ლალი დათეშიძე
მედიასტინიტი – შუასაყარის ქსოვილის სეროზული ან ჩირქოვანი ანთება. წარმოიქმნება: შუასაყრის ორგანოების ანთებითი დაავადებების ან პერფორაციების დროს; აბსცენდირებით გართულებული ლიმფადენიტის, ასევე პლევრის ემპიემის დროს, შუასაყარში პერფორირებული ფილტვის აბსცესის დროს. უკანასკნელ წლებში გახშირდა მედიასტინიტები, რომლებიც განპირობებულნი არიან საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების ინსტრუმენტული პერფორაციით. შუასაყარში ინფექცია შესაძლოა მოხვდეს ასევე არაპირდაპირი გზითაც (ლიმფოგენურად), მეზობელი ორგანოების ანთებითი ცვილებების დროს: ფილტვების, ნეკნების, კისრის. ანთებითი პროცესის ძირითადი ლოკალიზაციაა ზედა შუასაყარი. ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია ინსტრუმენტული პერფორაციები და კისრის ოდონტოგენური ფლეგმონების გავრცელება შუასაყარის ქსოვილზე.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მედიასტინიტი, როგორც რიგი დაავადებების გართულება, ვლინდება ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებით უკვე არსებული მძიმე პათოლოგიის დროს. კისრის ოდონტოგენური ფლეგმონების ფონზე მედიასტინიტის განვითარების დროს ავადმყოფს აღენიშნება მკერდუკანა ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ტაქიკარდია. კისრის დათვალიერებით ვლინდება მკვეთრად მტკივნეული ანთებითი ინფილტრატი, რომელიც აღწევს ლავიწამდე. თუკი ადრე ჩატარებული იყო კისრის ფლეგმონის გახსნა, მაშინ ჭრილობიდან გამოდის მნიშვნელოვანი გამონადენი, ზოგჯერ არასასიამოვნო ლპობითი სუნით. გულმკერდზე მიტყაპუნებისას ტკივილი ძლიერდება. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. რენტგენოლოგიურად ვლინდება შუასაყარის ჩრდილის გაფართოება. საყლაპავის ინსტრუმენტული პერფორაციის დროს ხშირად ზიანდება მსხლისებრი სინუსი. გამოკვლევის მომენტში, ჰაერის ინსუფლიაციის გამო, ინფექცია სწრაფად ვრცელდება შუასაყარში. ინტოქსიკაციის სიმპტომები ვლინდება საკმაოდ სწრაფად და ამასთან პროგრესირებს. არაიშვიათად გამოკვლევისთანავე აღინიშნება კისერზე კანქვეშა კრეპიტაცია, ტკივილი მკერდის უკან, ირადიაციით კისერში და ბეჭთაშუა სივრცეში. რამდენიმე საათის შემდეგ ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს, ვლინდება შემცივნება, პროფუზული ოფლი, ტაქიკარდია, შესაძლებელია სეპტიკური შოკის განვითარება. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით. რენტგენოლოგიურად ვლინდება შუასაყარის ჩრდილის გაფართოება, ემფიზემა; საყლაპავის კონტრასტირების დროს შეასაძლებელია გამოვლინდეს პერფორაციის ადგილი და ზომები, თუმცა მიკროპერფორაციის დროს კონტრასტის გადაღვრის გამოვლინება გართულებულია.
მკურნალობა. ატარებენ შუასაყარის ქსოვილის დრენირებას; ოპერაციის შემდეგ ატარებენ აქტიურ ასპირაციას, ღრუს გამორეცხვითა და დრენაჟით. საყლაპავის პერფორაციის დროს დეფექტის გაკერვა ენდოსკოპიის დროს შეუძლებელია, ეფექტურია შუასაყარის აქტიური დრენირება. ტარდება მასიური დეზინტოქსიკაციური თერაპია, შეჰყავთ მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები.
გართულებები: სეფსისი, პლევრის ემპიემა, შესაძლებელია ფიბროზის განვითარება. პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია და დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, ინფექციის შეჭრის კარზე, გამომწვევის სახეზე.
ქრონიკული მედიასტინიტი ხშირად წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის შედეგს (ბრონქოადენიტი), ასევე სოკოვანი დაზიანების, გადატანილი მწვავე ჩირქოვანი მედიასტინიტის შედეგს. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია შუასაყარის ქსოვილის ფიბროზითა და ზედა ღრუ ვენის, სალაპავის, ფილტვის ვენების პროგრესირებადი გაჭყლეტით. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს, ტემპერატურის მომატებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს, ხმის შეცვლას. კლინიკური გამოვლინებები შეესაბამება შუასაყარის გაფართოების ხარისხს. ზედა ღრუ ვენის გაჭყლეტის ნიშნები ვლინდება რენტგენოლოგიური ცვლილებების გარეშეც. დიაგნოზი ზუსტდება ანგიოგრაფიითა და ტომოგრაფიით.
მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის დროს ზუსტდება მორფოლოგიური და ეტიოლოგიური დიაგნოზი. პროგნოზი სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 555 times by 299 viewers



