კერატიტი

კერატიტი keratitis

კერატიტის სიმპტომებია: სინათლის შიში, ცრემლდენა, ბლეფაროსპაზმი, გამოხატული პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია, რქოვანას გამჭირვალობის დარღვევა >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კერატიტი თვალის რქოვანა გარსის ანთება.

კერატიტი ეტიოლოგია, პათოგენეზი. წარმოიქმნება ეგზოგენური (პნევმოკოკი, გონოკოკი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ჰერპესის ვირუსი, ადენოვირუსი, სოკოები და სხვ.) ან ენდოგენური (ტუბერკულოზი, სიფლისი და სსვ.) ინფეცქიური ფაქტორებით. ეგზოგენური კერატიტები შესაძლოა განვითარდეს კონიუქტივიტების დროს რქოვანას კვების დარღვევების შედეგად, რაც გამოწვეულია შეშუპებული კონიუნქტივით სისხლძარღვოვანი ქსელის გაჭყლეტის, ბადურაზე კონიუქტივალური სეკრეტის ტოქსიკური ზემოქმედებისა და მის ქსოვილში დაავადების გამომწვევის შეღწევით. რქოვანას მცირე დეფექტების დროს კერატიტის გამომწვევი შესაძლოა იყოს დაკრიოცისტიტების დროს საცრემლე პარკიდან გამოყოფილი მიკრობები, ან ნორმალური კონიუნქტივის მიკრობები. ეგზოგენური კერატიტის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს რქოვანას გამოშრობა და მეორადი ინფიცირება ლაგოფთალმის დროს. ენდოგენური კერატიტები გამოწვეულია თვალში გამომწვევის, მისი ცხოველქმედების ტოქსიკური და დაშლის პროდუქტების ჰემატოგენური გზით მოხვედრისას, ან წარმოიქმნება ალერგიული რეაქციის, სამწვერა კვანძის და სამწვერა ნერვის პირველი ტოტის დაზიანების და ავიტამინოზების დროს რქოვანას ნივთიერებათა ცვლისა და ტროფიკის დარღვევების შედეგად.

კერატიტი  სიმპტომები. სინათლის შიში, ცრემლდენა, ბლეფაროსპაზმი, გამოხატული პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია, რქოვანას გამჭირვალობის დარღვევა. მასში ვითარდება ინფილტრატები: წერტილოვანი, კვანძოვანი, ხაზობრივი, პოლიმორფული, იზოლირებული ან შერწყმული, შემოსაზღვრული ან დიფუზური, ზედაპირული ან ღრმა. რქოვანა ხდება დაბინდული, მქრქალი, ხორკლიანი. მის ქსოვილში ხშირად ვითარდება სისხლძარღვები – ზედაპირული, რომლებიც გამოდიან კონიუნქტივიდან, და ღრმა – ეპისკლერული ან სკლერული წარმოშობის. რქოვანას მგრძნობელობა დაქვეითებულია ან არ არსებობს. ინფილტრატები სწრაფად გაიწოვებიან ან მათ ადგილზე ფორმირდება სხვადასხვა ინტენსივობის შემღვრევები. შესაძლებელია რქოვნას წყლულის განვითარება. ნეიროპარალიზური კერატიტის დროს თვალის გაღიზიანება არ აღინიშნება, ან სუსტადაა გამოხატული. ვლინდება რქოვანას ტაქტიკული მგრძნობელობის მკვეთრი დაქვეითება ან სრული გაქრობა. არაიშვიათად ერთვის ნევრალგიური ტკივილები. რქოვანას ტუბერკულოზურ-ალერგიული ანთება მიმდინარეობს ფლიქტენური კერატიტის სახით: ლიმბთან წარმოიქმნება მორუხო, ნახევრადგამჭირვალე შემაღლებები – ფლიქტენები, რომლებთანაც მოდის სისსხლძარღვთა კონა. ტუბერკულოზური ინფექციის დისემინაციის დროს აღნიშნება ღრმა დიფუზური კერატიტი – რქოვანას ღრმა შრეებში გავრცელებული ჰომოგენური შემღვრევის ფონზე აღინიშნება ინფილტრაციის მოყვითალო-რუხი, მცირე ზომის კერები, ღრმა სისხლძარღვები. ხშირია ირიტის მოვლენები. კლინიკური მრავალფეროვნებითაა გამორჩეული რქოვანას ჰერპესული დაავადებები. ისინი იყოფიან ზედაპირულად და ღრმად და შესაძლებელია მიმდინარეობდნენ წერტილოვანი, ვეზიკულური, ხისებრი, წყლულოვანი, დისკოიდური, ბულოზური და პოლიმორფული კერატიტების სახით. არაიშვითად პროცესს აქვს მძიმე, დუნედ მიმდინარე კერატოირიდოციკლიტის სახე. რქოვანას რეგენერაცია შენელებულია. პარენქიმული სიფილისური კერატიტის დროს რქოვანას გარსის პერიფერიაზე საშუალო და ღრმა შრეებში წარმოიქმნება მორუხო-თეთრი დიფუზური ინფილტრატი, რომელიც ნელა ვრცელდება და მოიცავს მთელ რქოვანას ან მის უდიდეს ნაწილს. რქოვანას ქსოვილში იზრდება ღრმა სისხლძარღვები.

კერატიტი მკურნალობა. ეგზოგენური კერატიტების დროს – ადგილობრივად სულფანილამიდების და ანტიბიოტიკების გამოყენება წვეთების ან მაზის სახით. რქოვანას ტუბერკულოზური და სიფილისური დაზიანებების დროს – სპეციფიკური თერაპია; ჩვენების მიხედვით – მიდრიატიკები, მიოტიკები, შეხორცების პერიოდში – გამწოვი პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები, ულტრაბგერა და სხვ.

კერატიტი პროგნოზი. დროული და სწორად ჩატარებული მკურნალობის დროს ზედაპირული ინფილტრატები, როგორც წესი, გაიწოვება მთლიანად ან ტოვებს მსუბუქ შემღვრევას. ღრმა კერატიტები იწვევენ რქოვანას მეტ-ნაკლები ინტენსივობის შემღვრევებს და მხედველობის დაქვეითებას, განსაკუთრებით კერის ცენტრალური მდებარეობის დროს.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები