ლალი დათეშიძე
სწორი ნაწლავის გამოვარდნა – დაავადება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი გადმობრუნდება გარეთ უკანა გასავლიდან. განასხვავებენ ნაწლავის მხოლოდ ლორწოვანი გარსის გამოვარდნასა და ნაწლავის კედლის ყველა შრის სრულ გამოვარდნას.
ეტიოლოგია. ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება ფაღარათის დროს, მუცელშიგა წნევის მომატება ფიზიკური დაძაბულობისა და შეკრულობის დროს, მენჯის დიაფრაგმის კუნთოვან – აპონევროზული წარმონაქმნისა და სწორი ნაწლავის იოგოვანი აპარატის ელასტიკურობისა და ტონუსის შესუსტება, ტრავმული და დისტროფიული დაზიანებები.
სიმპტომები, მიმდინარება. ბავშვებში დისპეფსიის ან შეკრულობის დროს დეფეკაციის პროცესში შესაძლებელია გამოვარდეს სწორი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილი; განმეორებითი გამოვარდნა დეფეკაციის დროს შესაძლებელია გადაიქცეს ჩვეულად და შენარჩუნდეს მოზრდილ ასაკშიც. ბავშვებში ნაწლავის ჩასწორება და გამომწვევი ფაქტორების მოხსნა უზრუნველყოფს განკურნებას. მოზრდილებში გამოვარდნა მიდრეკილია პროგრესირებისაკენ; დამახასიათებელია უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი, ლორწოსა და სისხლის გამოსვლა, გამოვარდნილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტრავმის გამო (სფინქტერის სისუსტე). მოზრდილებში სწორი ნაწლავის გამოვარდნა ვითარდება თანდათანობით; თავდაპირველად იწყება ლორწოვანი გარსის გამოვარდნით, შემდეგ კი ხდება სრული გამოვარდნა. სწორი და სიგმოიდური ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოვარდნას შესაძლოა თან ახლდეს სისხლმიმოქცევის დარღვევა და ნაწლავის კედლის ნეკროზი.
დიაგნოზის დადგენა რთული არ არის უკანა ტანის დათვალიერებით. მკურნალობა ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია – გამოვარდინილი ნაწლავის ჩასწორება; ამის შემდეგ ინიშნება წოლითი რეჟიმი 1-3 დღე. ამ პერიოდში ნაწლავის დაცლა ხდება მწოლიარე მდგომარეობაში. მოზრდილებში პროცესის პროგრესირების დროს მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი ბავშვების უმრავლესობაში კეთილსაიმედოა, მოზრდილებში ხასიათდება რეციდივებისაკენ მიდრეკილებით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 520 times by 316 viewers



