ლალი დათეშიძე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
ენდოკარდიტი – გულის სარქვლის ან კედლისმიერი ენდოკარდის ანთება რევმატიზმის, იშვიათად ინფექციების, მათ შორის სეპტიკური და სოკოვანი ინფექციების, ასევე კოლაგენოზებისა და ინტოქსიკაციების (ურემია) დროს. ქვემწვავე (გახანგრძლივებული) სეპტიკური ენდოკარდიტი (ინფექციური ენდოკარდიტი) წარმოადგენს სეპტიკურ დაავადებას ინფექციის ძირითადი კერის გულის სარქველებზე ლოკალიზაციით, იშვიათად კედლისმიერ ენდოკარდზე.
ეტიოლოგია. ხშირად დაავადების გამომწვევია სტრეპტოკოკები ან სტაფილოკოკები, იშვიათად გრამუარყოფითი ბაქტერიები, პნევმოკოკები, სოკოები, ბაქტერიების ფორმები და სხვ.
პათოგენეზი. გულის სარქველების დაზიანება (ინფექცია) განპირობებულია ჰუმორალური ან ადგილობრივი (უჯრედული) იმუნიტეტის ცვლილებებით, იმუნოლოგიური რეაქციების დარღვევებითა და სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება სარქველები გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ცხელება, ხშირად შემცივნებითა და ოფლით, ზოგჯერ ტკივილები სახსრებში, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. ზოგჯერ მიმდინარობს ცხელების გარეშეც. პირველადი ენდოკარდიტის დროს, რომელიც ვითარდება ინტაქტურ სარქველებზე, თავდაპირველად მოისმინება ფუნქციური შუილები, შემდეგ კი ფორმირდება გულის მანკი, ხშირად აორტული.
მეორადი ენდოკარდიტის დროს იცვლება არსებული შუილების ხასიათი და ლოკალიზაცია სარქველების პროგრესირებადი დეფორმაციის ან ახალი მანკის ფორმირების შედეგად. მიოკარდის დაზიანების დროს ვლინდება არითმიები, გამტარობის დარღვევა, გულის უკმარისობის ნიშნები. თითქმის მუდმივია სისხლძარღვთა დაზიანება ვასკულიტების, თრომბოზების, არტერიების ანევრიზმებისა და ჰემორაგიების სახით (ჰემორაგიული გამონაყარი, ცერებრული ვასკულიტი, თირკმელების და ელენთის ინფარქტი, არტერიული ანევრიზმები და სხვ.). ხშირად ვლინდება დიფუზური გლომერულონეფრიტის ნიშნები, ღვიძლის გადიდება, მსუბუქი სიყვითლე, ელენთის ჰიპერპლაზია.
გართულებები: გულის მანკის ფორმირება, სარქველების დაზიანება, პროგრესირებადი გულის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევები (პროტეინურია, ჰემატურია, აზოტემია). შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სახის გართულებებიც. ლაბორატორიული მონაცემები: დამახასიათებელია ჰიპოქრომული ანემია, ზომიერი ლეიკოპენია, ედს – ის მნიშვნელოვანი მომატება, სისხლში ალფა – 2 და გამა – გლობულინების, ც – რეაქტიული ცილის შემცველობა. სისხლის დათესვით ადგენენ ენდოკარდიტის გამომწვევს და მგრძნობელობას ანტიბიოტიკისადმი. ზოგიერთი მონაცემით უფრო შედეგიანია დათესვა, არა ვენური, არამედ არტერიული სისხლისა (ბარძაყის არტერიიდან). დიაგნოსტიკაში გვეხმარება აგრეთვე ექოკარდიოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ვეგეტაციები სარქველებზე ან მათი დისფუნქცია.
მწვავე სეპტიკური ენდოკარდიტი განიხილება როგორც სეფსისის გართულება; დაავადების ამგვარი ფორმა ეტიოლოგიურად, პათოგენეზურად და კლინიკურად არსებითად არ განსხვავდება ქვემწვავე ფორმისაგან; ხასიათდება მხოლოდ უფრო მწვავე მიმდინარეობით. სეპტიკური ენდოკარდიტის მკურნალობა საჭიროა იყოს ადრეული და ეტიოტროპული, ბაქტერიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით. იყენებენ ბაქტერიოციდულ ანტიბიოტიკებს, სასურველია ინდივიდუალური დოზებით, სისხლში ანტიბიოტიკის კონცენტრაციაზე დამოკიდებულებითა და მის მიმართ ანტიბიოტიკის მგრძნობელობით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 11866 times by 5617 viewers



