სალმონელოზი

სალმონელოზი salmonellosis

სალმონელოზი სალმონელებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით, უსიმპტომო მტარებლობიდან მძიმე სეპტიკურ ფორმებამდე. მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით (გასტროენტერიტები, კოლიტები).

სალმონელოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია სალმონელების დიდი ჯგუფი, რომელშიც შედის დაახლოებით 2000 სეროტიპი. სალმონელები წარმოადგენენ გრამუარყოფით ჩხირებს, არინ მოძრავნი, კარგად იზრდებიან ყველა საკვებ ნიადაგებზე, ხანგრძლივად ძლებენ გარემოში, პროდუქტებში, ხოლო ზოგიერთ მათგანში (რძე, ხორცის პროდუქტები) უნარი აქვთ გამრავლდნენ და არ ცვლიან პროდუქტის გარეგნულ სახესა და გემოს.ინფექციის შეჭრის კარია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი, სადაც სალმონელები პარაზიტობენ მაკროფაგებსა და რეტიკულოციტებში. გენერალიზებული ფორმის დროს სალმონელები ხვდებიან სისხლში, სეპტიკურად ვრცელდებიან სხვადასხვა ორგანოებში, სადაც წარმოქმნიან ჩირქოვან კერებს. სალმონელების მიერ გამოყოფილი ენდოტოქსინი განაპირობებს შინაგანი ორგანოების მრავალფეროვან დაზიანებას. მძიმე ფორმების დროს შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოვნება, ასევე ინფექციურ-ტოქსიკური შოკი.

სალმონელოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 6 საათიდან 3 დღემდე. განსაკუთრებით გავრცელებული გასტროინტენსტინური ფორმა იწყება მწვავედ, სხეულის ტემპერატურის მომატებით 38-40 გრადუს C-მდე, შემცივნებით და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. ვლინდება ასევე ტკივილი ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ – ფაღარათი. განავალი თხიერია, წყლიანი, ცუდსუნიანი, დღეში 10-15-ჯერ. ტენეზმები, ცრუ სურვილი დეფეკაციისა, ასევე განავალში სისხლი შერევა არ აღინიშნება. უხვი ხშირი დეფეკაციის დროს და განმეორებითი ღებინებისას შესაძლებელია განვითარდეს გაუწყლოვნების სინდრომი: წყურვილი, ოლიგურია, ტუჩების ციანოზი, თვალების ჩავარდნა, კანის დანაოჭება, კრუნჩხვები, არტერიული წნევის დაცემა. ცხელება გრძელდება 2-5 დღე. დაავადების მსუბუქი ფორმის დროს აღინიშნება სუბფებრილიტეტი, ერთჯერადი ღებინება და მცირედი ფაღარათი, აღნიშნული მოვლენები გაივლის 1-2 დღეში. ტიფისებრი ფორმა თავისი გამოვლინებებით თითქმის არ განსხვავდება მუცლის ტიფისაგან; დიაგნოზი ზუსტდება სალმონელების ჰემოკულტურის გამოყოფის შემდეგ. განსკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს სალმინელოზის სეპტიკური ფორმა. იგი იწყება მწვავედ, თან ახლავს გამოხატული ტოქსიკოზი, ცხელება, განმეორებითი შემცივნება და ოფლიანობა, რაც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. დაავადება ცუდად ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას. მეორადი ჩირქოვანი კერები ხშირად ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (ოსტეომიელიტები, ართრიტები, სპონდილიტები). ზოგჯერ აღინიშნება სეპტიკური სალმონელოზური ენდოკარდიტი, აორტიტი აორტის ანევრიზმის შემდგომი განვითარებით, ჩირქოვანი მენინგიტები, იშვიათად ღვიძლის აბსცესი, ჩირქოვანი სტრუმიტი, საკვერცხის ინფიცირებული ცისტა. სალმონელოზის კოლიტური ფორმა მსგავსია მწვავე დიზენტერიისა. შესაძლებელია ტენეზმები, ცრუ სურვილები, განავალში სისხლის შერევა, კატარულ-ჰემორაგიული პროქტოსიგმოიდიტი (რექტორომანოსკოპიით) და სხვ. დიაგნოსტიკისათვის, გარდა კლინიკური გამოვლინებებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურებისათვის მნიშვნელობა აქვს ასევე გამომწვევის გამოყოფას.

სალმონელოზი – პროგნოზი. უმრავლეს შემთხვევაში დგება გამოჯანმრთელება. ცალკეულ ავადმყოფებთან ფორმირდება ქრონიკული ბაქტერიომტარებლობა, მიმდინარეობის ყველა კლინიკური ვარიანტის დროს.

სალმონელოზი – პროფილაქტიკა. ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობა საქონელზე, კონტროლი ხორციანი პროდუქტებისა და თევზეულის მომზადებისას.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.