ლალი დათეშიძე
მეგაკოლონი – მსხვილი ნაწლავის გაფართოება (გირშპრუნგის დაავადება, ჩაგასის დაავადება, იდიოპათიკური მეგაკოლონი და სხვ.).
ეტიოლოგია. მსხვილი ნაწლავის კედლის ნერვული განგლიების თანდაყოლილი განუვითარებლობა ან ტოქსიკური დაზიანება; ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე დისტროფიული პროცესები, რომლებიც განაპირობებენ მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ან მისი სეგმენტების მოტორული ფუნქციის მოშლას; ნაწლავის სანათურის ორგანული შევიწროება. განავლოვანი მასების გადაადგილების გაძნელება შევიწროებულ ან არაპერისტალტირებად მსხვილ ნაწლავში იწვევს ზევით მდებარე ნაწილების კედლის მკვეთრ გაფართოებასა და ჰიპერტროფიას, რასაც მოჰყვება ნაწლავის მოტორული ფუნქციის შემდგომი დეკომპენსაცია ამ დონეზე. მსხვილ ნაწლავში შიგთავსის ხანგრძლივად გაჩერება იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბავშვებში განვითარების შეფერხებას, მოზრდილებში – შრომისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას .
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ხანგრძლივი შეკრულობა, მუცლის გადიდება და მისი კედლის გამობერილობა (გაბერილი მსხვილი ნაწლავის მარყუჟები), ზოგადი სისუსტე, გამოფიტვა, ფიზიკური და გონებრივი განუვითარებლობა ბავშვებში, სხვა დაავადებებისადმი მაღალი წინასწარგანწყობა. დიაგნოზის დადგენა ხდება ჩამოთვლილი სიმპტომებისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის მიხედვით. მოზრდილებში მეგაკოლონი ვითარდება შედარებით ნელა, ხშირად გამოხატული სიმპტომატიკის გარეშე, ამიტომ დაავადების ამ სტადიაზე დიაგნოსტირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეტგენოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა. ადრეულ სტადიებზე შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა (გამწმენდი ოყნები, დიეტოთერაპია, საფაღარათები). გამოხატული კლინიკური სურათის დროს მკურნალობა ქირურგიულია, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, ამასთან აგანგლიოზის დროს (გირშპრუნგის დაავადება) აუცილებელია აგანგლიოზის ან ჰიპოგანგლიოზის მთლიანი ზონის ამოკვეთა. ხშირად საჭიროა მსხვილი ნაწლავის სუბტოტალური რეზექცია.
პროგნოზი დამოკიდებულია მეგაკოლონის ფორმაზე და გამომწვევს მიზეზზე, ოპერაციის მეთოდსა და მოცულობაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 3337 times by 1652 viewers



