იცენკო-კუშინგის დაავადება

იცენკო-კუშინგის დაავადება Cushing’s syndrome

იცენკო-კუშინგის დაავადება ხასიათდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დარღვევებითა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების მომატებული პროდუქციის სიმპტომებით. აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით ხშირია 20-40 წლის ასაკში; ქალები ავადდებიან 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.

იცენკო-კუშინგის დაავადება – ეტიოლოგია. ჰიპოფიზის სიმსივნეები (მიკრო – და მაკროადენომები), თავის ტვინის ანთებითი პროცესები; ქალებში ხშირად ვითარდება მშობიარობის შემდეგ. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები (გლუკოსტერომები, გლუკოანდროსტერომები), ფილტვების, შუასაყარის, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები, რომლებიც ახდენენ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციას, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ექტოპიური პროდუქციის სინდრომი იწვევს კუშინგის სინდრომს, რომელიც ხასიათდება მსგავსი კლინიკური სიმპტომთკოპლექსებით.

იცენკო-კუშინგის დაავადება – პათოგენეზი. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის დოფამინერგული და სეროტონინერგული მექანიზმების დარღვევა, ჰიპოფიზის მიერ აკტჰ და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიკოსტეროიდების ჭარბი სეკრეცია.

იცენკო-კუშინგის დაავადება – სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხიმის ჭარბი ჩალაგება სახის, კისრის არეში, ტანზე. სახე მთვარისებურია; კიდურები თხელია, კანი მშრალი, განლეულია და სახეზე და გულმკერდის არეში მოწითალო-ციანოზური ფერისაა; აღინიშნება აკროციანოზი; მკაფიოდაა გამოხატული ვენური სურათი გულმკერდზე და კიდურებზე, გაჭიმვის ზოლები მუცლის კანზე, ბარძაყებზე, მხრების შიგა ზედაპირებზე. ხშირია კანის ჰიპერპიგმენტაცია ხახუნის ადგილებზე. ქალებს სახის კანზე და კიდურებზე აღენიშნებათ ჰიპერტრიქოზი. დამახასიათებელია მიდრეკილება ფურუნკულოზისა და წითელი ქარის განვითარებისაკენ. არტერიული წნევა მომატებულია; ვლინდება ჩონჩხის ოსტეოპოროზული ცვლილებები (მძიმე მიმდინარეობის დროს აღინიშნება ნეკნების მოტეხილობები). სტეროიდული დიაბეტი ხასიათდება ინსულინრეზისტენტობით. აღინიშნება ჰიპოკალიემია, სტეროიდული მიოპათია და კარდიოპათია. ერითროციტების, ჰემოგლობინისა და ქოლესტერინის რაოდენობა მომატებულია; ვითარდება ფსიქიკური მოშლილობები (დეპრესია, ეიფორია). განასხვავებენ დაავადების მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმებს; მიმდინარეობა შესაძლებელია იყოს პროგრესირებადი (მთელი სიმპტომატიკის განვითარება ხდება 6-12 თვის განმავლობაში) და ტორპიდული (სიმპტომები თანდათანობით მატულობს 3-10 დღის განმავლობაში).

იცენკო-კუშინგის დაავადება – დიაგნოზი ეფუძნება შემდეგ მონაცემებს: 17-ОКС შემცველობის მომატება დღე-ღამის შარდში, კორტიზოლისა და აკტჰ-ის მომატება სისხლის პლაზმაში; ჰიპოფიზის მაკროადენომების დროს – თუქული კეხის ზომების გადიდება; ხერხემლისა და ჩონჩხის სხვა ძვლების ოსტეოპოროზი; კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით ვლინდება ორივე თირკმელზედა ჯირკვლის გადიდება. ხოლო სიმსივნის არსებობისას ჩანს მისი გამოსახულება შესაბამის მხარეზე; თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნისგამოსარიცხად გამოიყენება სპეციფიკური სინჯები .

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იცენკო – კუშინგის დაავადება – ჰიპოფიზური ბაზოფილიზმი. დაავადება გამოწვეულია ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი გამოყოფით. გამოვლინდება ჰიპერკორტიციზმის მოვლენებით (სიმსუქნე, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება). დამახასიათებელია – მატრონიზმი, კანის ტროფიკის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, ქალებში ამენორეა – მამაკაცებში სქესობრივი აქტივობის სისუსტე, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ოსტეოპოროზი და ა. შ. სინონიმი: კუშინგის დაავადება. [“3”] – სინდრომი, რომელიც ვითარდება ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი გამოყოფით და ვლინდება ჰიპერკორტიციზმის (გასუქება ცხიმოვანი უჯრედისის გადანაწილებით, კანის ტროფიკის დარღვევით, არტერიული ჰიპერტენზიით, ქალებში ამენორიით და მამაკაცებში სქესობრივი აქტივობით დაქვეითებით და ა. შ. ) მოვლენებით.(2)