ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება varix dilatation

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება – კიდურების ვენური სისხლმიმოქცევის ფიზიოლოგია, სიმპტომები, მიმდინარეობა, სტადიები >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება ზედაპირული ვენების გაფართოება, რომელიც მიმდინარეობს ვენის სარქველების უკმარისობითა და სისხლმიმოქცევის დარღვევებით. პირველადი ვარიკოზული გაფართოება დაკავშირებულია ვენური კედლის სისუსტესთან ან მის ფუნქციურ დარღვევასთან. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორსულობა, სიმსუქნე, ფეხზე დიდხანს დგომა, შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე, მჭიდრო რეზინიანი წინდების ხმარება. მეორადი ვარიკოზული გაფართოება წარმოიქმნება ვენური სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს, მაგალითად, პოსტთრომბოფლებური სინდრომის, ღრმა ვენების სარქველების უკმარისობის, სიმსივნეების, ტრავმების დროს.

კიდურების ვენური სისხლმიმოქცევის ფიზიოლოგია. ვენური სისხლის გულისაკენ მიდინებას უზრუნველყოფს წვივისა და ბარძაყის კუნთების შეკუმშვა და არტერიის პულსაცია. წვივისა და ბარძაყის კუნთების შეკუმშვის დროს ხდება კიდურების ღრმა ვენების გაჭყლეტა და სისხლის გადინება კიდურების პროქსიმალურ ნაწილებში და მენჯის ვენებში. ნორმალურ მდგომარეობაში ვენის სარქველები სისხლს საშუალებას არ აძლევენ გააღწიოს ზედაპირულ ვენურ სისტემაში.

კუნთების შესუსტებისას, ღრმა ვენების სარქველების ნორმალური მდგომარეობის დროს, სისხლის დაბრუნება მენჯის ვენებიდან არ ხდება, ღრმა ვენებში სისხლი ხვდება ზედაპირული სისტემიდან კომუნიკაციური ვენებით და წვივის კუნთების სისტემიდან. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ვენებში წნევის მომატება იწვევს სარქველების უკმარისობას, რის გამოც კუნთოვანი შეკუმშვების დროს სისხლი დიდი წნევით ხვდება ღრმა სისტემიდან ზედაპირულში. წარმოიქმნება ლოკალური ვენური ჰიპერტენზია, რომელიც ყველაზე უფრო გამოხატულია წვივის ქვედა მესამედში, სადაც კომუნიკაციური ვენები ყველაზე ძლიერია. ზედაპირულ ვენებში წნევის მომატება იწვევს მათ გაფართოებას. ამავე დროს წნევის მომატება მიკროცირკულაციის ვენურ განყოფილებაში იწვევს შეშუპებების განვითარებასა და ერითროციტების დიაპედეზს (წნევის ხაგრძლივი მომატების დროს წარმოიქმნება კანის ინდურაცია და პიგმენტაცია), ასევე არტერიულ-ვენური შუნტების გახსნას. ეს იწვევს სისხლმიმოქცევის მნიშვნელოვან დაქვეითებას კაპილარებში, პერფუზიის შემცირებას, ქსოვილთა ჰიპოქსიასა და წყლულების განვითარებას.

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისში ძირითადი სიმპტომია ვენების ვარიკოზული გაფართოება; ვენური სისხლმიმოქცევის კომპენსაციის დროს ჩივილები არ აღინიშნება. დაავადების პროგრესირების დროს ვლინდება დაღლილობა, სიმძიმის გრძნობა ფეხებში, პარესთეზიები,  კრუნჩხვები კანჭის ტყუპ კუნთებში, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ზოგჯერ ღამითაც; შეშუპებები წარმოიქმნება საღამოობით, განსაკუთრებით დიდხანს დგომის შემდეგ; ღამის დასვენების შემდეგ შეშუპებები ქრება. დროთა განმავლობაში ვენების გაფართოებასთან ერთად ვლინდება ტროფიკული დარღვევები, რომელიც ხშირად ლოკალიზებულია წვივების ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე; ვითარდება ინდურაცია, პიგმენტაცია, დერმატიტი, შემდეგ კი ტროფიკული წყლული, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

ვენების ვარიკოზული გაფართოების სტადიებია: 1 სტადია – ჩივილების არ არის, აღინიშნება მხოლოდ კოსმეტიკური დარღვევები; II სტადია – სიმძიმის გრძნობა, კრუნჩხვები ღამით, პარესთეზიები; III სტადია – შეშუპებები, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინდურაცია, პიგმენტაცია; IV სტადია – წყლულების განვითარება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..