მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი

მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი arteriosclerosis obliterans

მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი – ხელშემწყობი ფაქტორები, კლასიფიკაცია, ტიპები, დამახასიათებელი ლოკალიზაცია, დიაგნოსტიკა, გართულებები, მკურნალობა >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი

პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევების ერთ – ერთი ძირითადი მიზეზი. მის განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტენზია, სხეულის მასის მომატება, ნიკოტინური ინტოქსიკაცია, ხანში შესული და ხანდაზმული ასაკი. რისკის ფაქტორებია: პოლიციტემია, ქრონიკული ინფექციები, ფსიქოსოციალური სტრესული სიტუაციები, მკურნალობა ესტოგენებით. დაზიანება უნვერსალურია და ეხება არა მხოლოდ კიდურების არტერიების შევიწროებას, არამედ თავის ტვინის, გულის, თირკმელების.

კიდურების არტერიული სისხლმიმოქცევის უკმარისობის სიმძიმის კლასიფიკაცია: 1 სტადია კლინიკურად უსიმპტომოა. აღინიშნება პულსის არარსებობა კიდურის სისხლძარღვებზე, ანგიოგრაფიით ვლინდება სისხლძარღვის შევიწროება ან დაცობა; II სტადია – იშემიური ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს დუნდულოების არეში და კანჭის ტყუპ კუნთებში (ხანგამოშვებითი კოჭლობა), არტერიოგრამაზე – ბარძაყ-მუხლქვეშა ან აორტოთეძოს სეგმენტის შევიწროება კოლატერალების საკმარისი განვითარებით; III სტადიის დროს ვლინდება ტკივილი მოსვენებით მდგომარეობაში და ღამით, მზარდი ინტენსივობით; ფიზიკური დატვირთვა მკვეთრად აძლიერებს ტკივილს; IV სტადია – მნიშვნელოვანი ტკივილი მოსვენებით მდგომარეობაში, ფიზიკური დატვირთვა პრაქტიკულად შეუძლებელია; გამოხატულია ტროფიკული დარღვევები, ნეკროზები თითებსა და ტერფებზე, განგრენის ნიშნები.

გამოყოფენ ათეროსკლეროზული ოკლუზიის 3 ძირითად ლოკალიზაციას: მენჯის, ანუ აორტულ-თეძოს ტიპი; ბარძაყისა ან ბარძაყ-მუხლქვეშა ტიპი, პერიფერიული – წვივის სისხლძარღვების დაზიანება. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია სისხლძარღვის დაზიანების დონეზე და ხარისხზე, კოლატერალური სისხლმიმოქცევის გამოხატულებაზე.

აორტულ-თეძოს ტიპი (ათეროსკლეროზული ოკლუზიის)

სისხლძარღვის დაცობის ხარისხის მიხედით წარმოიქმნება ხანგამოშვებითი კოჭლობა, ტკივილი დუნდულოებსა და ბარძაყის უკანა ზედაპირზე; მოგვიანებით ტკივილი ვლინდება მოსვენებით მდგომარეობაში, ვითარდება კიდურის პერიფერიული ნაწილების განგრენა. დამახასიათებელია მცივანობა, ქვედა კიდურების მომატებული მგრძნობელობა სიცივისადმი; იცვლება ფეხის კანის შეფერილობა – დაავადების დასაწყისში ფერკრთალია, მოგვიანებით – მეწამულ-მოლურჯო ფერისა. აღინიშნება კანის ატროფია, თმებისა და ფრჩხილების დაზიანება. პულსაცია ბარძაყის არტერიაზე არ არსებობს; ხშირად დაზიანება არის ორმხრივი (ლერიშის სინდრომი). მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ვლინდება კალცინატები აორტის კედელში და თეძოს სისხლძარღვებში. ანგიოგრაფიით ადგენენ დაზიანების ლოკალიზაციას, მის ხასიათსა და ხანგრძლივობას.

ბარძაყ-მუხლქვეშა ტიპი (ათეროსკლეროზული ოკლუზიის)

ბარძაყის ზედაპირული არტერიის დაცობა ან შევიწროება, რომელიც ვრცელდება გუნტერის არხამდე. ჩივილების ხასიათი და ინტენსივობა დამოკიდებულია არტერიების დისტალური ნაწილების დაზიანების არსებობაზე, სისხლძარღვის შევიწროების ხარისხზე, კოლატერალურ სისხლმიმოქცევაზე. პულსი ბარძაყის არტერიაზე ისინჯება, მაგრამ მუხლქვეშა და ტერფის არტერიებზე მკვეთრად შესუსტებულია ან არ არსებობს. დიაგნოზი დასაზუსტებლად აუცილებელია ანგიოგრაფული გამოკვლევა.

პერიფერიული ტიპი (ათეროსკლეროზული ოკლუზიის)

დამახასიათებელია ტკივილი და პარესთეზიები ტერფებსა და თითებზე, თითებშორისი მიკოზები, ხანგრძლივად შეუხორცებადი ჭრილობები თითების ტრავმის შემდეგ. პულსაცია ბარძაყისა და მუხლქვეშა არტერიებზე შენარჩუნებულია, მაგრამ ტერფის არტერიებზე არ არსებობს.

დიაგნოზი – გამოიყენება რეოგრაფია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ანგიოგრაფია.

მკურნალობა – საწყის სტადიაში კონსერვატიულია: არახელსაყრელი ფაქტორების მოხსნა (სიცივე, სიგარეტი, სპირტიანი სასმელები), სპაზმოლიზური თერაპია, განგლიობლოკატორები, გამაყუჩებლები. ქსოვილებში მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებლად ინიშნება ვიტამინები და სხვ. მიზანშეწონილია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც ახდენენ სისხლის შედედების ნორმალიზაციას, აქვეითებენ თრომბოციტების აგრეგაციას. ტარდება ფიზიოთერაპიული მკურნალობა, მიზანშეწონილია ჰიპერბარული ოქსიგენაცია; ოპერაციული მკურნალობის მიზანია დაზიანებულ კიდურში სისხლმიმოქცევის აღდგენა. ოპერაციის ჩვენება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მისი ტექნიკური ჩატარების შესაძლებლობაზე, თანმხლები პათოლოგიის გამოხატულების ხარისხზე.

გართულებები – სისხლდენა ანასტომოზებიდან ოპერაცის შემდეგ; ოპერირებული სისხლძარღვის ადრეული თრომბოზი, ინფექცია.

პროგნოზი – საუკეთესო პროგნოზია მიღებული მსხვილი არტერიების არახანგრძლივი ოკლუზიების დროს.

______________________________________

 

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები




Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..