ბეხტერევის დაავადება / მაანკილოზებელი სპონდილიტი

ბეხტერევის დაავადება , მაანკილოზებელი სპონდილიტი
Bechterew’s disease – ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადება. ძირითადად ზიანდება გავა-თეძოს, მალთაშუა, ნეკნ-მალისა და მალების მორჩების სახსრები.
დაავადება ხასიათდება ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობითა და ანკილოზების განვითარებით;  ხშირად ზიანდება ასევე კიდურების სახსრები, ზოგიერთ ავადმყოფთან კი ვლინდება შინაგანი ორგანოების დაზიანების სიმპტომებიც.

რა არის ანკილოზი

ანკილოზი (ბერძნ. ankysos მრუდე, osis მდგომარეობა) – ძვლების შეზრდა სახსარში, ან მისი ჩანაცვლება ძვლის ქსოვილით (bony ankylosis), ან შემაერთებელი ფიბროზული ქსოვილით (fibrous ankylosis). იგივე სახსრის სრული ჩაკეტვა.

მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცნობილი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის გენეტიკურ თავისებურებებს.
უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები. დაავადება იწყება სიცოცხლის მეორე ათწლეულის ბოლოსა და მესამე ათწლეულის დასაწყისში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხერხემლის დაზიანება წარმოადგენს მაანკილოზებელი სპონდილიტის აუცილებელ სიმპტომს.
დაავადება იწყება ხერხემლის ტკივილით, ხშირად წელისა და გავის არეში, რომელიც ძლიერდება ღამით;
დამახასიათებელია დილის შებოჭილობა.
მოგვიანებით აღნიშნულ სიმპტომებს უერთდება ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა:
ავადმყოფს არ შეუძლის იატაკიდან რაიმეს აღება მუხლებში მოუხრელად, ქვეითდება გულმკერდის სუნთქვითი ექსკურსია.
დროთა განმავლობაში  სწორდება ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკები და ფორმირდება გულმკერდის კიფოზი, ავადმყოფი ღებულობს დამახასიათებელ ,,მათხოვრის პოზას“. დაავადების ეს ფორმა მიმდინარეობს ნელა, მრავალი წლის განმავლობაში, პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით.
ბეხტერევის დაავადების დროს ხშირია კიდურის სახსრების ართრიტი, რომელსაც აქვს ზოგიერთი თავისებურება.
ხშირად ზიანება ქვედა კიდურების მსხვილი სახსრები (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, წვივ-ტერფის), ასევე მხრისა და მკერდ-ლავიწის.
ტიპიურია ოლიგოართრიტი და სახსრების არასიმეტრიული დაზიანება. ზოგჯერ წარმოიქმნება მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრების ართრიტი.
კიდურების სახსრების ართრიტი მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ხშირად ხანგრძლივი არ არის (1-2 თვე), მაგრამ ზოგიერთ ავადმყოფთან შესაძლოა გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივადაც. ამ შემთხვევებშიც კი, განსხვავებით რევმატიული ართრიტისაგან, როგორც წესი, სახსრების დესტრუქცია, მათი დეფორმაციები არ წარმოიქმნება (მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოკლებით შორს წასულ შემთხვევებში). დამახასიათებელია მიალგიები (განსაკუთრებით ზურგის კუნთების), ენტეზოპათიების განვითარება, უპირატესად ქუსლის არეში.

დიაგნოსტიკა

ძირითადი მნიშვნელობა აქვს ხერხემლის რენტგენოგრაფიას.
ადრეული რენტგენოლოგიური სიმპტომია საკროილეიტი, რომელიც შესაძლოა განვითარდეს დაავადების დაწყებიდან 4-6 თვეში.
ხერხემლის სხვა ნაწილების დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები ვლინდება მოგვიანებით. დამახასიათებელია მალათაშუა ფიბროზული დისკების გარეთა ნაწილების გაძვალება, განსაკუთრებით გულმკერდის ნაწილში – ე. წ. სინდესმოფიტების გაჩენა.

მკურნალობა

ძირითადად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
განსაკუთრებული როლი ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას, რომელიც მიმართულია ხერხემლის კუნთების მოძრაობის შენარჩუნებისაკენ და მათი გამაგრებისაკენ, ასევე ზურგის კუნთების მასაჟს.
დამატებითი მნიშვნელობა გააჩნია აპარატულ ფიზიოთერაპიას, ასევე ბალნეო – და ტალახით მკურნალობას.

დაავადებულთა ფიზიკური აქტივობა

დაავადებულთათვის  რეკომენდირებულია აქტიური ცხოვრების წესის დაცვა. რეკომენდირებულია: ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი. მუდმივად უნდა ცდილობდნენ წელში გამართული იყვნენ.
დაავადების გამწვავებისა და ტკივილის შემთხვევაში, ავადმყოფს შეიძლება წოლითი რეჟიმი დაჭირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ფიზიკური ვარჯისია აუცილებელი. დაიხმარეთ გამოცდილი მეთოდისტის.
მჯდომარე საქმიანობით დაკავებულმა ადამიანები ხშირად უნდა წამდგნენ და შეცვალონ ჯდომის პოზა. 

დაავადებულის საწოლი
ბეხტერევის დაავადება

პაციენტის ლოგინი უნდა იყოს მაგარი. სასურველია სპეციალური ორთოპედიული საწოლები.

საკურორტო მკურნალობა

სტაციონარული მკურნალობის შემდეგ დაავადებულემა უნდა  სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.

სტატიები თემაზე  ” ბეხტერევის დაავადება “


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ .“ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

რევმატული დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian