ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობა (ახალშობილებში)

ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობა (ახალშობილებში) congenital intestinal obstruction

ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობა წარმოადგენს გადაუდებელი ოპერაციების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს ახალშობილებში. გაუვალობის მიზეზებია: 1. ნაწლავის განვითარების მანკები; 2. ნაწლავის ბრუნვის პროცესის დარღვევები; 3. მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეუმის სხვა ორგანოების განვითარების მანკები. განვითარების მანკების ყველაზე ხშირი ფორმაა ატრეზია და სტენოზი, რომელთა წარმოქმნას დაკავშირებულია ნაწლავის მილის სანათურის ფორმირების დეფექტებთან და ნაწლავის ცალკეული ნაწილების სისხლმომარაგების დარღვევებთან.

განასხვავებენ ატრეზიის 3 სახეს: ფიბროზული ზონრის სახით, აპკისებრი ფორმა და ბრმა ბოლოების სრული გათიშვით. ხშირად ატრეზიები და სტენოზები ლოკალიზებულია თორმეტგოჯა ნაწლავში, მლივი ნაწლავის დასაწყისში, თეძოს ნაწლავში; ზოგჯერ გვხვდება მრავლობითი ატრეზიები. იშვიათად გაუვალობის მიზეზია ნაწლავის გაორება (დუბლიკატურები, ენტეროგენული ზონები), ამასთან გაუვალობა ატარებს ობტურაციულ ხასიათს. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ნერვული განგლიების დარღვევები ნაწლავის კედელში, რაც იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის ცვლილებას და შიგთავსის პასაჟის გაძნელებას. ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობის მიზეზთა მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ნაწლავის ბრუნვის პროცესების დარღვევები ემბრიონალურ პერიოდში. ბრუნვის შეფერხებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაუვალობის სამი სახე: 1. ე. წ. შუა ნაწლავის გადაგრეხა; 2. ლედის სინდრომი – მლივი ნაწლავის გადაგრეხა, შერწყმული თორმეტგოჯა ნაწლავის გაჭყლეტასთან; 3. ნაწილობრივი დუოდენური გაუვალობა მისი გაჭყლეტის გამო. ნაწლავის გაუვალობის მიზეზი შესაძლოა იყოს აგრეთვე ნაწლავის ჩაჭედვა შიგა თიაქარში. მესამე ჯგუფს მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის განვითარების მანკები: რგოლისებრი ჯირკვალი და თანდაყოლილი კისტოფიბროზი. პირველ შემთხვევაში ვითარდება თორმეტგოჯას სტენოზი, მეორე შემთხვევაში – ვითარდება თეძოს ნაწლავის ობტურაცია მეკონიუმის მომატებული წებვადობის გამო. ნაწლავის ატრეზია და სტენოზი, მეკონიური ობსტრუქცია წარმოადგენენ ობტურაციული გაუვალობის მიზეზებს. ნაწლავის გადაგრეხისა და ნაწლავის ჩაჭედვის დროს დამახასიათებელია სტრანგულაციის სიმპტომები. მანკის ანატომიური ვარიანტის მიხედვით ნაწლავის გაუვალობის სიმპტომები წარმოიქმნებიან დაბადებისთანავე, ან შედარებით გვიანდელ პერიოდში.

ნაწლავის თანდაყოლილ გაუვალობას ყოფენ ლოკალიზაციისა და წინაააღმდეგობის დონის მიხედვით მაღალ და დაბალ, ნაწლავის სანათურის შევიწროების ხარისხის მიხედვით – სრულ და ნაწილობრივ, ხოლო წარმოქმნის დროის მიხედვით – მუცელშიგა და პოსტნატალურ სახეებად. ახალშობილებში მაღალი გაუვალობა წარმოიქმნება თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიის ან მისი სტენოზის დროს, ბრუნვის ანომალია – ლედის სინდრომის, ნაწლავის გაჭყლეტისას. ნაწლავის მაღალი გაუვალობა ვლინდება სიცოცხლის პირველივე საათებში ან დღეებში. მისი ძირითადი სიმპტომია შეუჩერებელი ღებინება კუჭის შიგთავსით. ბავშვები სწრაფად კარგავენ სხეულის მასას; მატულობს წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი სისტემის დარღვევები, ვითარდება ოლიგურია, მატულობს ჰემატოკრიტი. სრული გაუვალობის დროს, რომელიც ვითარდება მუცელშიგა პერიოდში, არ არის მეკონიუმი. დათვალიერებით მუცელი ჩავარდინილია, მის ფონზე ჭამის შემდეგ კარგად ჩანს შებერილი ეპიგასტრული მიდამო. ლედის სიდრომისა და ,,შუა ნაწლავის” გადაგრეხის დროს დამახასიათებელია ახალშობილის მოუსვენრობის შეტევები, რომლებიც ძლიერდება პალპაციისას. დაბალი გაუვალობა შესაძლოა განპირობებული იყოს მლივი, თეძოს და ასწვრივი ნაწლავის ატრეზიითა და სტენოზით, ნაწლავის გაორმაგებით, მეკონეალური ილეუსით. დაბალი გაუვალობა ვლინდება პირველივე საათებიდან ან დღეებიდან და ხასიათდება მუცლის მნიშვნელოვანი შებერვით. აღინიშნება  გაძლიერებული, ნაწლავის გაფართოებული მარყუჟების თვალით შესამჩნევი პერისტალტიკა. ღებინება შედარებით ნაკლებად ხშირია, ვიდრე მაღალი გაუვალობის დროს, თუმცა პირნაღებ მასებს აქვთ შეგუბებითი, უსიამოვნო სუნი, შეიცავენ ნაღვლისა და ნაწლავის შიგთავსის მნიშვნელოვან შენარევს (ე. წ. განავლოვანი ღებინება). ნაწლავის სრული გაუვალობისათვის დამახასიათებელია ასევე მეკონიუმის გამოსვლის არარსებობა დაბადების შემდეგ. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები ვლინდება მხოლოდ სტრანგულაციური გაუვალობის ან ნაწლავის პერფორაციის გვიანი დიაგნოსტიკის შემთხვევაში, როდესაც ვითარდება პერიტონიტი.

ნაწლავთა თანდაყოლილი გაუვალობის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..