დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარი

დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარი – შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი; გამოყოფენ ასევე მცოცავ და პარაეზოფაგულ თიაქრებს. მცოცავი თიაქრის დროს კუჭის კარდიული ნაწილი გადაინაცვლებს უკანა შუასაყარში დიაფრაგმის გაფართოებული საყლაპავისეული ხვრელიდან. ასეთი თიაქრების დროს ჩაჭედვა არ ხდება.

დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარიპარაეზოფაგული თიაქრის დროს, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება, კუჭის კარდიული ნაწილი ფიქსირებულია, ხოლო მისი თაღი ან ანტრალური ნაწილი, ზოგჯერ კი მუცლის ღრუს სხვა ორგანოებიც, გადაინაცვლებენ უკანა შუასაყარში. ამასთან, შესაძლებელია მოხდეს გადანაცვლებული ორგანოს ჩაჭედვა, რაც ვლინდება სტენოკარდიის მსგავსი ძლიერი მკერდუკანა ტკივილით, უეცრად წარმოქმნილი დისფაგიით ან სისხლიანი ღებინებით, ნაწლავთა  გაუვალობის ნიშნებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება კუჭის აიროვანი ბუშტი უკანა შუასაყარში, კონტრასტული გამოკვლევით – საყლაპავის ქვედა მეასამედის გადანაცვლება, კუჭში კონტრასტული ნივთიერების შესვლის ან მისი ევაკუაციის არარსებობა. გვიანი დიაგნოსტიკის დროს წარმოიქმნება ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზი მედიასტინიტის, პლევრის ემპიემის, პერიტონიტის განვითარებით.

დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის მცოცავი თიაქარი კლინიკურად ვლინდება რეფლუქსეზოფაგიტით. კარდიის უკმარისობა, რასაც ახლავს კუჭის შიგთავსის რეფლუქსი საყლაპავში, ხშირად ატარებს მეორად ხასიათს და შესაძლებელია განპირობებული იყოს სკლეროდერმიით, ნევროლოგიური დაავადებებით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით, სიმსუქნით, ასციტით, შეკრულობებით, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმით, სტრესით. ზოგიერთი მედიკამენტი ასევე ხელს უწყობს საყლაპავის რეფლუქსური დაავადების განვითარებას.

დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარისიმპტომები, მიმდინარეობა. წარმოიქმნება მწვავე და ყრუ ტკივილები მკერდის უკან, მახვილისებრი მორჩის უკან და ეპიგასტრიუმში. არასწორად დასმული სტენოკარდიის დიაგნოზის გამო, ავადმყოფებს დიდი ხნის განმავლობაში უტარდებათ მკურნალობა კორონაროლიტიკებით. ტკივილი ძლიერდება ავადმყოფის ჰოპიზონტალურ მდებარეობაში, ასევე სხეულის დახრისას. ტკივილს თან ახლავს გულძმარვა, ბოყინი. დაავადების პროგრესირების დროს ტკივილი ხდება მუდმივი, არ იხსნება სამკურნალო საშუალებებით. რეფლუქს-ეზოფაგიტი შესაძლებელია დამთავრდეს წყლულის განვითარებითა და მისი შემდგომი დანაწიბურებით, რაც იწვევს საყლაპავის სტენოზირებას და დისფაგიის გაჩენას.

დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარიდიაგნოზი დადგენა ხდება დაავადების კლინიკური სურათით, რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით. მიუხედავად რეფლუქსის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებისა, ზოგჯერ ენდოსკოპიური გამოკვლევის დროს პათოლოგიის გამოვლინება ვერ ხერხდება. ენდოსკოპიური სურათის მიხედვით გამოყოფენ ეზოფაგიტის შემდეგ სტადიებს: I – ერთეული ეროზიები ლორწოვანი გარსის ინფილტრაციის ფონზე; II – შერწყმული ეროზიები საყლაპავის ქვედა მეასამედში; III – ცირკულარული ზედაპირული დაწყლულება; IV – ღრმა წყლულები ან საყლაპავის პეპტიკური სტენოზი.

საყლაპავის რეფლუქსური დაავადების გართულებები. კუჭის შიგთავსის ხანგრძლივი გადასროლა იწვევს საყლაპავის ლორწოვანი გარსის ტრანსფორმაციას, ბარეტის წყლულის წარმოქმნას, რომელსაც მიდრეკილია მალიგნიზაციისაკენ. ბარეტის წყლულს თან ახლავთ საყლაპავის დამოკლება. სხვა გართულებებს მიეკუთვნება პერფორაცია, სისხლდენა, ნაწიბუროვანი სტრიქტურა.

მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში კონსერვატიულია. ნაჩვენებია ხშირი,  ულუფებად კვება, საკვების მიღებამდე ინიშნება მცენარეული ზეთი – 1 ჩაის კოვზი ჭამამდე, ალმაგელი. აუცილებელია ალკოჰოლისა და სიგარეტის გამორიცხვა. კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობისას, განმეორებითი სისხლდენების, საყლაპავის სტენოზის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..