სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

რევმატული დაავადებები

მიკროკრისტალური ართრიტები – სახსრების დაავადებების ჯგუფი, რომლებიც განპირობებულია სახსრებში სხვადასხვა შემადგენლობის მიკროკრისტალების ჩალაგებით. მათ მიეკუთვნება პრინციპულად განსხვავებული ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მქონე დაავადებები. ამასთან, ყველა მათგანს გააჩნია ერთი საერთო ნიშანი – ერთი ან რამდენიმე სახსრის მწვავედ განვითარებული ართრიტი, რომელიც მიმდინარეობს შეტევების სახით. მიკროკრისტალური ართრიტები განსაკუთრებით ხშრად გამოწვეულია ურატების კრისტალებით (პოდაგრა) და კალციუმის პიროფოსფატით (პიროფოსფატური ართროპათია). ამ დაავადებების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახსრების ქსოვილებში (ხშირად სინოვიურ სითხეში) შესაბამისი კრისტალების გამოვლინებას პოლარიზებული მიკროსკოპიის დახმარებით.

პიროფოსფატური ართროპათია – დაავადება, რომელიც გამოწვეულია კალციუმის პიროფოსფატის კრისტალების ჩალაგებით.

ეტიოლოგია დადგენილი არ არის. ცნობილია დაავადების გენეტიკური ფორმები, შემთხვევები, როდესაც პიროფოსფატური ართროპათია ვითარდება როგორც ისეთი დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება, როგორიცაა ჰემოქრომატოზი, ვესტფალ-ვილსონ-კონოვალოვის დაავადება, ჰიპერპარათირეოზი და სხვ. თუმცა ხშირად დაავადების განვითარების ვერანაირ წინაპირობას ვერ ნახულობენ. განსხვავებით პოდაგრისაგან, არაორგანული ფოსფატის ან კალციუმის მეტაბოლიზმის რაიმე სისტემურ დარღვევას, ასევე სისხლში ამ მაჩვენებლების დონის ზრდას პიროფოსფატული ართროპათიის დროს ვერ ნახულობენ. ვარაუდობენ, რომ სახსრის ქსოვილებში არსებობს პიროფოსფატისა და კალციუმის მეტაბოლიზმის ლოკალური დარღვევები. კალციუმის პროფოსფატის კრისტალები ყველაზე უფრო ადრე ლაგდება მის ხრტილებში. სახსრის ღრუში კრისტალების მოხვედრისას ვითარდება ანთება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მორეციდივე მონო- ან ოლიგოართრიტი. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი. დაავადების ე ს ფორმა მოგვაგონებს პოდაგრას და ამიტომ მას ,,ფსევდოპოდაგრა“ ეწოდება. ხშირად პიროფოსფატური ართროპათია მიმდინარეობს სხვაგვარად და მოგვაგონებს ოსტეოართროზს. დამახასიათებელია ზომიერი, საკმაოდ მუდმივი ტკივილი მუხლის, სხივ-მაჯის, ტერფ-წვივის, ასევე სხვა სახსრებში, რომელთა დაზიანება ტიპიური არ არის ოსტეოართროზისათვის. აღნიშნულ სახსრებში ტკივილი პერიოდულად ძლიერდება, მაგრამ არასოდეს არ აღწევს პოდაგრის მსგავს ტკივილს. დათვალიერებისას შესაძლოა გამოვლინდეს სახსრის ზომიერი ანთების ნიშნები. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოგრაფიული გამოკვლევით. პიროფოსფატური ართროპათიისათვის თითქმის პათოგნომურია ქონდროკალცინოზის არსებობა – მენისკის (მუხლის, სხივ-მაჯის სახსრის მიდამოებში), ასევე სასახსრე ხრტილის ჩაკირვა. გარდა ამისა, ვლინდება ოსტეოართროზისათვის დამახასიათებელი ნიშნები. დაავადების ამ ფორმას უწოდებენ ,,ფსევდოოსტეოართროზს“. ცნობილია სხვა კლინიკური ფორმებიც, მაგალითად ფორმა, რომელიც მოგვაგონებს რევმატოიდულ ართრიტს. ამ შემთხვევაში აღინიშნება მტევნის წვრილი სახსრების ანთება.
მკურნალობა სიმპტომატურია; მწვავე ართრიტის განვითარების დროს იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

პოდაგრა – ურატების კრისტალების ჩალაგება სახსრებსა და სხვა ქსოვილებში, რომელიც ვითარდება პურინის ფუძეებისა და შარდმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევების შედეგად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. პურინის ფუძეების მეტაბოლიზმის დარღვევები წარმოიქმნება ძირითადად ამ პროცესის მარეგულირებელი ფერმენტების აქტივობის თანდაყოლილი ან შეძენილი შესუსტების შედეგად. პოდაგრისათვის დამახასათებელი შარდმჟავას დონის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია) წარმოიქმნება პურინის ფუძეების გაძლიერებული დაშლის შედეგად, ან შარდმჟავას დაქვეითებული ექსკრეციით. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ორივე ამ მიზეზს. ცნობილია დაავადებები, ან სიტუაციები, როდესაც პოდაგრა წარმოადგენს მხოლოდ სიმპტომს: მაგალითად, მიელოლეიკოზის, ასევე გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დროს, ტყვიით მოწამვლის, შარდმდენების, რიბოქსინის მიღებისას და სხვ. ჰიპერურიკემია ხელს უწყობს სხვადასხვა ქსოვილებში და  უპირველეს ყოვლისა, სახსრების ხრტილებში შარდმჟავას მარილების-სკურატების დაგროვებასა და ჩალაგებას მიკროკრისტალების სახით. ჰიპერურიკემია აქვეითებს შარდის ბუფერულ თვისებას, რაც ხელს უწყობს მიკროკრისტალების დაგროვებას თირკმელების ინტერსტიციურ ქსოვილში, ასევე შარდგამომტან გზებში კენჭების სახით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვითარდება უპირატესად საშუალო ასაკის მამაკაცებში. აღინიშნება ქვედა კიდურების სახსრების მწვავე მონო- ან ოლიგოართრიტები, პროცესში წინატერფ-ფალანგის სახსრის (დაახლოებით ავადმყოფთა 75%-ში), წინატერფის სახსრების, წვივ-ტერფისა და მუხლის სახსრების ხშირი ჩათრევით. იშვიათად აღინიშნება მტევნების წვრილი სახსრების, სხივ-მაჯისა და იდაყვის სახსრების ართრიტი. პოდაგრულ ართრიტს აქვს დამახასიათებელი თავისებურებები: ხშირად ვითარდება ღამით, ტკივილის ინტენსივობა მატულობს ძალიან სწრაფად და რამდენიმე საათში აღწევს მაქსიმუმს. ტკივილი იმდენად  ძლიერია, რომ სახსრებში მოძრაობა შეუძლებელი ხდება; აღინიშნება კანის ჰიპერემია და სახსრის ზედა ქსოვილის ჰიპერთერმია. შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მომატებაც. ართრიტი დამოუკიდებლად, ან მკურნალობით ჩაცხრება რამდენიმე დღეში და უმრავლეს შემთხვევაში არ ტოვებს არავითარ ნარჩენ ცვლილებებს. პოდაგრული ართრიტის შეტევის განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: საკვებში პურინის ფუძეებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება, ძირითადად ხორცის, ასევე ალკოჰოლური ექსცესი, ოპერაციები, ტრავმები, შარდმდენების, რიბოქსინის მიღება. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტი ანთებითი მოვლენების პერიოდული გაძლიერებითა და შესუსტებით. პოდაგრით დაავადებულთა 15-20%-ს აღენიშნებათ შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის კოლიკის შეტევა შესაძლოა იყოს პოდაგრის პირველი ნიშანი), ასევე ინტერსტიციული ნეფრიტი. ცნობილია შარდმჟავას კრისტალების ჩალაგების ტენდენცია კანის სისქეში, ხშირად სახსრის ზემოთ (იდაყვის, მუხლის) ან ყურის ნიჟარების ხრტილში, სადაც ფორმირდება სხვადასხვა ფორმის, უმტკივნეულო, კვანძოვანი წარმონაქმნები, ე. წ. ტოფუსები. პოდაგრის დროს მუდმივად აღინიშნება შარდმჟავას დონის მომატება სისხლში, რასაც დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

მკურნალობა. მწვავე პოდაგრული პოლიართრიტის დროს იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს მაქსიმალური ან მაღალი დოზებით. გარკვეული მნიშვნელობა აქვს დიეტას: ალკოჰოლის გამორიცხვა, საკვებში პურინის ფუძეებით მდიდარი პროდუქტების გამოყენების (ხორცი, თევზი და მათი პროდუქტები) შეზღუდვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 5757 times by 3220 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka