დიფთერია

დიფთერია diphtheria

დიფთერია მწვავე ინფექციური დაავადება გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, იშვიათად სხვა ორგანოების ლორწოვან გარსების კრუპოზული ან დიფთერიული ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით.

დიფთერია – ეპიდემიოლოგია. ინფექცია გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; ინფექციის წყაროა ავადმყოფები და ბაქტერიამტარებლები. ცალკეულ შემთხვევებში დაავადება გადაეცემა სხვადასხვა საგნების, სათამაშოების საშუალებით და მესამე პირების გზითაც კი. დაავადების გავრცელების ალბათობა იზრდება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს. ავადდებიან ნებისმიერი ასაკი ადამიანები, თუმცა უფრო ხშირად ბავშვები. დიფთერიის გადატანის შემდეგ, ავადმყოფების ნაწილი რჩება მტარებლებად.

დიფთერია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ტოქსიკოგენური დიფთერიული გრამდადებითი ჩხირი, რომელიც მდგრადია გარემოში; გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს. არატოქსიგენური კორინებაქტერიები არაპათოგენურია. დიფთერიული ჩხირი ვგეტეტაციას იძლევა ხახისა და სხვა ორგანოების ლორწოვან გარსებზე, სადაც ვითარდება კრუპოზული ან დიფთერიული ანთება, ნადების წარმოქმნით. გამომწვევის მიერ პროდუცირებული ეგზოტოქსინი შეიწოვება სისხლში და იწვევს ზოგად ინტოქსიკაციას, მიოკარდის, პერიფერიული და ვეგეტატური ნერვული სისტემის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებას.

დიფთერია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-დან 10 დღემდე. პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ხახის, ცხვირის, ხორხის, თვალების და სხვ. დიფთერიას. ხახის დიფტერია. განასხვავებენ ხახის ლოკალიზებულ, გავრცელებულ და ტოქსიკურ დიფთერიას. ლოკალური ფორმის დროს წარმოიქმნება ფიბროზული აპკოვანი ნადებები ნუშურებზე. ხახა ზომიერად ჰიპერემულია, ტკივილი ყლაპვისას ზომიერად ან სუსტადაა გამოხატული, რეგიონალური ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდაა გადიდებული. ზოგადი ინტოქსიკაცია გამოხატული არ არის, ტემპერატურა ზომიერია. ამ ფორმის სახესხვაობაა ხახის მწვავე დიფტერია, რომლის დროსაც ნუშურებზე ნადებებს აქვთ მცირე ზომის ბალთების სახე, რომელიც განლაგებულია ლაკუნებში. ხახის დიფთერიის გავრცელებული ფორმის დროს ფიბროზული ნადებები ვრცელდება სასის რკალებისა და ნაქის ლორწოვან გარსებზე; ინტოქსიკაცია გამოხატულია, სხეულის ტემპერატურა მაღალია, უფრო მნიშვნელოვანია რეგიონალური ლიმფური კვანძების რეაქცია. ტოქსიკური დიფთერია ხასიათდება ნუშურების მკვეთრი გადიდებით, ხახის ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი შეშუპებითა და სქელი ჭუჭყიანი-მოთეთრო ნადებების წარმოქმნით, რომელიც ვრცელდება ნუშურებსა და რბილ და მაგარ სასაზე. რეგიონალური ლიმფური კვანძები მნიშვნელოვნადაა გადიდებული, მათი გარემომცველი კანქვეშა ქსოვილი შეშუპებულია. კისრის კანქვეშა ქსოვილის შეშუპება ასახავს ინტოქსიკაციის ხარისხს. ტოქსიკური დიფთერიის პირველი ხარისხის დროს შეშუპება ვრცელდება კისრის შუამდე, მეორე ხარისხის დროს – ლავიწამდე, ხოლო მესამე ხარისხის დროს ლავიწის ქვევით. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, აღინიშნება მაღალი ტეპერატურა, სისუსტე, ანორექსია, ზოგჯერ ღებინება და ტკივილი მუცელში. ვლინდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული დარღვევები. ხორხის დიფტერია (დიფტერიული, ანუ ჭეშმარიტი კრუპი) უკანასკნელ წლებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება; ხასიათდება ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანი გარსის კრუპოზული ანთებით. დაავადების მიმდინარეობა სწრაფად მოპროგრესირეა. პირველ კატარალურ სტადიაში, რომელიც გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში, აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, ხმის ჩახლეჩა, ხველა, თავდაპირველად ,,მყეფავი“. მეორე სტადიაში მატულობს ზედა სასუნთქი გზების სტენოზის სიმპტომები: ხმაურიანი სუნთქვა, ჩასუნთქვისას დამხმარე მუსკულატურის დაძაბვა; მესამე (ასფიქსიური) სტადია ვლინდება აირთა ცვლის გამოხატული დარღვევებით – ციანოზით, პულსის გამოვარდნით ჩასუნთქვისას, ოფლიანობით, მოუსვენრობით. თუკი დროულად არ მოხდა საექიმო ჩარევა, ავადმყოფი კვდება ასფიქსიით. ცხვირის, თვალის კონიუნქტივის, გარეთა სასქესო ორგანოების დიფთერია უკანასკნელ ხანებში თითქმის აღარ გვხვდება. დაავადების ადრეულ პერიოდში შესაძლებელია სისხლძარღვოვანი და გულის სისუსტის სიმპტომების ზრდა. მიოკარდიტი ვლინდება დაავადების მე-2 კვირაზე და ხასიათდება მიოკარდის კუმშვითი და გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევით. მიოკარდიტის უკუგანვითარება მიმდინარეობს ნელა. მიოკარდიტი წარმოადგენს სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზს დიფთერიის დროს. მონო – და პოლირადიკულონევრიტები ვლინდება დუნე პერიფერიული პარეზებითა და რბილის სასის, კიდურების, კისრის, ტანის კუნთებიდამბლით. სიცოცხლისათვის საშიშია ხორხის, ნეკნთაშუა კუნთების, დიაფრაგმის პარეზები და დამბლები, გულის საინერვაციო აპარატის დაზიანება.

დიფთერია – დიაგნოზი დასტურდება ტოქსიკურ-ჩირქოვანი დიფთერიული ჩხირების გამოყოფით. დიფერენციალური დაგნოზი ტარდება ანგინასთან, ინფექციურ მონონუკლეოზთან, ,,ცრუ კრუპთან“.

დიფთერია – მკურნალობა. თერაპიის ძირითადი მეთოდია რაც შეიძლება ადრეულ სტადიებში ანტიდიფთერიული შრატის შეყვანა კუნთებში შესაბამისი დოზებით. მსუბუქი ფორმების დროს შრატი შეჰყავთ ერთჯერადად, გამოხატული ინტოქსიკაციის დროს – რამდენიმე დღის განმავლობაში. ანაფილაქსიური რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, ატარებენ კანქვეშა სინჯს. დიფთერიული კრუპის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერი, სიშვიდე. რეკომენდებულია სედატური საშუალებები. ნაჩვენებია გლუკოკორტიკოიდები. კარგ ეფექტს იძლევა ლორწოს ამოქაჩვა სასუნთქი გზებიდან ელექტროტუმბოს მეშვეობით. მძიმე სტენოზის დროს გამოიყენება ნაზოტრაქეალური ინტუბაცია ან ქვემო ტრაქეოსტომია.

დიფთერია – პროფილაქტიკა. აქტიური იმუნიზაცია – წარმოადგენს დიფთერიასთან წარმატებულ ბრძოლის მეთოდს. იმუნიზაცია უტარდება ყველა ბავშვს. ადსორბირებული ყივანახველა-დიფთერია-ტეტანუსის ვაქცინითა და ადსორბირებული დიფთერიულ-ტეტანუსის ანატოქსინით. პირველადი ვაქცინაცია ტარდება 3 თვის ასაკში სამჯერადად 0,5 მლ ვაქცინის შეყვანით 1,5 თვიანი ინტერვალებით. რევაქცინაცია ტარდება იმავე დოზით 1,5-2 წლის შემდეგ; 6 და 11 წლის ასაკში ტარდება რევაქცინაცია მხოლოდ დიფთერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგოდ. დიფთერიით დაავადებულები საჭიროებენ სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიფთერია – მწვავე ინფექციური დაავადება გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, იშვიათად სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების, იშვიათად სხვა ორგანოების, კრუპოზული ან დიფთერიული ანთებით, და ზოგადი ინტოქსიკაციით.

.