ლალი დათეშიძე
აგრანულოციტოზი – სისხლში ლეიკოციტების რიცხვის (1 მკმ-ში 1000-ზე ნაკლები) ან გრანულოციტების რიცხვის (სისხლის 1 მკმ-ში 750-ზე ნაკლები) შემცირება. აგრანულოციტოზი, როგორც წესი, წარმოადგენს რომელიმე ზოგადი დაავადების სინდრომს. უფრო ხშირად გვხვდება მიელოტოქსიკური და იმუნური აგრანულოციტოზი. ეს უკანასკნელო შესაძლებელია განპირობებული იყოს ავტოანტისხეულების (მაგალითად სისტემური წითელი მგლურას დროს) და ანტისხეულების გაჩენით გრანულოციტების მიმართ, ასევე მედიკამენტებით, რომლებიც წარმოადგენენ ჰაპტენებს (ორგანიზმში მოხვედრისას ეს მედიკამენტები ცილასთან შეკავშირებით იძენენ ანტიგენების თვისებებს). ჰაპტენური აგრანულოციტოზი ვითარდება დიაკარბის, ამიდოპირინის, ანტიპირინის, აცეტილსალიცილის მჟავას, ბარბიტურატების, იზონიაზიდის, მეპროტანის, ფენაცეტინის, ბუტადიონის, ნოვოკაინამიდის, ინდომეტაცინის, ლევამიზოლის, სულფანილამიდების, მეტიცილინის, ტრიმეტოპრიმის, ქინგამინის, ინსექტიციდების, კლოზაპინის ზემოქმედებით.
პათოგენეზი შესწავლილი არ არის. ავტოიმუნური ფორმების დროს გრანულოციტებისა და მათი ძვლისტვინოვანი წინამორბედების ადრეული დაღუპვა განპირობებულია ავტოანტისხეულებით. ჰაპტენური აგრანულოციტოზის დროს ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციის მექანიზმი ნათელი არ არის. ერთხელ გამოვლენილი ჰაპტენური აგრანულოციტოზი აუცილებლად განმეორდება ორგანიზმში იგივე პრეპარატ-ჰაპტენის შეყვანისას.
კლინიკური სურათი. აგრანულოციტოზი ხასიათდება მნიშვნელოვანი ნეიტროპენიით, რასაც, თავის მხრის, თან სდევს პირის ლორწოვანის გარსის ნეკროზული დაწყლულება, ცხელება, სისუსტე. აგრანულოციტოზი, ყველაზე ხშირად, არის წამლებზე ალერგიული რეაქციის შედეგი და დაკავშირებულია წამლისმიერი დაავადების სხვა სიმპტომებთან. შეიძლება განვითარდეს ამიდოპირინის, ლევომიცეტინის მიღებისას, აგრეთვე იმ პრეპარატების გადაჭარბებული მიღებისას, რომლებსაც გააჩნიათ ციტოსტატიკური მოქმედება (მერკაპტოპურინი, ვინბლასტინი). იშვიათ შემთხვევებში ვითარდება სხივური ზემოქმედების შედეგად. აგრანულოციტოზის კლინიკური გამოვლინებების ძირითადი საფუძველია ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება. ამასთან ერთად, იმ ავადმყოფებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვა დაავადების კლინიკური ნიშნები და ამის გამო, იღებენ ამა თუ იმ პრეპარატს, მწვავედ უვითარდებათ საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, აღინიშნება შემცივნება, ცხელება. დამახასიათებელია ანგინის სიმპტომების წარმოქმნა, პირის ღრუს და ხორხის ლორწოვანი გარსის წყლულოვან-ნეკროზული დაზიანება ლიმფური კვანძების გადიდებით. ავადმყოფთა მდგომარეობა შეიძლება სწრაფად დამძიმდეს თვით ადინამიის განვითარებამდე და გონების დაბინდვამდეც კი.
დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს სისხლის გამოკვლევას, სადაც აღინიშნება ნეიტროფილებისა და ეოზინოფილების არარსებობა. აგრანულოციტოზის პროფილაქტიკის მიზნით, იმ პრეპარატებით მკურნალობისას, რომლებიც იწვევენ ლეიკოპენიას (ამიდოპირინი, ბუტადიონი, თირეოსტატიკური საშუალებები), მიზანშეწონილია პერიფერიული სისხლის ხშირი კონტროლი. აუცილებელია ავადმყოფის გამოკითხვა ადრე მიღებული პრეპარატების შესახებ, იმ სამკურნალო საშუალებების დანიშვნაზე თავის შეკავება, რომლებზეც პაციენტს ადრე აღენიშნებოდა მომატებული მგრძობელობა.
მკურნალობა. საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და მისი მოთავსება ასეპტიკურ პირობებში.
ავტოიმუნური აგრანულოციტოზის პროგნოზი განისაზღვრება ძირითადი დაავადებით: სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი და სხვ. ჰაპტენური აგრანულოციტოზი დროს აღინიშნება მაღალი ლეტალობა. რამდენადაც ხშირად ექიმი ვერ ახერხებს დაადგინოს, თუ რომელი მედიკამენტია ჰაპტენი, საჭირო ხდება გამოირიცხოს მათი გამოყენება არა მარტო ავადმყოფობის დროს, არამედ შემდეგშიც (მთელი სიცოცხლის მანძილზე) ასევე ყველა ის საეჭვო პრეპარატები, რომლებიც გამოყენებული იყო უშუალოდ აგრანულოციტოზის განვითარებამდე. სწორედ ეს მეთოდია განმეორებითი ჰაპტენური ტიპის აგრანულოციტოზის პროფილაქტიკა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 7094 times by 2805 viewers



