. პროცესის გენერალიზაციაში დიდ როლს ასრულებს ვირუსული ინფექცია. შეჭრის კარია კანის, ლორწოვანი გარსების ჭრილობითი დაზიანება, ჭიპის ჭრილობა და ჭიპის სისხლძარღვები, ასევე დაუზიანებელი

 სეფსისი

კანი და ზედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსები. მუცელშიგა სეფსისის დროს ინფექციის კერა ლოკალიზებულია პლაცენტაში ან ორსულის რომელიმე ორგანოში. არაიშვიათად პირველადი სეპტიკური კერისა და შეჭრის კარის დადგენა ვერ ხერხდება. პროცესი შესაძლებელია მიმდინარეობდეს სეპტიცემიის ტიპით ან სეპტიკოპიემიით. სეპტიცემია ხასიათდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია/”>ინტოქსიკაციით ლოკალური ჩირქოვან-ანთებითი კერების გარეშე, მაშინ როდესაც სეპტიკოპიემიის დროს ვლინდება პიემიური კერები (აბსცესები, ფლეგმონები, ოსტეომიელიტი, დესტრუქციული ტიპის პნევმონია პლევრალური გართულებებით, ჩირქოვანი მენინგიტი, ოტიტი და სხვ.).

ახალშობილთა სეფსისი კლინიკური სურათი. როგორც წესი, სეფსისი ახალშობილებში მიმდინარეობს მძიმედ. განასხვავებენ მწვავე (3-4 კვირის განმავლობაში), ქვემწვავე (1,5-3 თვის), გახანგრძლივებულ (3 თვეზე მეტხანს) და ელვისებურ მიმდინარეობას. შეჭრის კარის მიხედვით განასხვავებენ ჭიპისმიერ, კანის, ფილტვის, ნაწლავისმიერ, ოტოგენურ სეფსისს. თუკი პათოლოგიური პროცესი ანტენატალურ პერიოდში წარმოიქმნება და ბავშვი უკვე დაიბადა ავადმყოფი, მისი მდგომარეობა მძიმეა: აღინიშნება წამოქაფება, ღებინება, ტემპერატურის მომატება, კანის მორუხო შეფერვა, არაიშვიათად პემფიგუსის ტიპის დერმატიტი, ჰემორაგიული გამონაყარი, სიყვითლე, შეშუპება, ექსკიკოზი, ღვიძლისა და ელეთის გადიდება, წონაში დაკლება, სანაყოფე წყლების მომწვანო შეფერვა; ან ბავშვი იბადება მკვდარი. სეფსისი, რომელიც განვითარდა ინტრა – და პოსტნატალურ პერიოდში, ხშირად ხასიათდება დაავადების თანდათანობითი დაწყებით – საერთო მდგომარეობის გაუარესებით ბავშვის სიცოცხლის პირველ ან მეორე კვირაზე; აღინიშნება კანის სიფერმკრთალე, წამოქაფება, სუბფებრილური ტემპერატურა ან ჰიპოთერმია, სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირება, სიყვითლის გახანგრძლივება და გაძლიერება, ლორწოვან გარსებზე პიოდერმია. აღინიშნება ჭიპის მუმიფიკაციის შეჩერება და გამონადენი, ომფალიტი, ხანგრძლივი სისხლდენა ჭიპის ჭრილობიდან, გვიანი ეპითელიზაციით, ინტერსტიციალური პნევმონია და სხვ. კლინიკური სიმპტომების გაძლიერება ხშირად მიმდინარეობს ჭიპის სისხლძარღვების ირგვლივ მზარდი ცვლილებებით – მუცლის კედლის შეშუპება ან პასტოზურობა, კანის ჰიპერემია, კანქვეშა ვენური სისხლძარღვების ქსელის გაძლიერება, ჭიპის ვენის ან არტერიის გასქელება, სისხლდენა ჭიპის ჭრილობიდან. თუკი სეპტიცემიის დროს სჭარბობს სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ, ასევე აღინიშნება გადახრები ჰომეოსტაზში, მაშინ სეპტიკოპიემია ხასიათდება სხვადასხვა პიემიური კერების არსებობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის სისხლიდან გამომწვევის გამოყოფა, მაგრამ არააუცილებელი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია. პერიფერიულ სისხლში ხშირად აღინიშნება ანემია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, არაიშვიათად ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა; შარდში – გარდამავალი ალბუმინურია, ბაქტერიო – და ლეიკოციტურია. დიაგნოზი ეყდნობა ინფიცირების ნიშნებს ანტე – და ინტრანატალურ პერიოდებში, ინფექციის რამდენიმე კერის არსებობას, ზოგადი სიმპტომების გამოხატულებას, ჰემოკულტურის ამოთესვას, დისგამაგლობულინემიას.

ახალშობილთა სეფსისი – მკურნალობა. საჭიროა ავადმყოფთა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. სასურველია დედის რძით კვება. მძიმე შემთხვევებში ხსნარები შეჰყავთ პარენტერალურად. განმეორებითი ასფიქსიის დროს ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ღებინება, ნაწლავის პარეზი, რძის შეყვანამდე ან სითხის შეყვანამდე აწარმოებენ ლორწოს ამოქაჩვას ზედა სასუნთქი გზებდან, კუჭის ამორეცხვას. განსაკუთრებული თერაპიული ეფექტი გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს; მკურნალობა გრძელდება მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. საჭიროების მიხედვით ტარდება ადრეული ქირურგიული მკურნალობა. პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა აღწევს 10-20%-ს.

ახალშობილთა სეფსისი – პროფილაქტიკაორსულობის მიმდინარეობის კონტროლი, სათანადო რეჟიმის დაცვით, დაავადებების დროულად გამოვლენა; ინტრა – და პოსტნატალური ინფიცირების პროფილაქტიკა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

პედიატრიული დაავადებები