ყივანახველა

ყივანახველა pertussis 

ყივანახველა – მწვავე ინფექციური დაავადებაა, მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს, ხასიათდება სპაზმური ხველის შეტევებით. ყივანახველა  ძირითადად აღინიშნება ა ადრეული ასაკისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.

ყივანახველის  ეპიდემიოლოგია. ყივანახველის  ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც იმყოფება დაავადების ადრეულ (კატარალურ) ფაზაში. ყივანახველა გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. ყივანახველათი ხშირად ავადდებიან ბავშვები, განსაკუთრებით 2 – 4 წლის ასაკში. დაავადებულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის ახლო კონტაქტი, შეჯგუფება, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. აღინიშნება ყივანახველის   როგორც ერთეული (სპორადული) შემთხვევები, ასევე აფეთქებები. ყივანახველის   განვითარების ალბათობა მატულობს წელიწადის ცივ და ნესტიან დროს.

ყივანახველის ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების გამომწვევია Bordetella pertusis–უმოძრაო, გრამუარყოფითი ჩხირი, რომელიც ნაკლებად მდგრადია გარემოში. ინფექციის შეჭრის კარია ზედა სასუნთქი გზები, სადაც ვეგეტირდება ყივანახველას ჩხირი. გამომწვევი პირველ რიგში მოქმედებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და იწვევს მის ანთებას დაავადების ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე. მოგვიანებით, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის, ორგანიზმის ალერგიული მდგომარეობის შედეგად ვითარდება კრუნჩხვითი ხველების შეტევები. მძიმე ფორმების დროს ვითარდება ჰიპოქსია. ყივანახველის პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ალერგიული მექანიზმები.

ყივანახველის  სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5 – 7 დღეს. დაავადება იწყება საერთო სისუსტით, შეუძლოდ ყოფნით, ხმის ჩახლეჩით, სურდოთი და ხველებით. კატარალური მოვლენები ვითარდება 4 – 5 დღის განმავლობაში; მშრალი ხველა ფილტვებში დიდი რაოდენობით მშრალი ხიხინებით ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებასთან ერთად შეიძლება აღინიშნებოდეს 8 – 10 დღის განმავლობაში და უფრო მეტ ხანსაც. მოგვიანებით ვითარდება დაავადების კრუნჩხვითი სტადია; ხველის შეტევას თან სდევს სუნთქვის შეკავება, ვლინდება რამდენიმე კრუნჩხვითი ხველის ბიძგები. ამის შემდეგ დგება ხანმოკლე პაუზა და ღრმა ჩასუნთქვა; შემდგომ ვითარდება შემაწუხებელი, კრუნჩხვითი ხველის შეტევა, ავადმყოფის სახე შეშუპებულია, ჰიპერემიულია, ზოგჯერ მოცისფრო ელფერით. გაძლიერებულ ჩასუნთქვას თან სდევს ენის მნიშვნელოვნად წინ გამოწევა, რომლის ლაგამზეც, კბილით გამოწვეული ტრამვის შედეგად, ჩნდება პატარა ჭრილობა. კრუნჩხვისებურ ხველას, ზოგჯერ, მივყავართ სკლერის სისხლჩაქცევებამდე, ცხვირიდან სისხლდენებამდე. იშვიათად, განსაკუთრებით ადრეულ ბავშვთა ასაკში, შესაძლებელია განვითარდეს ღებინება, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. კრუნჩხვითი ხველის შეტევის დროს, რამდენიმე ხველებითი ბიძგის შემდეგ, ვლინდება რეპრიზი – მსტვინავი, დაგრძელებული ხმა, რაც გამოწვეულია ჰაერის სწრაფი გატარებით ჯერ კიდევ დახურულ ხმოვან ნაპრალს შორის. ხველის შეტევებს თან სდევს მთელი სასუნთქის მუსკულატურის დაძაბულობა. შეტევის ბოლოს გამოიყოფა მცირე რაოდენობით მინისებრი ლორწო. შეტევების დამთავრების შემდეგ, ბავშვი თავს საკმაოდ დამაკმაყოფილებლად გრძნობს. კრუნჩხვითი სტადიის პირველ 15 – 20 დღეს, კრუნჩხვითი ხველის შეტევები ხშირდება, ხდება განსაკუთრებით შემაწუხებელი, მძიმე და ხანგრძლივი. დღე – ღამის განმავლობაში შეიძლება იყოს 8 – 10 დან 30 – მდე, ზოგჯერ 40 – მდეც, შეტევა. მოგვიანებით, ისინი იშვიათდება, მოკლდება, ისე შემაწუხებელი აღარ არიან, თუმცა აღინიშნება სქელი, წებოვანი ნახველის გამოყოფა. ხველის შეტევები ქრება დაავადების მე – 5 – მე – 6 კვირაზე. კრუნჩხვითი შეტევების განვითარების პიკზე სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, ედს – ის შენელება. შარდის რაოდენობა მცირდება (ოლიგურია), მისი ხვედრითი წონა იზრდება. ყივანახველას მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს პნევმონიის განვითარებით, რომელიც ჩვეულებრივ გახანგრძლივებულად მიმდინარეობს. ავადმყოფისთვის სიცოცხლის საშიშროებას წარმოადგენს მძიმედ მიმდინარე ბრონქიოლიტი. ყივანახველას ტიპიური და მძიმე ფორმების პარალელურად, არც თუ იშვიათია მისი ატიპიური და წაშლილი ფორმები. წაშლილი ფორმების დროს, ხველის შეტევები მსუბუქად მიმდინარეობს, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე დღე. ატიპიური ფორმები მიმდინარეობენ კრუნჩხვითი ხველის გარეშე. დაავადების ამ ფორმების დროს ბავშვების განწყობილება მნიშვნელოვნად არ იცვლება.

ყივანახველის  მკურნალობა ტარდება ბინაზე. ჰოსპიტალიზაცია საჭიროა დაავადების მძიმე ფორმების დროს, ასევე გართულებების დროს. რეკომენდებულია ავადმყოფის სუფთა ჰერზე ყოფნა. ადრეული ასაკის ბავშვებში მძიმე და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს ან გართულებებისას ინიშნება ანტიბიოტიკები.

ყივანახველის  პროფილაქტიკა. იმუნოპროფილაქტიკა ადსორბირებული ყივანახველა-დიფთერია-ტეტანუსის ვაქცინით. ბავშვებში სიცოცხლის პირველ წელს ავადმყოფებთან კონტაქტისას რეკომენდებულია სპეციფიკური გამაგლობულინი (3 მლ ორჯერადად 1 დღის ინტერვალით); ავადყოფის იზოლაცია გრძელდება 30 დღე დაავადების დაწყებიდან.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.