ლალი დათეშიძე
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. დაავადების წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონული ცვლის ინვოლუცია ხანდაზმულ ასაკში. რიგ შემთხვევებში მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს, ცხოვრებისა და მუშაობის რეჟიმს. ჯირკვალში განვითარებული ცვლილებები აფერხებენ შარდის ბუშტის დაცლას; ვითარდება შარდის ბუშტის კუნთოვანი შრის ჰიპერტროფია, ტრაბეკულებისა და დივერტიკულების წარმოქმნით. დეკომპენსაციის დროს შარდის ბუშტში გროვდება ნარჩენი შარდი; ბუშტში წნევის მომატება იწვევს ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსს. შარდის შეკავება, დივერტიკულებისა და ტრაბეკულების განვითარება ხელს უწყობენ შარდის დაინფიცირებასა და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად ვითარდება 50 წლის შემდეგ. კლინიკურ სურათში პრევალირებს დიზურიული მოვლენები: შარდვის შეწყვეტა, შარდის ნაკადის შესუსტება, პოლაკიურია, რაც

განპირობებულია ნარჩენი შარდითა და მისი ინფიცირებით. ნარჩენი შარდის მნიშვნელოვანი რაოდენობის დროს ვლინდება ტკივილი ბოქვენის არეში და მოშარდვის გახშირებული სურვილი, შემდეგ კი ტკივილი წელის არეში.
დაავადების სტადიები. პირველი სტადია: ხშირად აღინიშნება 50-60 წლის ასაკში, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციის გადატანის ფონზე. ვითარდება მოშარდვის აქტის დარღვევები, უსიამოვნო გრძნობა შორისის არეში, მუცლის ქვევით, შარდსადენის უკანა ნაწილში. საწყისი სიმპტომი შესაძლებელია იყოს თესლის ნაადრევი დაღვრა, ჰიპოსპერმია. მეორე სტადია – დიზურიის – ვლინდება შარდვის გახშირებით, თავდაპირველად ღამით, შემდეგ კი დღისითაც. თანდართული ინფექცია აძლიერებს დიზურიას. ვლინდება მოშარდვის გაძნელება ძილის წინ და მის შემდეგ, ასევე ხანგრძლივი ჯდომის, შარდის ბუშტის გადავსების შემდეგ. სუსტდება შარდვის ნაკადი, განსაკუთრებით შარდვის აქტის დასაწყისში, ძლიერდება ღამის პოლაკიურია და პოლიურია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ამ სტადიაზე სრულებით დამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანი პოლაკიურიის დროს ავადმყოფები ნერვიულები და გაღიზიანებულები არიან. მესამე სტადია – შარდის არასრული ქრონიკული შეჩერება – ხასიათდება ნარჩენი შარდის არსებობით, რომლის რაოდენობა თანდათანობით მატულობს. დიურეზის ტონუსი ქვეითდება, ბუშტის კედელი თანდათანობით თხელდება, ვლინდება მრავალრიცხოვანი წვრილი, ცრუ დივერტიკულები. შარდის ბუშტის არასაკმარისი დაცლა იწვევს შარდსაწვეთისა და თირკმლის მენჯის გაფართოებას, თირკმლის პარენქიმა ატროფირდება, თირკმლის ფუნქცია ირღვევა. თავდაპირველად იგი კარგავს კონცენტრაციულ ფუნქციას, შემდეგ კი – გაზავების უნარს. დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი მიმდინარეობა. დროთა განმავლობაში ბუშტი იწელება, რაც აიხსნება ასევე შარდის ბუშტის კედლების მგრძნობელობის დაქვეითებით. იგი შესაძლოა შეიცავდეს 2 ლ-მდე შარდს; შარდის ბუშტში დაგროვილმა შარდის წნევამ შესაძლებელია გადალახოს სფინქტერების წინააღმდეგობა და შარდი იწყებს უნებლიე გამოყოფას წვეთობით. მეოთხე სტადია – ,,პარადოქსული იშურიის” პერიოდი. ამ პერიოდში გამოხატულია თირკმლის უკმარისობა ინტოქსიკაციის მოვლენებით: წყურვილი, სიგამხდრე, სკლერების იქტერულობა, დისპეფსიური მოვლენები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები. მუცლის პალპაციით და პერკუსიით ბოქვენზედა არეში აღინიშნება შარდის ბუშტის ზომების გადიდება. სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევისას ვლინდება გლუვი, ელასტიკური, გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი, რომელიც თანაბრადაა გამკვრივებული. შარდის ბუშტის კათეტერიზაციით ვლინდება ნარჩენი შარდი. ზუსტდება თირკმლის ფუნქციის დარღვევების ხასიათი შარდის გამოკვლევით (პიურია), ასევე სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევებით (ნარჩენი აზოტი, კრეატინინი, შარდოვანა); გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა.
გართულებებია: შარდის მწვავე შეკავება წარმოიქმნება დაავადების I-II სტადიებზე, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ეპიდიდიმიტი.
მკურნალობა. კონსერვატიული თერაპია ითვალისწინებს ჰიგიენურ რეჟიმს, დიეტას, მედიკამენტოზურ მკურნალობას. ავადმყოფები უნდა ერიდონ გაცივებას, განსაკუთრებით ფეხების. რადიკალურია მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციის ჩვენებებია: ნარჩენი შარდის არსებობა, საშარდე გზების ინფექცია, შარდის შეჩერების მწვავე რეციდივები, ჰემატურია, შარდის ბუშტის კენჭები, ღამით შარდვის მკვეთრი გახშირება.
პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობისას კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 668 times by 333 viewers



