ჰელმინთოზები

 ჰელმინთოზები helminthiasis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰელმინთოზები დაავადებები, რომლებსაც იწვევს ორგანიზმში დასახლებული პარაზიტული ჭიები – ჰელმინთები და მათი ლარვები.

ჰელმინთოზებიალვეოკოკოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ალვეოკოკის ლარვული სტადია. დასნებოვნება ხდება ონკოსფეროების მოხვედრით პირში, მელიების, ძაღლების დაბინძურებულ ტყავებთან შეხებისას, ასევე მტკნარი წყალსაცავების წყლის, საკვებად ტყის კენკრის გამოყენებით, რომელიც მოკრეფილია ენდემიურ ზონაში. ლარვების გროვები ახდენენ ქსოვილთა ინფილტრაციას, იზრდებიან, არღვევენ ორგანოების სისხლმიმოქცევას, იწვევენ ქსოვილების დეგენერაციასა და ატროფიას, ახდენენ ტოქსიკო – ალერგიულ ზემოქმედებას.

ჰელმინთოზებიალვეოკოკოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება ვითარდება ნელა, დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება. აღინიშნება ღვიძლის გადიდება, ვლინდება სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ასევე ყრუ ტკივილი. რამდენიმე წლის შემდეგ ღვიძლი მკვრივდება და ხდება ხორკლიანი. შესაძლებელია განვითარდეს სიყვითლე; არაიშვიათად დიდდება ელენთაც. შესაძლებელია განვითარდეს ასციტი. კვანძების დაშლისას მატულობს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება ოფლიანობა, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ედსის მომატება. დამახასიათებელია ჰიპერპროტეინემია, ჰიპერგამაგლობულინემია. ქვედა ღრუ ვენის ნეკროზმა შესაძლებელია გამოიწვიოს პროფუზული სისხლდენა. ფილტვებში მეტასტაზების დროს ვითარდება პნევმონია, ბროქნიტი, სისხლიანი ხველა. ტვინში მეტასტაზი ახდენს ტვინის სიმსივნის იმიტაციას. დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური მონაცემებით; იყენებენ სეროლოგიურ რეაქციებს ალვეოკოკური ანტიგენით. ლოკალიზაციის დასაზუსტებლად გამოიყენება რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევები, ღვიძლის სკანირება, კომპიუტერული ტომოგრაფია. მკურნალობა ქირურგიული და სიმპტომეტურია. პროგნოზი სერიოზულია.

ჰელმინთოზებიანკილოსტომოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ანკილოსტომა და ნეკატორი, რომელიც პარაზიტობს ადამიანის წვრილ ნაწლავებში, ხშირად თორმეტგოჯა ნაწლავში. დასნებოვნება ხდება ლარვების აქტიური ჩანერგვით კანიდან ან მათი გადაყლაპვისას დაბინძურებული ბოსტნეულთან, ხილთან, წყალთან. ლარვები მიგრირებენ სისხლმიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში, რაც გრძელდება 7 – 10 დღე. წვრილ ნაწლავში ლარვები გადაიქცევიან ნახევრად მომწიფებულ არსებებად და 4-6 კვირის შემდეგ იწყებენ კვერცხის დადებას. ანკილოსტომიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან 20 წლამდეა. მიგრაციის პროცესში ლარვები იწვევენ ტოქსიკურ-ალერგიულ მოვლენებს. ზრდასრული ჰელმინთები – ჰემატოფაგებია. ნაწლავის ლორწოვან გარსზე ფიქსაციისას ისინი აზიანებენ ქსოვილებს, იწვევენ ჰემორაგიებს, ეროზიებს, სისხლდენას, ანემიზაციას, ალერგიულ მდგომარეობას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკინეზიასა და დისპეფსიას.

ჰელმინთოზებიანკილოსტომოზი. სიმპტომები, მიმდინარება

დასნებოვნებისთანავე ვითარდება კანის ქავილი და წვა, ურტიკარული გამონაყარი, ასთმური მოვლენები, ცხელება, ეოზინოფილია. გვიან სტადიაში ჩნდება გულისრევა, ნერწყვდენა, ღებინება, ტკივილი მუცელში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, მუცლის შებერვა. დამახასიათებელია ჰიპოქრომული რკინადეფიციტური ანემია; მისი გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია ინვაზიის ინტენსივობაზე, კვების დეფიციტზე, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. სუსტი ინვაზია შესაძლებელია მიმდინარეობდეს სუბკლინიკურად, გამოვლინდეს ეოზინოფილიით. დიაგნოზი დასტურდება განავალში კვერცხების აღმოჩენით, იშვიათად დუოდენურ შემცველობაშიც. მკურნალობა. გამოხატული ანემიის დროს ნაჩვენებია რკინის პრეპარატები, ერითროციტული მასის გადასხმა. ტარდება დეჰელმინთიზაცია. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა.

ჰელმინთოზებიასკარიდოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ასკარიდა, რომელიც პარაზიტობს წვრილ ნაწლავში. ასკარიდას სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია. მიგრაციულ სტადიაში ასკარიდების ლარვები ახდენენ მექანიკურ და სენსიბილიზირებად მოქმედებას, იწვევენ სისხლჩაქცევებს, ეოზინოფილურ ინფიტრატებს სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებში. ნაწლავის ფაზაში (დასნებოვნებიდან 8 კვირის შემდეგ) ზრდასრული ასკარიდები იწვევენ ორგანიზმის საერთო ტოქსიკურ-ალერგიულ და ნერვულ-რეფლექტორულ რეაქციებს და სხვადასხვა ადგილობრივ მექანიკურ ზემოქმედებებს.

ჰელმინთოზებიასკარიდოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

მიგრაციული ფორმა ხშირად მიმდინარეობს მწვავე რესპირატორული დაავადების, ბრონქიტის სახით; ნაწლავურ ფაზაში განასხვავებენ კუჭ-ნაწლავის ფორმას (ნერწყვდენა, გულისრევა, მადის დაქვეითება, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და სხვ.); ჰიპოტონურ (არტერიული წნევის დაქვეითება, სისუსტე) და ნევროლოგიურ (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი დარღვევები) ფორმებს. გართულებებია: ნაწლავის ასკარიდული გაუვალობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასკარიდების გამოყოფა პირნაღებ მასებთან და მოძრავი ,,სიმსივნის“’ პალპირება – ჰელმინთების გორგლის; ასკარიდული აპენდიციტი, პერფორაციული პერიტონიტი; ღვიძლის ასკარიდოზი სიყვითლის გავითარებით, ჩირქოვანი ანგიოქოლიტი, ღვიძლის აბსცესი, დიაფრაგმისქვეშა აბსცესის განვითარებით; კუჭქვეშა ჯირკვლის ასკარიდოზი მწვავე პანკრეატიტის სიმპტომებით; ასკარიდების შესვლა სასუნთქ გზებში ასფიქსიის განვითარებით. პროგნოზი გართულებების არარსებობისას, რომლებიც მოითხოვენ ქირურგიულ ჩარევებს, კეთილსაიმედოა.

ჰელმინთოზებიჰიმენოლეპიდოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

დასნებოვება ხდება პარაზიტის კვერცხების გადაყლაპვისას. ლარვების ადგილობრივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვანზე გამოიხატება ხაოების დაშლით, ლორწოვანი გარსის პროლიფერაციული ანთებით, ლორწოს უხვი გამოყოფით. აღინიშნება ტოქსიკურ-ალერგიული მოქმედება.

ჰელმინთოზებიჰიმენოლეპიდოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

მადის დაქვეითება, გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღართი ან შეკრულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, მომატებული დაღლილობა, მოუსვენარი ძილი. ზოგჯერ აღინიშნება სიგამხდრე, ზომიერი ანემია, ეოზინოფილია. ჰიმენოლეპიდოზი შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც. დიაგნოზის დადგენა ხდება განავალში კვერცხების აღმოჩენით. პროგნოზი სერიოზულია შესაძლო ავტოსუპერინფექციის განვითარებასთან დაკავშირებით.

ჰელმინთოზებიდიფილობოთრიოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევის სიცოცხლის ხანგრძლივობა ათეული წლებია. ადამიანის დასნებოვნება ხდება საკვებად ახალი არასაკმარისად დამარილებული ხიზილალის და ნედლი თევზის გამოყენებით; პარაზიტი ეკვრის ნაწლავის ლორწოვანს და ახდენს მის ტრავმირებას. პარაზიტის დიდმა გროვებმა შესაძლებელია დაახშოს ნაწლავის სანათური. ჰელმინთის ცვლის პროდუქტები ახდენენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია გულისრევა, დეფეკაციის დარღვევები; ავადმყოფები ზოგჯერ უჩივიან სისუსტეს, თავბრუსხვევას, ტკივილს მუცელში. ზოგჯერ ვითარდება პერნიციოზული ანემია. დიაგნოზის დადგენა ხდება კვერცხების აღმოჩენით ფეკალიებში. მკურნალობა. გამოხატული ანემიის დროს დეჰელმინთიზაციამდე ინიშნება В ჯგუფის ვიტამინები, რკინის პრეპარატები, ჰემოსტიმულინი, ჰემატოგენი. დეჰელმინთიზაციისათვის იყენებენ ფენასალს, გვიმრის ექსტრაქტს, გოგრის თესლის გამონაწვლილს. პროგნოზი გართულებების არარსებობისას კეთილსაიმედოა.

ჰელმინთოზებიკლინორქოზი

 ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდა. პათოგენეზი, კლინიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც ოპისტორქოზის დროს. მეტაგონიმოზი – ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდა. პარაზიტობს ადამიანის, ძაღლის, კატის, ღორის წვრილ ნაწლავში. ადამიანის დასნებოვნება ხდება ნედლი თევზის გამოყენებით. მექანიკური და ტოქსიკურ-ალერგიული ზემოქმედების გამო ვითარდება ენტერიტი.

ჰელმინთოზებიკლინორქოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

ტკივილი მუცელში, მყარი ფაღარათი. ზოგჯერ მიმდინარეობს სუბკლინიკურად. დიაგნოსტირება ხდება განავალში კვერცხების აღმოჩენით. მკურნალობა. გვიმრის ექსტრაქტი ერთჯერადად ან ორჯერ 2-3 კვირიანი ინტერვალით, დოზით 3 გ და ნაფტამონი დღიური დოზით 2,5-5 გ.

ჰელმინთოზებინანოფიეტოზი

ნაწლავური ჰელმინთოზი, რომელიც გვხვდება შორეული აღმოსავლეთის მაცხოვრებლებში. გამომწვევია – ნანოფიეტუსი, რომელიც პარაზიტობს ადამიანის, ძაღლის, კატის, კვერნის, მაჩვის ნაწლავში. დასნებოვნება ხდება საკვებში ნედლი თევზის გამოყენებისას. ჰელმინთები ახდენე მექნიკურ და ტოქსიკურ – ალერგიულ ზემოქმედებას ნაწლავის ქსოვილზე.

ჰელმინთოზებინანოფიეტოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

ტკივილი და ყურყური მუცელში, ფაღარათი, შეკრულობები, ნერწყვდენა და გულისრევა ღამ-ღამობით.

ჰელმინთოზებიოპისტორქოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ორპირა, რომელიც პარაზიტობს ღვიძლის ნაღვლის სადინრებში, ნაღვლის ბუშტსა და ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრებში. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტი ცხოვრობს 20-40 წელი. დასნებოვნება ხდება ნედლი თევზის გამოყენებისას. ოპისტორქისები ახდენენ პანკრეასული და სანაღვლე სადინრების ლორწოვანი გარსების ტრავმირებას, ხელს უშლიან ნაღვლის გამოდინებას, ხელს უწყობენ ღვიძლის კისტოზურ გაფართოებებსა და ახალწარმონაქმნებს. ახდენენ ტოქსიკურ და ნერვულ-რეფლექტორულ ზემოქმედებას. ადრეულ სტადიაში აღინიშნება ორგანიზმის გამოხატული ალერგიზაცია. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდია 2 კვირა. ადრეულ პერიოდში შეაძლებელია ტემპერატურის მომატება, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში, ღებინება, ფაღარათი, ღვიძლის გადიდება და მტკივნეულობა, იშვიათად ელენთის, ლეიკოციტოზი და მაღალი ეოზინოფილია, კანზე ალერგიული გამონაყარი. ქრონიკულ სტადიაში განსაკუთრებით ხშირია ჩივილები ტკივილებზე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც გადაეცემა ზურგში და მარცხენა ფერდქვეშ. ზოგჯერ აღინიშნება შეტევითი ტკივილები, ნაღვლის ბუშტის კოლიკისებრი. ხშირია თავბრუსხვევა, სხვადასხვა დისპეფსური მოვლენები. ვლინდება კუნთების რეზისტენტობა მარჯვენა ფერდქვეშ, ღვიძლის გადიდება, ზოგჯერ სკლერების იქტერულობა, ნაღვლის ბუშტის გადიდება, პანკრეატიტის სიმპტომები. ოპისტორქოზის დროს განსაკუთრებით ხშირია ანგიოქოლიტი, ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია, ქრონიკული ჰეპატიტი და პანკრეატიტი, იშვიათად გასტროდუოდენიტის, ენტეროკოლიტის სიმპტომები. ცაკლეულ შემთხვევებში წარმოიქმნება ღვიძლის ქოლანგური ციროზის სურათი. ოპისტორქოზი შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. დიაგნოზის დადგენა ხდება განავალში და დუოდენურ შიგთავსში ჰელმინთის კვერცხების აღმოჩენით. პროგნოზი სერიოზულია მოსალოდნელი მძიმე გართულებების გამო.

ჰელმინთოზებისტრონგიოლოიდოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია Strongyloides stercoralis, რომელიც პარაზიტობს ნაწლავის კედელში (უპირატესად თორმეტგოჯაში), ზოგჯერ გააღწევს ღვიძლის სადინრებში და კუჭქვეშა ჯირკვალში, მიგრაციის პერიოდში – ბრონქებსა და ფილტვის ქსოვილში. სტრონგილოიდების ლარვების შეღწევა ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია მოხდეს აქტიურად კანის გავლით და პირიდან. ზრდასრული პარაზიტები ლოკალიზდებიან ნაწლავის კედელში, ახდენენ ნაწლავის კრიპტების ტრავმირებას და ხელს უწყობენ ლორწოვანის დაწყლულებას, ლარვები კი, ახდენენ რა მიგრაციას, – ღვიძლის, ფილტვის, ასევე სხვა ორგანოების ქსოვილის. დიდი მნიშვნელობა აქვს ტოქსიკურ – ალერგიულ ზემოქმედებას ზრდასრული პარაზიტებისა და მათი ლარვებისა ადამიანის ორგანიზმზე, ასევე მეორად ინფექციას.

ჰელმინთოზებისტრონგიოლოიდოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

ხშირად წარმოიქმნება ალერგიის ნიშნები: კანის ქავილი, წვა, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, ზოგჯერ ,,მფრინავი ინფილტრატებიფილტვებში და სხვ. მოგვიანებით სტადიაში სჭარბობს გასტოედუოდენიტის, ენტეროკოლიტის, ზოგჯერ ქოლეცისტიტის ნიშნები. დამახასიათებელია ტრიადა: მორეციდივე ჭინჭრის ციება, მყარი ენტეროკოლიტი და ხანგრძლივად მაღალი ეოზინოფილია. ხშირია თავბრუსხვევები, თავის ტკივილი, უძილობა, მომატებული აგზნებადობა. ზოგჯერ დაავადება ვლინდება მხოლოდ ეოზინოფილიითა და კანის ქავილით. მიმდინარეობა ხანგრძლივია, მრავალწლიანი, ვინაიდან ამ სახის ჰელმინთოზისათვის დამახასიათებელია ავტორეინვაზია. მძიმე ფორმების დროს ვითარდება წყლულოვანი ენტეროკოლიტი გაუწყლოვნებით, კახექსიით, ანემიითა და ლეტალური გამოსავლით. პროგნოზი დამაკმაყოფილებელია.

ჰელმინთოზებიტენიარინქოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

იწვევს ლენტისებრი ჭია. დასნებოვნება ხდება საკვებში მსხვილი რქოსანი პირუტყვის უმი ხორცის გამოყენებისას. წვრილ ნაწლავში ვითარდება ჰელმინთი, რომელსაც შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება. იგი ახდენს მექანიკურ, ტოქსიკურ-ალერგიულ და რეფლექტორულ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფები აღნიშნავენ ანუსიდან პარაზიტის გამოძრომასა და მათ გამოყოფას განავალთან. ზოგჯერ აღინიშნება გულისრება, ღებინება, თავბრუსხვევა, ტკივილი მუცელში, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, ლარინგოსპაზმი, მენიერის სინდრომი, ეპილეფსური შეტევები, შეკრულობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ჰელმინთოზებიტენიოზი. ეტიოლოგია

გამომწვევია ღორის სოლიტერი, რომელიც პარაზიტობს ადამიანთან არა მარტო ნახევრადმომწიფებულ არამედ ლარვულ სტადიაში. ზრდასრული ჰელმინთი პარაზიტობს წვრილ ნაწლავში მრავალი წლის განმავლობაში. ადამიანის დასნებოვნება ხდება საკვებად უმი ან ნახევრად უმი ხორცის გამოყენებისას. სიმპტომები, მიმდინარეობა ისეთივეა, როგორიც ტენიარინქოზის დროს; ზოგჯერ გამოიყენება გვიმრის ექსტრაქტი და გოგრის თესლები. პროგნოზი სერიოზულია გართულებების გამო.

ჰელმინთოზებიტრიქინელოზი (ტრიქინოზი). ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ტრიქინელა. ლარვულ სტადიაში იგი ხვდება ადამიანის ორგანიზმში ღორის ხორცით ან გარეული ცხოველების ხორცის მიღებისას. ხორცის გადამუშავების შემდეგ კუნთოვანი ტრიქინელები თავისუფლდებიან  კაფსულებიდან, ინერგებიან ხაოების ქსოვილში, სწრაფად იზრდებან, ვითარდებიან და უკვე 80-90 საათის შემდეგ დასნებოვნებიდან დებენ მრავალრიცხოვან ლარვებს, რომლებიც ვრცელდება მთელს ორგანიზმში. შემდეგში ტრიქინელები ვითარდებიან განივზოლიან კუნთებში, განსაკუთრებით ნეკნთაშუა, საღეჭ კუნთებში, დიაფრაგმის კუნთებში, ენის, ხახის, თვალების კუნთებში. აქ ტრიქინელები 2-3 კვირის შემდეგ იხვევიან სპირალად, ინკაფსულირდებიან, ზოგიერთები გაიკირება. ნაწლავის სტადიის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. კუნთოვანი ტრიქინელები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 20 წლამდე და მეტი. ტრიქინელების დაშლის პროდუქტები და ცვლის პროდუქტები ახდენენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას, იწვევენ ეოზინოფილიას, კაპილაროპათიას, კუნთებში ინფილტრატებს, შეშუპებებსა და სხვა მოვლენებს.

ჰელმინთოზებიტრიქინელოზი (ტრიქინოზი). სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 45 დღემდე. დამახასიათებელი ადრეული სიმპტომებია: სახის შეშუპება, რასაც თან ახლავს კონიუნქტივიტი, ცხელება, ტკივილი კუნთებში, ეოზინოფილია. ხშირია სხვადასხვა გამონაყარი კანზე, ასეევ დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ჰიპოტონია, გულის ტონების მოყრუება, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, უძილობა. მსუბუქ შემთხვევებში აღინიშნება მხოლოდ ქუთუთოების შეშუპება და ეოზინოფილია. დაავადების ხანგრძლივობაა 2-3 დღიდან 8 კვრამდე და მეტი. ზოგჯერ აღინიშნება ტრიქინელოზის მორეციდივე მიმდინარეობა. გართულებები: მიოკარდიტი, მენინგოენცეფალიტი, არტერიებისა და ვენების თრომბოზი, პნევმონია, ნეფრიტი და სხვ. დიაგნოზი ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ, ასევე დამახასიათებელ კლინიკურ მონაცემებს (ეოზინოფილია, ქუთუთოების შეშუპება, ცხელება, ტკვილი კუნთებში). გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები ანტიგენთან. დიაგნოზის დამადასტურებელია ტრიქინელების აღმოჩენა და დახასიათებელი ინფილტრატები ბიოფსირებულ კუნთებში. ბიოფსია კეთდება დაავადების მე-9-10 დღიდან. პროგნოზი სერიოზულია.

ჰელმინთოზებიტრიქოსტრონგილოიდოზი

გამომწვევია ჰელმინთები ტრიქონსტრონგილიდების ჯგუფიდან. ძირითადი წყარო ინვაზიისა არიან თხები, ცხვრები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის დასნებოვნება ხდება დაბინძურებული საკვებით ან წყლით.

ჰელმინთოზებიტრიქოსტრონგილოიდოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

დამახასიათებელია გულისრევა, ტკივილი მუცელში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ზოგჯერ ვითარდება ჰიპოქრომული ან ნორმოქრომული ანემია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ჰელმინთოზებიტრიქოცეფალოზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ბეწვთავა, რომელიც პარაზიტობს ადამიანის მსხვილ ნაწლავში. პარაზიტის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლებით 5 წელია. ბეწვთავა ახდენს ნაწლავის კედლის ლორწოვანის ტრავმირებას, წარმოადგენს მაკროფაგს და ხელს უწყობს მიკროფლორის ინოკულაციას, იწვევს რეფლექტორულ რეაქციებს მუცლის ღრუს სხვა ორგანოებში. მისი ცლის პროდუქტები ახდენენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას.

ჰელმინთოზებიტრიქოცეფალოზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

ავადმყოფებს აწუხებთ ნერწყვდენა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში და ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ფაღარათი, ან შეკრულობა. შესაძლებელია ანთებითი მოვლენები ნაწლავში. არაიშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენარი ძილი, გაღიზიანებადობა; შესაძლებელია ზომიერი ჰიპოქრომული ანემია და უმნიშვნელო ლეიკოციტოზი. ინტენსიური ინვაზიის დროს ბავშვებში აღწერილია სწორი ნაწლავის გამოვარდნის შემთხვევები, ეპილეპტოფორმული შეტევების, მენიერის სინდრომი. ინვაზიის მსუბუქი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ. დიაგნოზის დადგენა ხდება განავალში ბეწვთავას კვერცხების აღმოჩენით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ჰელმინთოზებიფასციოლიზი. ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ბრტყელი ჰელმინთები – ღვიძლისა და გიგანტური ფასციოლები; ძირითადი წყაროა სოფლის მეურნეობის ცხოველები. ადამიანის დასნებოვნება ხდება წელიწადის თბილ დროს, ფასციოლების ლარვების გადაყლაპვით წყალთან, სალათთან ან სხვა მწვანილთან ერთად. ჰელმინთი ორგანიზმში ცოცხლობს დაახლოებით 10 წელიწადი. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ტრავმატიზაციასა და ჰეპატობილიარული სისტემის ტოქსიკურ-ალერგიულ დაზიანებას. შესაძლებელია მოხდეს ფასციოლების შეღწევა სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში.

ჰელმინთოზებიფასციოლიზი. სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება ხასიათდება ეოზინოფილიით, ალერგიული მოვლენებით, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევებით. ადრეულ სტადიაში ფასციოლოზის დიაგნოსტირება რთულია; გამოიყენება იმუნოლოგიური მეთოდები. პროგნოზი კეთილსაიმედოა.


გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები