ბრუცელოზი

ბრუცელოზი brucellosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბრუცელოზიზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადება; ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული და სასქესო სისტემების დაზიანებით.

ბრუცელოზიეტიოლოგია, პათოგენეზი. ცნობილია ბრუცელების 6 სახე. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თხებისა და ცხვრების ბრუცელებს (Br. Melitensis), შემდეგ კი – მსხვილი რქოსანი პირუტყვისა (Br. Abortis bovis) და ღორების (Br. Abortis suis). გამომწვევი მდგრადია გარემოში, ასევე საკვებ პროდუქტებში (რძე, ბრინზა). დასნებოვნება ხდება ალიმეტური გზით ან კანის მიკროდაიზანებით. გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში, იწვევს ალერგოპათიასა და კერების ფორმირებას სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებში.

ბრუცელოზიეპიდემიოლოგია. ბრუცელოზის მოსახლეობაში გავრცელება დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის ცხოველების ამ დაავადებით დაზიანების ხარისხზე. ამ ცხოველებში ბრუცელოზით დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან გამოვლინდეს ცხელებით, მასტიტებით  (განსაკუთრებით თხებში), ართრიტებით, თვითნებური აბორტებით.

ადამიანის დასნებოვნება ბრუცელოზით დაავადებული საქონლიდან და თხებიდან ხდება ახალი რძის ან რძის პროდუქტების გამოყენებისას, ცხვრებისგან-ნაკლებად დამუშავებული მატყლის გამოყენებისას. გარდა ამისა, დასნებოვნება შესაძლებელია საკვებად დაავადებული ცხოველების არასათანადოდ მომზადებული და დამუშავებული ხორცის გამოყენებით, საქონლის მოვლის შედეგად (მესაქონლეები, მწველავები), აბორტირებული პირუტყვის დახმარებისას (ვეტერინარების პროფესიული დაავადება).

ბრუცელოზისიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 6-დან 30 დღემდე. ზოგიერთ ავადმყოფს, 3-4 დღის განმავლობაში, აღენიშნება პროდრომული პერიოდი, რაც გამოიხატება შეუძლოდ ყოფნით, მადის დაკარგვით, ძილიანობის დარღვევით, გაღიზიანებადობით. შემდგომ, 3-7 დღის განმავლობაში, ავადმყოფის ტემპერატურა მატულობს 38,5-39,5 გრადუსამდე. პაციენტთა დაახლოებით 20%-ში ბრუცელოზი იწყება ძალიან მწვავედ. შემდგომში ტემპერატურული მრუდი შესაძლოა განვითარდეს ერთ-ერთი შემდეგი ტიპის მიხედვით: 1) ტალღისებური (,,უნდულირებული”), რაც ძირითადად დამახასიათებელია ცხვრისა და თხის ტიპის ბრუცელოზისთვის. 2) რემისიული 3) ინტერმისიური 4) მუდმივი (რომლის დროსაც დილის და საღამოს ტემპერატურის ცვალებადობა 1 გრადუსზე ნაკლებია). ეს უკანასკნელი გვხვდება იშვიათად. დაავადების დაწყებიდან პირველი 7-10 დღის განმავლობაში დამახასიათებელია შეუსაბამობა მაღალ ტემპერატურულ რეაქციასა და ავადმყოფების ზოგად, საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას შორის; ავადმყოფები ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ შრომისუნარიანობას. პირველ 10 დღეში, ავადმოფების ჩივილები მოიცავს საერთო სისუსტეს, წელის, გავა-წელის სახსრის მიდამოს, კისრის კუნთების ტკივილს, მნიშვნელოვან ოფლიანობას, რომლის გამოვლინებაც ადვილად ხდება ავადმყოფის ობიექტური გამოკვლევით. კანის, განსაკუთრებით ხელისგულების, სისველე აღინიშნება ტემპერატურის ნორმამდე დაქვეითების პირობებშიც კი. დაავადების დაწყებიდან დაახლოებით მე-15-მე-16 დღეზე, ბრუცელოზის კლინიკური გამოვლინებები საკმაოდ მკაფიოდ ვლინდება. მიღებულია განვასხვავოთ მწვავე ბრუცელოზი, რომელიც გრძელდება 3 თვემდე, ქვემწვავე (გახანგრძლივებული) ფორმა, რომელიც გრძელდება 3-6 თვე და ქრონიკული ბრუცელოზი (მათ შორის მორეციდივე მიმდინარეობითა და ინფექციის გენერალიზაციით, ბექტერიემიით), რომელიც გრძელდება 2 წლამდე (იშვიათად 3-4 წელი).

მწვავე ბრუცელოზის კლინიკური სიმპტომების განვითარების პიკზე, აღინიშნება პაციენტების გაღიზიანებადობა, ავადმყოფების ჩივილები მრავალფეროვანია, ვლინდება ოფლიანობა, ტკივილები შედარებით მსხვილ სახსრებშიც. ავადმყოფთა 75%-ს აღენიშნებათ პერიფერიული ლიმფური კვანძების ზომაში მომატება და პალპაციით მტკივნეულობა, თუმცა ისინი ერთმანეთთან და კანქვეშა ქსოვილთან შეხორცებას არ განიცდიან. სახსრების დაზიანება ვრცელდება უპირველესად (ან მხოლოდ) მსხვილ სახსრებზე; ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის, შემდეგ-კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, ხოლო სხვებზე იშვიათად-იდაყვის სახსრები; ზოგიერთ ავადმყოფში ბრუცელოზი აზიანებს გავა-თეძოს შესახრებას. დაზიანებულ სახსრებში აღინიშნება ხანგრძლივი ტკივილები, რომლებიც ძლიერდება მოძრაობისას. დაზიანებული სახსრის კონფიგურაცია იცვლება, მისი კიდეების გადასწორებულია გარშემო რბილი ქსოვილების შეშუპებით და ანთებითა (პერიართრიტი); კანი აღნიშნულ სახსრებზე სხვებთან შედარებით ცხელია, მცირეოდენ ბზინვარებს, შესაძლებელია მიიღოს მოვარდისფრო ელფერი. ერთდროულად ზიანდება მხოლოდ 1-2 სახსარი, შემდგომ ზიანდება სხვა მსხვილი სახსრები. არც თუ იშვიათად აღინიშნება ბურსიტები, ცელულიტები, ტენდოვაგინიტები. შესაძლებელია მსხვილი ძვლების, მათ შორის ხერხემლის დაზიანებაც (ოსტეოპერიოსტიტი). მყარი მიმდინარეობისას ვითარდება კონტრაქტურები და ანკილოზები. პალპაციით ვლინდება პატარა მკვრივი კვანძები (უჯრედების დაგროვება, ფიბროზიტები), რომლებიც განლაგებულნი არიან გავის, მტევნების, ნეკნების გასწვრივ. პერიფერიულ სისხლში ნახულობენ ლეიკოპენიას, ანეოზინოფილიას, ნეიტროპენიას, ედს-ის მომატებას. ბრუცელოზის წინააღმდეგ აცრილებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. თუკი ავადმყოფს ადრეული პერიოდიდანვე უტარდება ეფექტური მკურნალობა, დაავადება შესაძლებელია დასრულდეს მწვავე ბრუცელოზის სტადიაზე. აღნიშნული მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, დაავადება გადადის სუბქრონიკული, ქვემწვავე ბრუცელოზის სტადიაში. დაავადების ამ პერიოდში, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან გამომჟღავნებული სიმპტომების გარდა, აღინიშნება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებიც; ავადმყოფები ხდებიან გაღიზიანებულები, კაპრიზულები, მტირალებიც კი; შესაძლებელია გენიტალიების დაზიანებაც (მამაკაცებში-ორქიტები და ეპიდიდიმიტები, ქალებში-მეტრორაგიები, სალპინგოოფორიტები), ორსულებში-უნებლიე აბორტები.

ქრონიკული ბრუცელოზი შეიძლება განვითარდეს ან მორეციდივე გენერალიზაციით, ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი დარღვევებით. დაავადების ამ სტადიაში შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური, განსაკუთრებით კი პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების სხვადასხვა ნიშნები; ინფექციის გენერალიზაციის პერიოდებში, ავადმყოფს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ყველა სიმპტომის გამწვავება.

ბრუცელოზიდიაგნოსტიკაში ითვალისწინებენ ეპიდემიულოგიურ ფაქტორებსა და დამახასიათებელ კლინიკურ გამოვლინებებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სეფსისთან, მალარიასთან, ტუბერკულოზთან, რევმატოიდულ ართრიტთან. სპეციფიკური მეთოდებიდან გამოიყენება რაიტის, ჰელდსონის რეაქციები, კანქვეშა ალერგიული სინჯი ბრუცელინთან (ბრიუნეს სინჯი).

ბრუცელოზიმკურნალობა. მწვავე სეპტიკური ფორმის დროს ძირითადია ეტიოტროპული თერაპია, რომელიც გრძელდება 3-4 კვირა. ინიშნება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი, რიფამპიცინი. ქრონიკული ფორმების დროს ტარდება ზოგადი გამაკაჟებელი თერაპიული ღონისძიებები, შერწყმული ვაქცინოთერაპიასთან. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, თუმცა დაავადება ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვას.

ბრუცელოზიპროფილაქტიკა მდგომარეობს, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის ცხოველებს შორის ინფექციის ლიკვიდაციასა და გარემო გაუსნებოვნებაში. იმ ადგილებში, სადაც გვხვდება ბრუცელოზით დაავადებული ცხოველები, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველური წარმოშობის ნედლეულისა და პროდუქტების გაუსნებოვნებას. ძროხის ან თხის რძის გამოყენება შეიძლება მხოლოდ წამოდუღების ან პასტერიზაციის შემდეგ. რძის ყველა პროდუქტი (მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, ნაღების კარაქი) უნდა მზადდებოდეს პასტერიზებულ რძეზე. ცხოველებში ბრუცელოზის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალური ვაქცინებით პროფილაქტიკურ აცრებს. აუცილებელია აგრეთვე იმ ადამიანების ვაქცინაცია და რევაქცინაცია, რომლებიც იმყოფებიან დასნებოვნების საშიშროების ქვეშ.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები