ციტოსტატიკური დაავადება

ციტოსტატიკური დაავადება cytostatic disease

ციტოსტატიკური დაავადება – თავისებური პოლისინდრომული დაავადება, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე ციტოსტატიკური ფაქტორების მოქმედებით; დაავადება ხშირად ვლინდება ღვიძლის დაზიანებით.

ეტიოლოგია. ციტოსტატიკების მიღება, რომელიც გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ, როგორც იმუნოდეპრესანტი, იონიზირებადი რადიაციის ზემოქმედება (ასეთ დროს ლაპარაკობენ სხივურ დაზიანებაზე).

პათოგენეზი. დიდი რაოდენობით დაყოფადი უჯრედების დაღუპვა ძვლის ტვინის გამოფიტვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეპითელის მთლიანობის დარღვევა, თმის დაცვენა, ასევე ყველა ორგანოებისა და სისტემების სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. განვითარებული აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის წყლულოვან – ნეკროზული ცვლილებები შესაძლოა გართულდეს მეორადი პროცესით: ანგინით, სეფსისით, ჰემორაგიებით, ნაწლავის გახვრეტით და ა. შ. პათოლოგიურ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ციტოსტატიკის დოზა და ზემოქმედების ,,სიმძლავრე”, ანუ დროის ერთეულში მიღებული პრეპარატის რაოდენობა. ციტოსტატიკების ფართო გავრცელება იწვევს შემთხვევით მოწამვლებს, მათი სუიციდური მიზნით გამოყენებისას, ისტერიის დროს.

კლინიკური სურათი წარმოდგენილია თანამიმდევრობით განვითარებული სინდრომებით. თავდაპირველად ვლინდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, რომელიც შემდეგში შესაძლოა შეიცვალოს ჰიპერკერატოზით; ორალურ დაზიანებას მოჰყვება სისხლში ლეიკოციტების, თრომბოციტების, რეტიკულოციტების დაქვეითება. განსხვავებით იმუნური აგრანულოციტოზისაგან, გრანულოციტები მცირდებიან რა რიცხობრივად, არ ქრებიან სრულიად. გრანულოციტოპენიის პიკის დროს ვითარდება ინფექცია/”>ინფექცია (ანგინები, პნევმონიები, აბსცესები ინექციის ადგილზე და სხვ.); ღრმა თრომბოციტოპენიას თან ახლავს სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე კანის ჰემორაგიები. სისხლდენის არარსებობისას აგრანულოციტოზის მაქსიმუმის დროს გამოხატული ანემია არ აღინიშნება, იგი ვლინდება მოგვიანებით. ძვლის ტვინში აღინიშნება უჯრედული შემადგენლობის გამოფიტვა. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაზიანება ვლინდება ნეკროზული ენტეროპათიით. ორგანიზმის ცალკეული სისტემები ციტროსტატიკების ზემოქმედებით ზიანდება სხვადასხვაგვარად. ციკლოფოსფანი იწვევს გამოხატულ იმუნოდეპრესიას, არაღრმა თრომბოციტოპენიას, ნაწლავის დაზიანებას; მიელოსანი, პირიქით, თითქმის არ იწვევს იმუნოდეპრესიას, თითქმის არ აზიანებს ნაწლავს; თრომბოციტოპენია ვლინდება მოგვიანებით (მოწამვლიდან 2 კვირის შემდეგ) და გრძელდება რამდენიმე კვირა. რუბომიცინმა და ადრიაბლასტინმა დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე მიოკარდიტი. ვინკრისტინი იწვევს იმუნოდეპრესიას, ხშირად პოლინევრიტს. ჰეპატოტროპულ მოქმედებას ახდენს უპირატესად ციკლოფოსფანი, 6 – მერკაპტოპურინი. ციტოსტატიკური დაავადების ერთ – ერთი ხშირი გამოვლინებაა სეპტიცემია: მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ შემცივნება, ბაქტერიემია, ინფექციის კერის არარსებობისას. პნევმონიები გამოირჩევიან კლინიკური ნიშნების მცირე გამოხატულებით: შესაძლებელია აღინიშნებოდეს მშრალი ხველა, რენტგენოლოგიური მონაცემები ღარიბია, ხიხინები მცირეა, ისინი წვრილბუშტუკოვანი, ზოგჯერ კრეპიტაციულია.

მკურნალობა ანალოგიურია სხივური დაავადების მკურნალობისა. . აუცილებელია ავადმყოფთა იზოლაცია და ასეპტიკის დაცვა. გადამწყვეტი როლი ენიჭება ანტიბაქტერიულ თერაპიას, თრომბოციტების გადასხმას თრომბოციტოპენიური ჰემორაგიული სინდრომის დროს. გამოხატული ანემიის არარსებობისას სისხლის გადასხმა ნაჩვენები არ არის. საინექციო პრეპარატები შეჰყავთ მხოლოდ ვენაში; პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე.

სისხლის სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.