კარდიალგიები

 კარდიალგიები

ნებისმიერი ტკივილი გულმკერდის მარხენა ნახევარში შეიძლება განვიხილოთ როგორც კარდიალგია, სანამ არ დადგინდება ზუსტი დიაგოზი. კარდიალგია წარმოიქმნება რიგი კლინიკური სინდრომებისა და პათოლოგიური მდგომარეობების დროს.  >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე 

კარდიალგიები ტკივილი გულის არეში, რომელიც თავისი ნიშნებით განსხვავდება სტენოკარდიისაგან; ხასიათდება მჩხვლეტავი, მწვავე, იშვიათად მოჭერითი ხასიათის ტკივილებით გულის არეში; ტკივილი შეიძლება ირადირებდეს გულმკერდის მთელს მარცხენა ნახევარში, მარცხენა ბეჭში და მარცხენა ხელში; ტკივილი შეიძლება იყოს ელვისებრი, ხანმოკლე და ასევე შეიძლება იყოს ხანგრძლივიც; როგორც წესი, კარდიალგია არ იხსნება ნიტრატების მიღების შემდეგ. კარდიალგიის არსებობა ზოგიერთ ავადმყოფში არ გამორიცხავს გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზს და შესაძლოა მონაცვლეობდეს ან შერწყმული იყოს სტენოკარდიის ჭეშმარიტ შეტევებთან.

ნებისმიერი ტკივილი გულმკერდის მარხენა ნახევარში შეიძლება განვიხილოთ როგორც კარდიალგია, სანამ არ დადგინდება ზუსტი დიაგოზი. კარდიალგია წარმოიქმნება რიგი კლინიკური სინდრომებისა და პათოლოგიური მდგომარეობების დროს.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს კარდიალგია შეიძლება გამოიწვიოს კისრის ოსტეოქონდროზისა და მალთაშუა დისკის თიაქრის შედეგად ნერვულ ფესვებზე ზეწოლამ;

კარდიალგიური სინდრომი შეიძლება აგრეთვე შედეგი იყოს ხერხემლის არტერიის სიმპეთიკური წნულის გაღიზიანებისა. პირველ და მეორე შემთხვევაში გულმკერდის მარცხენა ნახევარში ტკივილი წარმოიქმნება ხელების, თავის გარკვეული მდებარეობის და მოძრაობის დროს, მაგრამ არა ფიზიკურ დატვირთვით. ტკივილები შესაძლოა გაძლიერდეს ან წარმოიქმნას ღამის საათებში, მკერდ – კისრის ფესვების დაჭიმულობისას. აღინიშნება ხელში რეფლექსების გაძლიერება ან შესუსტება და ჰიპო – ან ჰიპერესთეზია. სხვა შემთხვევაში – ხერხემლის არტერიის სიმპათიკური წნულზე ზეწოლისას აღწერილ სიმპტომებს ზოგჯერ უერთდება მტევნების შეშუპება, რაც უკავშირდება ვაზოკონსტრიქტორული სიმპათიკური ინერვაციის დარღვევას; თავზე ზეწოლისას ხერხემლის სიგრძივი ღერძის გასწვრივ და თავის დახრისას, რომელიც მიბრუნებულია დაზიანების მხარეზე, წარმოიქმნება ტკივილი. აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

კარდიალგია შესაძლოა შედეგი იყოს კისერ – მხრის სინდრომისა, რომელიც ვლინდება ლავიწვქეშა არტერიების, ვენებისა და მხრის წნულის გაჭყლეტით, დამატებითი კისრის ნეკნის (ფალკონერ – ვედელის სინდრომი) დროს, ან წინა კიბისებრი კუნთების პათოლოგიური ჰიპერტროფიის დროს (ნაფციგერის სინდრომი). ტკივილის სინდრომის თავისებურებები ამ დროს შემდეგნაირია: მტკივნეულია წინა კიბისებრი კუნთი, აღინიშნება კანქვეშა ვენების გაფართოება მკერდის დიდ კუნთზე, ტემპერატურის დაქვეითება, ზოგჯერ კი მტევნის შეშუპება, არტერიული წნევის დაქვეითება სხივის არტერიაზე, დაზიანების მხარეზე. რენტგენოლოგიურად შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი ნეკნი, კისრის მე – 7 მალის განივი მორჩის გადიდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა. კარდიალგიები შესაძლოა განვითარდეს მარცხენამხრივი ნეკნთაშუა ნევრალგიის, სარტყლისებრი ლიქენის, ფესვების ნევრინომის დროს (ამ უკანასკნელის დროს ტკივილი შესაძლოა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ მორფინის შეყვანითაც კი არ მოიხსნას, რასაც გარკვეული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს). სარტყლისებრი ლიქენის დროს ზოგჯერ აღინიშნება ცვლილებები ეკგ – ზე ST სეგმენტის დაწევის სახით, ასევე აღინიშნება ” კბილის ინვერსია; ასეთ დროს აუცილებელია შესაბამისი დაავადების მკურნალობა.

ნეკნების ხრტილების ავადმყოფური შესქელება (ხშირად II – IV ნეკნის), ან ტიტცეს სინდრომი, წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას 40 წელზე მეტი ასაკის პირებში; მიმდინარეობს კარდიალგიით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს ნეკნების ხრტილების ასეპტიკური ანთება. მკურნალობა სიმპტომატურია; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

კარდიალგია შესაძლებელია აღინიშნებოდეს დიაფრაგმის მაღლა დგომის დროს, რაც განპირობებულია კუჭის ან ნაწლავების შებერვით, სიმსუქნით და ა. შ. (რემჰელდის სინდრომი). ტკივილი ხშირად წარმოიქმნება ჭამის შემდეგ, როცა ავადმყოფი წევს, მაგრამ ქრება ვერტიკალურ მდებარებაში გადასვლისას, სიარულის დროს; ზოგჯერ შერწყმულია ნამდვილ სტენოკარდიასთან (დიფერენციაცია არ არის რთული სწორად შეკრებილი ანამნეზის დროს); პროგნოზი კეთილსაიმედოა.

კარდიალგია შესაძლოა განპირობებული იყოს დიაფრაგმის თიაქარით, რომელიც წარმოიქმნება ხშირად ხანდაზმულ ასაკში დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის გაჭიმვისას, ასევე დიაფრაგმის გუმბათის ტრავმული გაგლეჯის დროს. მკერდუკანა ან სხვა ლოკალიზაციის მწიწკნავი ტკივილები წარმოიქმნება შუასაყარის ორგანოების გადანაცვლების, ან კუჭის ჩაჭედვის, ან კუჭის გარკვეულ ნაწილში წყლულის წარმოქმნის დროს. ტკივილი ჩნდება საკვების მიღებისთანავე ან ჰორიზონტალური მდებარეობისას, ზოგჯერ ღამ – ღამობით (გვიან ჭამის დროს). ტკივილი ქრება სიარულის, ამობოყინების, ვერტიკალურ მდებარეობაში გადასვლისას.

ხშირად კარდიალგიური სინდრომი შერწყმულია რკინადეფიციტური ანემიის ნიშნებთან, რაც თავის მხირ განპირობეულია განმეორებითი სისხლდენით. თიაქარის ჩაჭედვის დროს ჭამის დამთავრებისთანავე შესაძლოა წარმოიქმნას ძლიერი მკერდუკანა ტკივილები, რომელიც არ გაივლის ჩვეულებრივი ანალგეზიური საშუალებებით, მორფინით, ნიტრატებით, მაგრამ ქრება უეცრად სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს (ჩვეულებრივ, ვერტიკალური მდებარეობის დროს). დიაგნიზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. შესაძლოა შერწყმული იყოს სტენოკარდიასთან.

საყლაპავის პეპტიკური წყლული, კარდიოსპაზმი, ეზოფაგიტი შეიძლება ასევე მიმდინარეობდეს კარდიალგიით, რომლის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ტკივილის გამოხატული კავშირი საყლაპავში საკვების გავლასთან. განივი ნაწლავის მდებარეობისას ღვიძლზე (კილაიდიტის სინდრომი) შესაძლოა წამოიქმნას ან ძლიერი ტკივილები გულმკერდის მარჯვნივ (ნაწლავის ჩაჭედვის დროს), ან მწიწკნავი მკერდუკანა ტკივილი (ნაწლავის შებერვის დროს). ეჭვი ამ დაავადებაზე ჩნდება ღვიძლზე ტიმპანიტის არსებობისას; დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლგიურად. პროგნოზი ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა.

კარდიალგიური სინდრომი შესაძლოა აღინიშნოს პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტონიის, ფილტვის ინფარქტის (იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს სტენოკარდიის შეტევებთან ერთად), პარაპნევმოზური პლევრიტის დროს. მწიწკნავი და მჩხვლეტავი ტკივილები გულის არეში შესაძლოა წარმოიქმნას მიოკარდიტის (რევმოკარდიტის რეციდივის ერთ – ერთი ნიშანი), პერიკარდიტის დროს. მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. გულმკერდის წინა კედლის სინდრომმა – ტკივილის წარმოქმნა და მტკივნეულობა გულის არეში მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდის შემდეგ, რაც შემდგომში არის კარდიალგიის ტიპიური ვარიანტი, არასათანადოდ შეგროვილი ანამნეზის დროს შესაძლოა მოახდინოს კორონარული შეტევის რეციდივის იმიტაცია. სინდრომის პათოგენეზი დაზუსტებული არ არის. მწიწკნავი ტკივილები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინტენსივობის, ზოგჯერ ისინი გამოხატულია მკვეთრად, სხვა შემთხვევებში სუბიექტური შეგრძნებები თითქმის არ არის; აღინიშნება მხოლოდ გულის ირგვლივი მიდამოს მტკივნეულობა. მკურნალობა – ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. საკუთრივ კარდიალგიის პროგნოზი კეთილსაიმედოა. დისჰორმონალური კარდიოპათიები ვლინდება გამოხატული კარდიალგიებით, მაგრამ მათგან დამოუკიდებლად შესაძლოა გამოვლინდეს გულის მუშაობის სხვადასხვა დარღვევები, რომელიც რეგისტრირდება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების, V1 – V4 განხრებში უარყოფითი ” კბილის, (იშვიათად სხვა განხრებშიც), იმავე განხრებში S” სეგმენტის ქვევით გადანაცვლების (აუცილებელი ნიშანი არ არის), ჰისის კონის ფეხების გარდამავალი ბლოკადების სახით. ასეთ შემთხვევებში ლაპარაკობენ უკვე არა კარდიალგიაზე (თუმცა მას ჩვეულებრივ ადგილი აქვს), არამედ კარდიოპათიაზე (მიოკარდიოპათიაზე). ტკივილის სინდრომისა და გულის მოქმედების დარღვევების პათოგენეზი დისჰორმონალური მდგომარეობების დროს საბოლოოდ გარკვეული არ არის. დისჰორმონალური კარდიოპათიები შესაძლოა წარმოიქმნას თირეოტოქსიკოზისა და სხვა ენდოკრინული დაავადებების დროსაც. განსაკუთრებით გამოხატულია ეს ნიშნები კლიმაქსის დროს, როდესაც ძალიან ხშირად წარმოიქმნება კლიმაქტერული კარდიალგიები, იშვიათად კლიმაქსური კარდიოპათია. სინდრომი ვითარდება ვეგეტატიური დარღვევების ფონზე, რომელიც დამახასიათებელია კლიმაქსისათვის, ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრე მენსტრუაციის შეწყვეტამდე, იშვიათად ამენორეის დადგომიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ავადმყოფები უჩივიან სიმძიმის გრძნობას, მკერდში მოჭერას, ხშირად მარცხნივ, მჭრელ, მწვავე, გამჭოლი ხასიათის ტკივილს გულის მწვერვალის მიდამოში. ტკივილი შესაძლოა იყოს ხანმოკლე, ან ხანგრძლივი (საათები, კვირეები, თვეები); ზოგჯერ წამოიქმნება ღამის საათებში, ახდენს მოსვენებითი სტენოკარდიის იმიტირებას. ხშირია ჩივილები ჰაერის უკმარისობაზე: ამასთან ლაპარაკია არა ჭეშმარიტ ქოშინზე, არამედ ჩასუნთქვის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებაზე; ცხვირის ფრთები ფართოვდება, დამხმარე კუნთები (ქოშინის ობიექტური ნიშანი) სუნთქვაში არ მონაწილეობენ. ტკივილი არ პროვოცირდება ფიზიკური დატვირთვით, წოლითი რეჟიმი შეტევების სიხშირესა და ინტენსივობას არ წყვეტს, ნიტრატები ტკივილს ვერ ხსნიან ან იწვევენ მათ შესუსტებას ხანგრძლივი დროის შემდეგ (სტენოკარდიის დროს – რამდენიმე წუთის შემდეგ); ხშირად ნიტრატები იწვევენ მხოლოდ თავის ძლიერ ტკივილს. შესაძლებელია აღინიშნოს გონების დაკარგვა, თუმცა როდესაც ექიმი ესწრება ამგვარ შემთხვევებს, ლაპარაკია პრაქტიკულად ისტერიულ გულყრაზე მცირე კლინიკური კრუნჩხვებით; შესაძლოა გულის წასვლა. ჩვეულებრივ ტკივილს თან ახლავს სისხლის მოწოლა, ოფლიანობა, პარესთეზიები, ავადმყოფები გაღიზიანებული, ემოციურად ლაბილურები არიან. ზოგჯერ აღინიშნება ჩივილები თავის ძლიერ ტკივილზე, გულის ფრიალზე, გულის გაჩერების შეგრძნებაზე, სპაზმებზე ყელში, თავბრუსხვევებზე. დათვალიერებისას ვლინდება უმნიშვნელო ტაქიკარდია, შესაძლოა სისხლძარღვოვანი დისტონია. შეტევა მთავრდება მკვეთრი სისუსტის შეგრძნებით, პროფუზული ოფლდენით. კარდიალგიებს ხშირად თან ახლავს სიკვდილის შიში. ეკგ – ზე ვლინდება უარყოფითი ” კბილით, რომელიც შესაძლოა იყოს ღრმა და სიმეტრიული; მოითხოვს დიფერენციაციას მიოკარდის კეროვან დაზიანებებთან (იშემია, წვრილკეროვანი ინფარქტი). კლიმაქტერული კარდიოპათიის განმასხვავებელი ელექტროკარდიოგარფული ნიშნებია: ” კბილის საპირისპირო მიმართულების არარსეობა, S” სეგმენტის გადანაცვლებით (გადაინაცვლებს ქვევით უარყოფითი ” კბილის დროს, ხოლო მიოკარდის ინფარქტის დროს ზევითაა გადადგილებული უარყოფითი ” კბილის დროს); უარყოფითი ” კბილი ნარჩუნდება კვირაობით (ხშირად თვეებისა და წლების განმავლობაში), ტკივილის სინდრომის შესაბამისი რყევებით, ზოგჯერ დადებითი ” კბილის გაჩენამდე (ინფარქტის დროს ის თანდათანობით ნორმალიზდება); მიოკარდის ინფარქტის გამორიცხვაში გვეხმარება სისხლის ფერმენტების აქტივობის, ასევე სისხლში და შარდში მიოგლობინის განსაზღვრა. განსხვავებით კლიმაქტერული კარდიოპათიისაგან მიოკარდის იშემიის დროს უარყოფითი ” კბილი ნარჩუნდება 1 – 2 დღის განმავლობაში. დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სწორად შეკრებილი ანამნეზი. ყველა საეჭვო შემთხვევაში დიაგნოზის დაზუსტებამდე აუცილებელია ავადმყოფთა მკურნალობა, როგორც ეს ხდება მიოკარდის ინფარქტის დროს. კლიმაქტერული კარდიალგიის მკურნალობაში ძირითად როლს ასრულებს ფსიქოთერაპია: საჭიროა ავუხსნათ ავადმყოფს, როგორც ტკივილის სინდრომის, ასევე ეკგ – ზე აღმოჩენილი ცვლილებების სრული უსაფრთხოება. წოლითი რეჟიმი ნაჩვენები არ არის.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები