ლალი დათეშიძე
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება (დაწყებული სწორი ნაწლავიდან); ხასიათდება გახანგრძლივებული მიმდინარეობით, მძიმე ადგილობრივი და სისტემური გართულებებით.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის. არის საფუძველი რომ ეს დაავადება ჩაითვალოს ავტოიმუნურ პროცესად, რომელიც მიმდინარეობს ტოქსიკურ-ალერგიული და ბანალური ინფექციური დაზიანებებით. მსხვილი ნაწლავის მრავლობითი წყლულები იწვევენ ორგანიზმის გამოხატულ ინტოქსიკაციას, მსხვილი ნაწლავიდან უხვი რაოდენობის ლორწოს, სისხლისა და ჩირქის გამოყოფას, ნივთიერებათა ცვლის მკვეთრ დარღვევებს, კანის სეპტიკურ-, პიემიურ (პიოდერმია), ასევე თვალის (ირიდოციკლიტები), სახსრების (ჩირქოვანი ართრიტი), ღვიძლისა და სხვ. დაზიანებებს. წყლულოვანი პროცესით დაზიანებული მსხვილი ნაწლავის კედლის მომატებული განვლადობისა და წყლულების პერფორაციის შედეგად წარმოიქმნება ადგილობრივი შემოფარგლული, ან გაფანტული პერიტონიტი.
სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია. თავდაპირველად ვლინდება თხიერი განავალი, ლორწოსა და ჩირქის შერევით, ზოგადი სისუსტე. ფაღარათი პროგრესირებს (დღეში 20-30-ჯერ) და იწვევს გაუწყლოებას, გამოფიტვას, მკვეთრ სისხლნაკლებობას, ელექტროლიტური ცვლის მოშლას, კრუნჩხვით სინდრომთან ერთად; ტემპერატურა სუბფებრილურია, მატულობს ანთებითი ხასიათის გადახრები ლაბორატორიულ გამოკვლევებში. შესაძლებელია გამოვლინდეს პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, მუცლის შებერვა (ნაწლავის მწვავე ტოქსიკური დილატაცია), სისტემური დაზიანებები. განასხვავებენ ელვისებურ, მწვავე, ქრონიკულ მორეციდივე და მუდმივ (ტორპიდულ) ფორმებს. ელვისებური ფორმა გრძელდება რამდენიმე დღე და ხშირად მთავრდება სიკვდილით, გართულებების გამო (პერფორაცია, სისხლდენა, ტოქსიკური დილატაცია). მწვავე, ქრონიკული მორეციდივე და ტორპიდული ფორმები დიფერენცირდებიან გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია თან ახლდეთ მრავალფეროვანი ადგილობრივი და სისტემური გართულებები, რომლებიც სიცოცხლისათვის სახიფათოა (პერიტონიტი, სეპტიკოპიემია, ღრმა ანემია და დისტროფია). სხვა ნაკლებ გამოხატული გართულებები შესაძლოა თავსთავად, ან მკურნალობის შედეგად ჩაცხრეს, ან დაავადება გადადის რემისიის სტადიაში, გამწვავებების განვითარების დიდი ალბათობით სტრესული სიტუაციების ან წლის გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდებში.
დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათის მიხედვით, ზუსტდება რექტორომანოსკოპიით ან კოლონოსკოპიით (ტარდება დიდი სიფრთხილით).
მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულია, კომპლექსური და მიმართულია ცლითი პროცესების კომპენსაციისაკენ, გართულებების მკურნალობისა და მსხვილი ნაწლავის კედელში რეგენერაციული პროცესების გაძლიერებისაკენ. რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, მაღალკალორიული და ქიმიურად დამზოგავი დიეტა, პარეტნერულად შეჰყავთ სითხეები, ხსნარები, ცილები და გლუკოზა; გამოხატული ანემიის დროს – ერითროციტული მასის გადასხმა. ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში გართულებებისა (პერფორაცია, პროფუზული ნაწლავური სისხლდენა, მწვავე ტოქსიკური დილატაცია) და კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის დროს.
პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გართულებების ხასიათზე და ჩატარებული კომპლექსური თერაპიის ეფექტურობაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 634 times by 317 viewers



