თურქული

თურქული murrain

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თურქული მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აფთოზური დაზიანებით, ხელის თითების კანის დაზიანებით. მიეკუთვნება ზოონოზებს.

თურქული – ეპიდემიოლოგია. ადამიანისთვის ინფექციის წყაროსა და რეზერვუარს წარმოადგენენ წყვილჩლიქოსანი ცხოველები – უპირატესად ძროხები, რომელთა რძე და ნაწილობრივ შარდი შეიცავენ თურქულის გამომწვევებს. დასნებოვნება ხდება დაავადებული ცხოველების ახალი რძის გამოყენების შედეგად, უფრო იშვიათად მათთან კონტაქტის გზით, მაგალითად ცხოველების მოვლის პერიოდში.ავადდებიან უპირატესად ბავშვები, რამეთუ ისინი საკვებად, რძეს უფრო ხშირად გამოიყენებენ, ვიდრე მოზრდილები. აუდუღარი ან არაპასტერიზებული რძის გამოყენება ხელს უწყობს ცალკეული დაავადებების და ეპიდემიური აფეთქებების განვითარებას. დაავადება, უკვე დაავადებული ადამიანიდან სხვას არ გადაეცემა.

თურქული – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ვირუსი, რომელიც კარგად ინახება გამოშრობისა და გამრავლების დროს. ანტიგენური თვისების მიხედვით თურქულის ვირუსები იყოფა 7 ტიპად; თითოეული ტიპი კი –  რამდენიმე ვარიანტად. ინფექციის კარია პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ან დაზიანებული კანი. ჩანერგვის ადგილზე ვითარდება პირველადი აფთი. შემდეგ ვირუსები ჰემატოგენურად ვრცელდება ორგანიზმში და ფიქსირდება ლორწოვანი გარსის ეპითელიუმსა და ხელის თითების კანში. აქ წარმოიქმნება მეორადი აფთები. ვითარდება ზოგადტოქსიკური გამოვლინებები.

თურქული – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-დან 12 დღემდე (ხშირად 3-8 დღის განმავლობაში). დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 400 C. ცხელება გრძელდება 5-6 დღე. დაავადების დაწყებიდან მალევე ვლინდება ლორწოვანი გარსების დაზიანება – წვა პირის ღრუში, ნერწყვდენა, თვალების გაწითლება, მტკივნეული შარდვა. მკვეთრად ჰიპერემიული პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ჩნდება დიდი რაოდენობით წვრილი ბუშტუკები, ავსებული მუქი მოყვითალო სითხით. დღე-ღამის შემდეგ ბუშტუკების ადგილზე წარმოიქმნება წყლულები. ყლაპვა და ლაპარაკი გაძნელებულია. აფთები განლაგებულია პირის ღრუს, ცხვირის, საშოს, ურეთრის ლორწოვანზე. ზოგჯერ ზიანდება კანი, განსაკუთრებით თითებს შორის ნაკეცებში და ფრჩხილების ირგვლივ. გამოჯანმრთელება დგება ხშირად 10-15 დღის შემდეგ. დიაგნოსტიკის დროს საჭიროა დიფერენცირება აფთოზური სტომატიტებისაგან, ჰერპანგინისაგან და სხვ. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ვირუსის გამოყოფა და სეროლოგიური რეაქციები.

თურქულიდიაგნოზი დადგენა ხდება ეპიდემიოლოგიური მონაცემებისა და კლინიკური მიმდინარეობის საფუძველზე. გამოიყენება აგრეთვე სეროლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდები (კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია, პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქცია). დიფერენციალური დიაგნოზიტარდება სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლულოვან სტომატიტთან. პროფილაქტიკა. მხოლოდ ადუღებული და პასტერიზებული რძის გამოყენება. მსხვილ რქოსან ცხოველებზე ვეტერინარული კონტროლი; დაავადებული ცხოველების აღმოჩენა და იზოლაცია; ჯანმრთელი ცხოველების ვაქცინაცია; დეზინფექცია.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები