ანემიები

ანემიები anemia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ანემიები (სისხლნაკლებობა)სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის დაკარგვით, ორგანიზმში რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის დეფიციტით, ჰემოლიზის გაძლიერებით, ძვლის ტვინის აპლაზიით. ანემიის სიმძიმე დამოკიდებულია მის გამოხატულებაზე, გამომწვევი დაავადების ხასიათზე. კლინიკურად დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, თავბრუსხვევა, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, ტაქიკარდია.ხანგრძლივი მიმდინარეობისას, შეიძლება განვითარდეს მიოკარდიოდისტროფია გულის ზომების გაზრდით, ფუნქციონალური სისტოლური შუილის გაჩენით, გულის შეგუბებითი უკმარისობა.

მწვავე სისხლდენის დროს პირველ საათებში ჰემოგლობინის და ერითროციტების დონე სისხლში რჩება ნორმის ფარგლებში, თუმცა აღინიშნება სისხლნაკლებობის აშკარა ნიშნები-კანისა და კონიუნქტივის სიფერმკრთალე, გულის ფრიალი და ქოშინი უმნიშვნელო დატვირთვისას, მძიმე შემთხვევებში კი არტერიული წნევის დაცემაც. ანემია ყოველთვის მეორადია, ანუ წარმოადგენს რაიმე ზოგადი დაავადების სიმპტომს. ანემიის ხშირ და ადვილად დიაგნოსტირებად ფორმებთან ერთად არსებობს აგრეთვე ძალიან იშვიათი ანემიური სინდრომები, რომლებიც მოითხოვენ დიაგნოსტიკის რთულ მეთოდებს. ანემიის ზოგიერთი ფორმების დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში.

 

მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია – სისხლნაკლებობა გამოწვეული სისხლის მწვავე დაკარგვით ხანმოკლე დროის განმავლობაში. სისხლის მინიმალური დანაკარგი, რომელიც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის არის 500 მლ.

ეტიოლოგია. სისხლის დაკარგვის მიზეზები შეიძლება იყოს ტრავმები, ქირურგიული ჩარევები, სისხლდენა კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულის დროს, საყლაპავის გაფართოებული ვენებიდან, ჰემოსტაზის დარღვევისას, საშვილოსნოსგარეთა ორსულობისას, ფილტვების დაავადებებისას და ა. შ. პათოგენეზი წარმოდგება მწვავე სისხლძარღოვანი უკმარისობის მოვლენებით, რაც განპირობებულია პირველ რიგში სისხლძარღვოვანი კალაპოტის მწვავე დაცარიელებით, პლაზმის დანაკარგით; მასიური სისხლდაკარგვის დროს ვითარდება ჰიპოქსია, როდესაც ეს დანაკარგი უკვე ვეღარ კომპენსირდება ცირკულაციის დაჩქარებით, გულის შეკუმშვების გახშირების ხარჯზე.

კლინიკური სურათი. სისხლძარღვოვანი დარღვევები: გულის ფრიალი, ქოშინი, არტერიული და ვენური წნევის დაცემა, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. ამ ცვლილებების გამოხატულება მჭიდრო კავშირში არ არის მხოლოდ სისხლდაკარგვის ხარისხთან, ვინაიდან ხშირად კოლაფსი ვლინდება ასევე ტკივილის, ტრავმის გამო, რამაც გამოიწვია სისხლდენა. შინაგანი სისხლდენის არსებითი ნიშანია უეცარი სიმშრალე პირის ღრუში. კლინიკური სურათის სიმძიმე განისაზღვრება როგორც დაკარგული სისხლის რაოდენობით, ასევე სისხლდენის სიჩქარითაც. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ასევე სისხლდენის წყაროს. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას შესაძლოა თან ახლდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, ინტოქსიკაციის სურათი, სისხლში შარდოვანას დონის მომატება; ღრუში სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოებზე ზეწოლა და სხვ.

რკინადეფიციტური ანემიები უკავშირდება ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რაც თავდაპირველად იწვევს კანის მრავლობით ტროფიკულ დარღვევებს (კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის დაცვენა), ვინაიდან უარესდება ქსოვილოვანი სუნთქვის ფერმენტების ფუნქცია, რომლებიც შეიცავს რკინას, ხოლო შემდეგში ირღვევა ჰემოგლობინის წარმოქმნა, ვითარდება ჰიპოქრომული ანემია.

ეტიოლოგია, პათოგენეზი განისაზღვრება ორგანიზმში რკინის დეფიციტით: უმრავლეს შემთხვევაში წამყვან როლს ასრულებს ქრონიკული სისხლდენები, რომლებიც ვერ კომპენსირდება ორგანიზმში საკვებთან ერთად რკინის შესვლით. განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ავადმყოფები წვრილი ნაწლავი რეზექციით ან მისი მძიმე დაზიანებით.

კლინიკური სურათი. დამახასიათებელია სისუსტე, ადვილად დაღლა, ყაბზობა, თავის ტკივილი, გემოვნების გაუკუღმართება, ფრჩხილების მტვრევადობა, დეფორმაციები და სხვა ცვლლებები, თმის დაცვენა, იმპერატიული სურვილი მოშარდვისა, შარდვის შეუკავებლობა. გარდა ამ ნიშნებისა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს ჰემოგლობინის დონის ცვლილებასთან, აღინიშნება ყველა სახის ანემიის ათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები: კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას. კლინიკურ სურათში მნიშვნელობა აქვს დაავადების ხასიათს, რომელიც განსაზღვრავს რკინის დეფიციტს. სისხლის გამოკვლევით ვლინდება ანემია. ფერადობის მაჩვენებელი ჩვეულებრივ დაბალია (ზოგჯერ 0,5-ზე ქვევით); აღინიშნება ერითროციტების გამოხატული ჰიპოქრომია, პოიკილოციტოზი; ედსი უმნიშვნელოდ მომატებულია. დაავადების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია შრატის რკინის დონის დაქვეითება (ნორმა მამაკაცებში არის 13-28 მმოლ/ლ; ქალებში 11-26 მმოლ/ლ). რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის დადგენა ხდება ჰემგლობინის დონის დაქვეითებისას და დაბალი ფერადობის მაჩვენებლის დროს, ტიპური ტროფიკული დარღვევების ფონზე. მას ადასტურებს რკინისა და ფერიტინის დაბალი დონე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა დადგინდეს რკინის დეფიციტის მიზეზი, რის შემდეგაც ფორმირდება დაავადების დიაგნოზი მთლიანობაში. ფერადობის დაბალი მაჩვენებლით, მაგრამ შრატისმიერი რკინის დონის დაქვეითების და დამახასიათებელი ტროფიკული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს თალასემია და პორფირინების სინთეზის დარღვევით გამოწვეული ანემიები. სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა შესაძლებელია მიმდინარეობდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. ფარული სისხლდენის სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს სისხლჩაქცევა ფილტვის პარენქიმაში იზოლირებული ფილტვისმიერი ჰემოსიდეროზის დროს. დაავადება ხასიათდება პნევმონიის მორეციდივე ეპიზოდებით, რკინადეფიციტური ანემიის განვითარებით, რასაც თან ახლავს რეტიკულოციტების დონის პერიოდული მომატება სისხლში. სხეულის ტემპერატურა ხშირად მაღალი არ არის, ფილტვებში ჩრდილების წარმოქმნა განპირობებულია სისხლჩაქცევებით. განმეორებითმა ფილტვისმიერმა სისხლჩაქცევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვისმიერი ჰემოსიდეროზის განვითარება. საეჭვო შემთხვევებში ტარდება ფილტვების ბიოფსია. ფილტვის ჰემოსიდეროზის აღწერილი სურათი შერწყმული მძიმე პროგრესირებად ნეფრიტთან – გუდსპაჩერის სინდრომს – ასევე შესაძლოა თან ახლდეს რკინადეფიციტური ანემია. გუდსპაჩერის სინდრომი ვითარდება თირკმლის გორგლების ბაზალური მემბრანებისადმი ავტოანტისხეულების წარმოქმნით; ეს ანტისხეულები მოქმედებენ ფილტვის ალვეოლების ბაზალურ მემბრანებზეც. მსგავს კლინიკურ სურათს იძლევა თირკმლის გორგლების ენდოთელისა და ფილტვის სისხლძარღვების დაზიანება იმუნური კომპლექსებით, რომლებიც შესაძლებელია გაჩნდნენ ინფექციური პროცესის პასუხად და ვლინდება იმუნოფლუორესცენტული მეთოდით თირკმელების ბიოპტატში ან ფილტვის ქსოვილში. იმუნური კომპლექსები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კრიოგლობულინებით, რომლებიც ცირკულირებენ სისხლში, ლაგდებიან სისხლძარღვების ენდოთელის ქვეშ და იწვევენ გენერალიზებული ვასკულიტის განვითარებას, მაგალითად, შონლაინ-ჰენოხის დაავადებას. რკინა-დეფიციტური ანემია შესაძლებელია შედეგი იყოს ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესისა (ქრონიკული პიელიტი, სეფსისი და სხვ.). სისხლდენის ფარული წყარო შესაძლებელია იყოს ე. წ. შოკოლადის კისტები. ხშირად ლაპარაკია საკვერცხეების კისტებზე, რომელთა განმეორებითი სისხლჩაქცევები იწვევენ რკინის დეფიციტს. ეს კისტები ვლინდება გინეკოლოგიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ულტრაბგერითი გამოკვლევით. რკინის არასაკმარისი შეღწევა ორგანიზმში შესაძლოა მიზეზი გახდეს რკინადეფიციტური ანემიისორსულობისა და ლაქტაციის დროს, სქესობრივი მომწიფებისას გოგონებში, თუმცა ყველა ამ შემთხვევებში ჩვეულებრივ ადგილი აქვს ფარულ დეფიციტს. რკინადეფიციტური ანემია შესაძლოა აღინიშნებოდეს დღენაკლულებში და ბავშვებში მრავალნაყოფიანი ორსულობიდან. მენორაგიები და მეტრორაგიები, სისხლდენები ჰემოროის დროს, ცხვირიდან სისხლდენები ხშირად მიზეზია ანემიის განვითარებისა. თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია გამოირიცხოს სისხლდენის სხვა შესაძლო მიზეზები, ვინაიდან ზოგჯერ ანემია განპირობებულია არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზეზით. რკინადეფიციტური ანემიის განვითარება მოხუცებულობით ასაკში მოითხოვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შესაძლო სიმსივნის გამორიცხვას. მკურნალობა. პირველ რიგში აუცილებელია სისხლდენის მიზეზის მოხსნა. ინიშნება რკინის პრეპარატები. რკინის პრეპარატებს ჩვეულებრივ ღებულობენ რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლდენის შენარჩუნებული წყაროს არსებობისას (მაგალითად, მენორაგია); მათ ნიშნავენ მცირედი შესვენებებით, თითქმის მუდმივად, უპირველეს ყოვლისა რკინის დეფიციტის სუბიექტურ ნიშნებზე ორიენტირებით (მომატებული დაღლილობა, ძილიანობა), ფრჩხილების მტვრევადობისა და დეფორმაციის გაჩენა, კანის სიმშრალე, ასევე სისხლის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც სწორად ორგანიზებული მკურნალობისას ნორმის ფარგლებშია. რკინის პრეპარატების მიღება აძლიერებს ერითროციტების ძვლისტვინოვან პროდუქციას და სისხლში რეტიკულოციტების დონის მატებას თერაპიის დაწყებიდან 8-12 დღის შემდეგ. აუცილებელი არ არის HCl და B ჯგუფის ვიტამინების დანიშვნა; რკინის შეწოვას რამდენადმე აძლიერებს ასკორბინის მჟავა. მკურნალობა პარენტერალურად შეყვანილი რკინის პრეპარატებით ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე მისი მისი მიღება ტაბლეტების სახით. რკინადეფიციტური ანემიის დროს რკინის პარენტერალურად შეყვანის ჩვენებაა მძიმე ენტერიტები, წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა (მაგრამ არა კუჭის რეზექცია). იზოლირებული ფილტვის ჰემოსიდეროზის დროს რკინის პრეპარატებთან ერთად ინიშნება იმუნოდეპრესიული თერაპია. ინფექციური პროცესით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია, მოითხოვს პირველ რიგში აქტიურ ანტიბაქტერიულ თერაპიას. მწვავე პროცესის დროს რკინის პრეპარატების დანიშვნა რეკომენდებული არ არის, თუკი მისი დეფიციტი განპირობებულია მხოლოდ ინფექციით. რკინის პრეპარატებით მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად. სისხლის კონტროლის ჩატარება მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყებიდან 1,5 კვირის შემდეგ, რეტიკულოციტური ზრდის გამოსავლინებლად და ერთი თვის შემდეგ, როდესაც ჰემოგლობინის დონე ჩვეულებრივ უახლოვდება ნორმალურს, შემდეგში კონტროლის ჩატარება მიზანშეწონილია 3 თვეში 1-ჯერ და უფრო იშვიათადაც, თუკი ავადმყოფი კარგად აფასებს რკინის დეფიციტის სუბიექტურ ნიშნებს. სისხლის გადასხმა რკინადეფიციტური ანემიის დროს ნაჩვენები არ არის, გარდა მდგომარეობებისა, რომლებიც უკავშირდება მასიურ სისხლდენასა და მიმდინარეობს მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიის ნიშნებით. რკინადეფიციტური ანემია მოხუცებში საჭიროებს კარდიოტონური საშუალებების ჩართვას, ვინაიდან იგი რთულდება გულისუკმარისობით.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სისხლის სისტემის დაავადებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..