სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები

სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები

სახსრის ირგვლივი რბილის ქსოვილების რევმატული დაავადებები მყესების (ტენდინიტები, ტენდოვაგინიტები), იოგების (დიგამენტიტები), ძვლებთან ამ სტრუქტურების მიმაგრების ადგილების (ენტეზოპათიები), სინოვიური აბგების (ბურსიტები), აპონევროზებისა და ფასციების (აპონევროზიტები და ფასციიტები) ანთებითი ან დეგენერაციული ხასიათის დაავადებები, რომლებიც განპირობებული არ არის ტრავმით, ჭრილობით, ინფექციით ან სიმსივნით. წარმოადგენს სახსრის მიდამოში ტკივილისა და მოძრაობის გაძნელების ერთ – ერთ ყველაზე უფრო ხშირ მიზეზს. ქვემოთ მოყვანილია ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული დაავადებები.

მხარბეჭის პერიართრიტი. დამახასიათებელი კლინიკური სურათი: ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა მხრის სახსარში შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვადასხვა პერიარტიკულური სტრუქტურების დაზიანების დროს. უფრო ხშირია ორთავა და ქედზედა კუნთის მყესის იზოლირებული ან კომბინირებული დაზიანება, ასევე სუბაკრომიალური აბგის. დაზიანების ზუსტი ადგილსამყოფელის ცოდნა განსაზღვრავს მკურნალობის წარმატებას. ქედზედა კუნთის მყესის დაზიანება შესაძლოა მიმდინარეობდეს მარტივი ტენდინიტის, კალციფიცირებული ტენდინიტისა და მყესის გაგლეჯის სახით. ქედზედა კუნთის მარტივი ტენდინიტი წარმოადგენს მხარ-ბეჭის პერიართრიტის ხშირ ფორმას. დიაგნოსტიკა ემყარება ქედზედა კუნთის დაჭიმვის დროს მტკივნეულობას, რომელიც წარმოიქმნება ავადმყოფის ხელის განზიდვის მცდელობისას. დამახასიათებელია დაუბორნის სიმპტომი: ხელის აქტიური განზიდვა 60 გრ-მდე უმტკივნეულოა, შემდგომ განსაზღვრულ დონემდე (70-90 გრ) წარმოიქმნება მკვეთრი ტკივილი, ხოლო ხელის შემდგომი განზიდვისას ტკივილი გაივლის. ქედზედა კუნთის კალციფიცირებული ტენდინიტის დროს, რომელიც ვლინდება მხრის სახსრის რენტგენოგრაფიით, ტკივილი ჩვეულებრივ უფრო ძლიერია და ვლინდება მშვიდ მდგომარეობაში, მხრის სახსარში მოძრაობის შეზღუდვა უფრო გამოხატულია. დეტალური გამოკვლევით ვლინდება ქედზედა კუნთის მყესის იზოლირებული დაზიანების ნიშნები. მოცემული პათოლოგია ვითარდება უპირატესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებში. ქედზედა კუნთის მყესის გაგალეჯის დროს, რომელიც ხშირია ხანში შესულებში სიმძიმეების აწევისას ან დაცემის დროს, ტკივილთან და მოძრაობის შეზღუდვასთან ერთად, ვლინდება განზიდული ხელის დაჭერის შეუძლებლობა (ვარდნილი ხელის სიმპტომი). ამგვარი კლინიკური სურათის არსებობისას აუცილებელია მხრის სახსრის ართროგრაფია, რათა სრული გაგლეჯის შემთხვევაში ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა.

მხრის ორთავა კუნთის ტენდინიტი ხასიათდება სახსრის წინა გვერდით მიდამოს მყარი ტკივილით, ასევე ბიცეფსის მყესების მტკივნეულობით პალპაციისას. სუბაკრომიული აბგის ბურსიტი ხშირად წარმოადგენს არა დამოუკიდებელ დაავადებას, არამედ ცვლილებების გარცელების შედეგს მისი მეზობელი ქედზედა და ორთავა კუნთების მყესების მხრიდან. სწორედ ამ სტრუქტურების კომბინირებული დაზიანებით აიხსნება გამოხატული ტკივილის არსებობა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს პრაქტიკულად ყველა მოძრაობას (ე. წ. ბლოკირებული ან ,,გაყინული“ მხრის სურათი). რენტგენოლოგიურად რიგ შემთხვევებში ვლინდება გაკირვა სუბაკრომიალური აბგის მიდამოში.

იდაყვის სახსრის პერიართრიტი. განსაკუთრებით ხშირია პერიარტიკულური დაავადებები იდაყვის სახსრის მიდამოში – ენტეზოპათიები მხრის ძვლის ზედაროკის მიდამოში და იდაყვის სახსრის აბგის ანთება (ბურსიტი). მყესების ენტეზოპათიები, რომლებიც ემაგრება მხრის ძვლის ზედაროკს, შეადგენენ პათოლოგიურ საფუძველს კლინიკური სინდრომისა, რომელიც ცნობილია როგორც ჩოგბურთელის იდაყვი. ტკივილი ხშირია გარეთა ზედაროკის მიდამოში, სადაც ემაგრება თითების გამშლელები და წინამხრის სუპინატორი და ძლიერდება ამ კუნთების ნებისმიერი დაჭიმვისას. იდაყვის სახსრის ბურსიტის დიაგნოზის დადგენა ძნელი არ არის. დამახასიათებელია პალპაციისას იდაყვის წანაზარდის ზემოთ გამობერილობის რყევა. სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში განსაკუთრებით ხშირია ტენდოვაგინიტები. დე კერვენის ტენდოვაგინიტი ხასიათდება დიდი თითის გრძელი განმზიდავი და მოკლე გამშლელი კუნთების დაზიანებით. ვლინდება ტკივილით დიდი თითის მოძრაობისას, მცირე შეშუპებით.

მენჯ-ბარძაყის სახსრის პერიართრიტი წარმოადგენს ამ სახსრის მიდამოში წარმოქმნილი ტკივილების ერთ – ერთ ხშირ მიზეზს. ტკივილს რიგ შემთხვევებში აქვს დამახასიათებელი თავისებურებები – ტკივილი მოსვენებით მდგომარეობაში არ აღინიშნება (ის წარმოიქმნება მხოლოდ დაზიანებულ გვერდზე წოლისას ან მჯდომარე მდგომარეობაში – ფეხი ფეხზე), წარმოიქმნება პირველი ნაბიჯების დროს, სიარულის დროს თანდათანობით მცირდება და სრულებით გაივლის. პალპაციით ვლინდება ლოკალური მტკივნეულობა დიდი ციბრუტის მიდამოში. რენტგენოლოგიურად შეიძლება ზოგჯერ გამოვლინდეს დიდი ციბრუტის ფოჩისებრი კონტურები, ჩაკირული მყესებისა და მასთან მიმაგრებული კუნთების ან აქ მდებარე სინოვიური აბგების ხაზოვანი ჩრდილები.

მუხლის სახსრის პერიართრიტი ვლინდება ხშირად მყესების დაზიანებით, რომელიც წარმოდგენილია ე. წ. ბატის ფეხით. დამახასიათებელია ტკივილი როგორც აქტიური, ასევე პასიური მოძრაობების დროს (მოხრა, მკვეთრი გაშლა ან მუხლის მობრუნება), ტკივილი პალპაციის დროს.

სახსრის ირგვლივი რბილის ქსოვილების რევმატიული დაავადებების მკურნალობა პირველ 2 კვირას ტარდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და სხვ.. არაეფექტურობისას ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების შეყვანა რბილი ქსოვილების ყველაზე უფრო მტკივნეულ ადგილებში.

რევმატული დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.