სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

საყლაპავის დივერტიკულიდივერტიკულები – ლორწოვანი გარსისა და ლორწქვეშა შრის პარკისებრი გამობერვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი შრის დეფექტებში. დივერტიკული შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დივერტიკულები ვითარდება  ანთებითი ცვლილებების შედეგად.

საყლაპავის დივერტიკული – ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი – პულსურს. დივერტიკულების დიაგნოსტიკის დროს ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას; ენდოსკოპიური გამოკვლევა ტარდება ჩვენების მიხედვით და გარკვეული სიფრთხილით (შესაძლებელია დივერტიკულის პერფორაცია)

ბიფურკაციული დივერტიკული – წარმოადგენს ტრაქციულ დივერტიკულს; წარმოიქმნება უპირატესად მეზობელი ორგანოების ანთებითი პროცესების შედეგად, მაგალითად, ლიმფური კვანძებისა და გრანულომების დანაწიბურებით.
კლინიკური სურათი ანალოგიურია კისრის ნაწილის დივერტიკულისა და პროვოცირდება ვალსაპიევის სიმპტომით (მუცლის პრესის დაჭიმულობა მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ). საკვების შეჩერება დივერტიკულში იწვევს დივერტიკულიტისა და პერიდივერტიკულიტის განვითარებას; ეს უკანასკნელი შესაძლებელია გართულდეს დივერტიკულის პერფორაციით ტრაქეაში, რის გამოც ვითარდება ასპირაციული პნევმონია და ფილტვის აბსცესი. ამიტომ, დივერტიკულის ნებისმიერი სახის დროს, რომელიც აწუხებს ავადმყოფს, ან მატულობს ზომებში, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.
ეპიფრენალური დივერტიკული - ლოკალიზებულია საყლაპავის ქვედა მესამედში, დიაფრაგმის საყლაპავისეული  ხვრელის ზევით. ყველაზე უფრო ხშირად იგი გამოდის საყლაპავის მარჯვენა კედლიდან, მაგრამ იზრდება მარცხნივ.
სიმპტომები. ტკივილი, რომელიც განპირობებულია დივერტიკულში წნევის მომატებით, დისფაგია. გართულებები – ეზოფაგიტი, პერფორაცია (დივერტიკულიტის დროს).
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კარდიოსპაზმთან, პარაეზოფაგულ თიაქართან და საყლაპავის კიბოსთან.
ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია დიდი ზომის დივერტიკულების დროს, რომლებიც მიდრეკილნი არიან გართულებებისაკენ. ლეტალობა 3%-ზე ნაკლებია. პროგნოზი – კეთილსაიმედოა.

კუჭის დივერტიკული - კუჭის დივერტიკულები საკმაოდ იშვიათია, ხშირად ლოკალიზებულია სუბკარდიული ნაწილის უკანა კედელზე, მცირე სიმრუდესთან ახლოს.
კლინიკური გამოვლინებები წარმოიქმნება დივერტიკულის ანთების დროს; მოგვაგონებს წყლულოვან დაავადებას. დიაგნოზი ეფუძნება რენტგენოლოგიურ გამოკვლევებსა და ფიბროგასტროსკოპიას.
მკურნალობა ნაჩვენებია ჩივილების არსებობისას; ტარდება დივერტიკულის ამოკვეთა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული – უმეტესწილად თანდაყოლილია; მათგან მხოლოდ 5%-ს ახლავს კლინიკური გამოვლინებები. ლოკალიზდება ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე. დივერტიკული შესაძლოა იყოს ერთეული ან მრავლობითი.
სიმპტომები. კლინიკური გამოვლინებები წარმოიქმნება მხოლოდ გართულებების დროს. ზედა ჰორიზონტალური ნაწილის დივერტიკული ვლინდება წყლულოვანი დაავადების სიმპტომატიკით, რაც უკავშირდება დივერტიკულში მჟავე შიგთავსის მოხვედრასა და მასში ეროზიებისა და წყლულების წარმოქმნას. ნაწლავის დასწვრივი ნაწილის დივერტიკულმა მასში ანთების წარმოქმნის დროს შესაძლებელია განაპირობოს თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის კოპრესია (ფატერის დვრილი), შემდგომი ქოლანგიტის, პანკრეატიტის, მექანიკური სიყვითლის განვითარებით. შესაძლებელია მოხდეს ანთების გავრცელება კუჭქვეშა ჯირკვალზე, ქრონიკული პანკრეატიტის განვითარებით.
კლინიკური სურათი: ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, სიმძიმის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა, შესაძლებელია სიყვითლე. ქვედა ჰორიზონტალური ნაწილის დივერტიკულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზეწოლა თორმეტგოჯა ნაწლავზე და მისი გაუვალობა.
დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, გასტროდუოდენოსკოპიას.
მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია. იგი მიმართულია დივერტიკულიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისაკენ. მყარი მორეციდივე მიმდინარეობის, ასევე დივერტიკულის დიდი ზომების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მეკელის დივერტიკული – წარმოადგენს ნაწლავის თანდაყოლილ დივერტიკულს; გვხვდება მოსახლეობის 2-3%-ში. მდებარეობს თეძოს ნაწლავის ჯორჯლის წინა ზედაპირზე, ილეოცეკალური კუთხიდან 60-100 სმ-ის დაცილებით. ეს არის ჭეშმარიტი დივერტიკული, მის კედელში ნახულობენ ნაწლავის ყველა შრეს, შესაძლებელია ასევე კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის ექტოპირებული ქსოვილის, მსხვილი ნაწლავის ეპითელის კუნძულების არსებობაც.
სიმპტომები. გაურთულებელი დივერტიკული მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ავადმყოფთა ნახევარი 10 წელზე უმცროსი ასაკისაა, ნახევარი კი 30 წელზე ახალგაზრდაა. ზოგჯერ პირველი სიმპტომია სისხლდენა ნაწლავიდან, რომლის წყაროა კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის წყლული. წარმოქმნილმა დივერტიკულმა შესაძლებელია სიმულირება მისცეს მწვავე აპენდიციტის განვითარებას; ამასთან, ოპერაციამდელი დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ აპენდექტომიის დროს, როდესავ ვლინდება ჭიანაწლავის ცვლილებების შეუსაბამობა კლინიკურ სურათთან, აუცილებელია ჩატარდეს თეძოს ნაწლავის რევიზია. სხვა გართულებებია: პერფორაცია მუცლის ღრუში და პერიტონიტის განვითარება, ნაწლავთა გაუვალობა, კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის მალიგნიზაცია და კიბოს განვითარება. შესაძლებელია რამდენიმე გართულების ერთდროული არსებობაც. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი - წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მატებას,  რომელიც ვითარდება ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. განავლოვანი მასების შეჩერება დივერტიკულებში იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას (დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და გარემომცველ ქსოვილებზე. დივერტიკულიტს შესაძლოა თან ახლდეს ლორწოვანი გარსის დაწყლულება (სისხლდენა) ან დივერტიკულის პერფორაცია. შედეგად მოსალოდნელია განვითარდეს პერიტონიტი, ნაწლავის ირგვლივი ანთებითი ინფილტრატები. მწვავე პროცესის ჩაცხრომის შემდეგ წარმოიქმნება ქსოვილთა მასიური ნაწიბუროვანი ცვლილებები, რომლებიც განაპირობებენ ნაწლავის სტრიქტურების წარმოქმნას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დივერტიკულოზს დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია არ ჰქონდეს არანაირი კლინიკური გამოვლინება ან მიმდინარეობდეს კოლიტის სახით; შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მწვავე დივერტიკულიტის დროს ვლინდება მკვეთრი ტკივილი, პერიტონეალური მოვლენები, მტკივნეული ინფილტრატები უპირატესად მუცლის მარცხენა ნახევარში, სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, არაიშვიათად დიზურია.

დიაგნოზი გართულებულია; დაზუსტება ხდება ირიგოსკოპიით, ასევე კოლონოსკოპიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება სიგმოიდური ნაწლავი. დივერტიკულოზის დროს მწვავე მოვლენები მიდრეკილნი არიან რეციდივებისაკენ.

მკურნალობა უპირატესად კონსერვატიულია და მიმართულია კუჭის მოქმედების ნორმალიზაციისა და სპასტიკური და ანთებითი ცლილებების მოხსნისაკენ. სისხლდენისას ნაჩვენებია ჰემოსტატური თერაპია; ოპერაცია ტარდება მხოლოდ პროფუზული სისხლდენის დროს.

პროგნოზი ავადმყოფთა უმრავლესობაში სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, თუმცა დაავადება ყოველთვის პროგრესირებს და რიგ ავადმყოფებში იწვევს სერიოზულ გართულეებს. ქირურგიული ჩარევას ხშირად თან ახლავს გართულებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3608 times by 1334 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka