მუცლის ღრუს აბსცესები

მუცლის ღრუს აბსცესები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მუცლის ღრუს აბსცესები (დუგლასის სივრცის, დიფრაგმისქვეშა, ნაწლავთაშორისი) – წარმოადგენენ პერიტონიტის დიფუზური ფორმების შედეგს. როგორც წესი, აქვთ პოლიმიკრობული წარმოშობა.  მუცლის ღრუს აბსცესები შესაძლებელია იყოს ერთეული და მრავლობითი.

მუცლის ღრუს აბსცესები – სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყისი სიმპტომატიკა მკაფიო არ არის: აღინიშნება ტემპერატურის განმეორებითი მომატება – ინტერმიტირებადი ან ჰექტიური ხასიათის, რომელიც შერწყმულია შემცივნებასთან და ტაქიკარდიასთან. ხშირი სიმპტომებია ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა, მუცლის წინა კედლების დაჭიმულობა, უმადობა, ღებინება. სიმპტომების ინტენსივობა დამოკიდებულია აბსცესის სიდიდეზე, მის ლოკალიზაციაზე, ანტიბაქტერიული თერაპიის ინტენსივობაზე. კუნთების დაჭიმულობა უფრო გამოხატულია მეზოგასტრიუმში მდებარე აბსცესების დროს; დიაფრაგმისქვეშა ჩირქგროვების დროს ნაკლებადაა გამოხატული ადგილობრივი სიპტომატიკა; სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით. მიმოხილვითი რენტგენოსკოპიით შესაძლებელია გამოვლინდეს სითხის დონე აბსცესის ღრუში, მის ზევით აირის არსებობა. თუკი აბსცესი განპირობებულია ნაკერების სისუსტით, შესაძლებელია მოხდეს საკონტრასტო ნივთიერების გადასვლა ნაწლავის სანათურიდან ჩირქგროვის ღრუში. მუცლის ღრუს აბსცესების დიაგნოსტიკაში წამყვან როლს ასრულებს ულტრაბგერითი სკანირება, კომპიუტერული რენტგენული ტომოგრაფია. ულტრაბგერითი გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩირქგროვის ლოკალიზაციისას მუცლის ღრუს ზედა ნაწილში. მკურნალობა დამოკიდებულია ჩირქგროვების რაოდენობაზე და მათ ლოკალიზაციაზე.

დიაფრაგმისქვეშა აბსცესები წარმოიქმნებიან კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე, ნაღვლის ბუშტზე და ნაღვლგაგმომტან სადინრებზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, ღვიძლის აბსცესების გასკდომის დროს. მარცხენამხივი ჩირქგროვები ხშირად განპირობებულია სპლენექტომიის შემდგომი გართულებებით, ასევე ნაკერების უკმარისობით გასტრექტომიისა და კუჭის პროქსიმალური რეზექციის დროს. შედარებით იშვიათად, განსაკუთრებით მარჯვენამხრივი დიაფრაგმისქვეშა აბსცესები, განპირობებულია დიფუზური პერიტონიტის მკურნალობის შემდეგ ნარჩენი ჩირქის დაგროვებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი ფერდქვეშა არეში ირადიაციით ბეჭში და მხარს ზევით (კერის სიმპტომი); ავადმყოფი დადის გვერდზე მოხრილი, ხელით უჭირავს ფერდქვეშა არე. პალპაციით აღინიშნება მუცლის კედლის ზედა ნაწილების კუნთების რიგიდობა და მტკივნეულობა ნეკნთაშუა შუალედების გაყოლებაზე, ჩირგროვის ლოკალიზაციის ზონაში. აბსცესის წინ მდებარეობის დროს ტკივილის სინდრომი მეტადაა გამოხატული. ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ნეკნთაშუა შუალედების გამობერვა და პასტოზურობა, აბსცესის ლოკალიზაციის შესაბამისად. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიაფრაგმის გუმბათის მაღლა დგომა და მოძრაობის შეზღუდვა სუნთქვის დროს; ფილტვებში – ატელექტაზები, პნევმონიური კერები ფილტვის ქვედა სეგმენტებში, სითხე-პლევრის ღრუში. მუცლის ღრუში შესაძლებელია გამოვლინდეს სითხის დონე დიაფრაგმის ქვეშ, მეზობელი ორგანოების გადანაცვლება აბსცესით.

მკურნალობა ოპერაციულია – აბსცესის გახსნა და მისი დრენირება. გართულებები: სეფსისი, ჩირგროვის გახსნა თავისუფალ მუცლის ღუში ან პლევრის ღრუში.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები