კვანძოვანი პერიარტერიიტი

კვანძოვანი პერიარტერიიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კვანძოვანი პერიარტერიიტი (periarteritis nodosa) სისტემური ნეკროზული ვასკულიტი, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი და უფრო მცირე კალიბრის არტერიების სეგმენტური დაზიანებით.

კვანძოვანი პერიარტერიიტი – პათოგენეზი. ორგანიზმის ჰიპერერგიული რეაქცია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებაზე; გარკვეული როლი ენიჭება სისხლძარღვთა კედელში ციკულირებად და ფიქსირებულ იმუნურ კომპლექსებს. ავადდებიან უმთავრესად მამაკაცები 30-40 წლის ასაკში.

 კვანძოვანი პერიარტერიიტი

კვანძოვანი პერიარტერიიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მწვავედ ან თანდათანობით; ვლინდება ზოგადი ხასიათის სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მატება, სწრაფად მზარდი სიგამხდრე, ტკივილი სახსრებში, კუნთებში, მუცელში, კანზე გამონაყარი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის, თირკმელების ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები; დროთა განმავლობაში ვითარდება პოლივისცერული სიმპტომატიკა. თითქმის ყველა ავადმყოფს უვითარდება გლომერულონეფრიტი, დაწყებული მსუბუქი ნეფროპათიიდან დიფუზურ გლომერულონეფრიტამდე, მყარი არტერიული ჰიპერტენზიითა და ნეფროზული სინდრომით, რომელიც გამოირჩევა თირკმლის უკმარისობის სწრაფი განვითარებით და აქტიური კორტიკოსტეროიდული თერაპიის ცუდი ამტანობით. გარდა ამისა, ვითარდება თირკმლის ინფარქტი, ანევრიზმები, გორგლოვანი აპარატის დაზიანება. გულის დაზიანება ვლინდება ავადმყოფთა თითქმის 70%-ში. კორონარული სისხლძარღვები

 კვანძოვანი პერიარტერიიტი

მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, ვითარდება სტენოკარდიის შეტევები, შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი (გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე). ზოგჯერ აღინიშნება ჰემოპერიკარდი ანევრიზმის გასკდომის შედეგად ან ექსუდაციური პერიკარდიტი წვრილი სისხლძარღვების დაზიანების გამო. შესაძლოა რეინოს სინდრომის განვითარება, რაც ვლინდება თითების განგრენით; ზოგჯერ აღინიშნება მიგრირებადი ფლებიტის სურათი. კვანძოვანი პერიარტერიიტისათვის  დამახასიათებელია მუცელში მწვავედ განვითარებული ტკივილი და დაკავშირებულია მუცლის ღრუს სისხლძარღვებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებთან. კუჭის სისხლძარღვების დაზიანების დროს აღინიშნება გასტრიტი, წვრილი ნაწლავის დაზიანების დროს-ენტერიტი, მსხვილი ნაწლავის დაზიანება ვლინდება კოლიტით, შეკრულობებით, რომელსაც ცვლის ფაღართი, ტენეზმები და სისხლიანი განავალი. შესაძლოა განვითარდეს მწვავე აპენდიციტი ან მწვავე ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ნაწლავის პერფორაცია, რაც უკავშირდება ნეკროზს, ინფარქტს, სისხლჩაქცევას. ნერვული სისტემის დაზიანება ვლინდება არასიმეტრული მრავლობითი ნევრიტებით, ამა თუ იმ ნერვის მკვებავ სისხლძარღვებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამო. შესაძლოა განვითარდეს აგრეთვე მენინგოენცეფალიტები, რომელიც ვლინდება მეტყველებისა და სმენის მოშლით, თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, კრუნჩხვებით, ცნობიერების დაბინდვითა და ტვინის გარსების გაღიზიანებით; დამახასიათებელია ასევე ტვინის კეროვანი დაზიანებები თრომბოზებისა და ანევრიზმების გასკდომის გამო. თვალის ფსკერის გამოკვლევით ვლინდება არტერიის ანევრიზმები, პერივასკულური ინფილტრატები, ზოგჯერ რეტინოპათია, პლაზმორაგია, ბადურის ცენტრალური არტერიის თრომბოზი და ა. შ. თვალების დაზიანება ზოგჯერ დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. აღინიშნება ართრალგიები, იშვიათად მსხვილი სახსრების მიგრირებადი ართრიტები, მიალგიები, კანის სხვადასხვაგვარი დაზიანებები (ერითემული, ლაქოვან-პაპულური, ჰემორაგიული, ურტიკული, ვეზიკულური და ნეკროზული); მხოლოდ ავადმყოფთა მცირე ნაწილში ვლინდება კვანძოვანი პერიარტერიიტისათვის სპეციფიკური კანქვეშა კვანძები, რომლებიც წარმოადგენენ სისხლძაღვთა ანევრიზმებს ან გრანულომებს. კვანძოვანი პერიარტერიიტისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია სწრაფად განვითარებული გამოხატული სიფერმკრთალე, რაც სიგამხდრესთან ერთად ქმნის ,,ქლოროზული მარაზმის“ სურათს. ფილტვების დაზიანება ვლინდება ბრონქული ასთმით ან პნევმონიტით. ფილტვის სიმპტომატიკა უკავშირდება სისხლძარღვთა დაზიანებას. ბრონქული ასთმის სინდრომი შესაძლოა წინ უსწრებდეს კვანძოვან პერიარტერიიტს. განსაკუთრებით ხშირია შემდეგი სინდრომები: თირკმელ-პოლინევროზული, თირკმელ-აბდომინურ-გულის, ფილტვ-გულ-თირკმლის, ფილტვ-პოლინევროზული. სპეციფიკური ლაბორატორიული მონაცემები დამახასიათებელი არ არის. შესაძლოა აღინიშნოს ლეიკოციტიზი ნეიტროფილური გადახრით, ეოზინოფილია, მძიმე მიმდინარეობის დროს –  ზომიერი ანემია და თრომბოციტოპენია, ედრი მომატებულია, აღინიშნება მყარი ჰიპერგამაგლობულინემია და ზოგჯერ ჰიპერპროტეინემია. წვივიდან ან მუცლის კედლიდან კუნთების ბიოფსიით ვლინდება ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი სისხლძარღვთა ცვლილებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

რევმატული დაავადებები