ლალი დათეშიძე
ახალშობილთა ნეკროზული ფლეგმონა – ბავშვის კანისა და კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვან-ნეკროზულ დაზიანება. დაავადება ხასიათდება კანქვეშა ქსოვილის სწრაფად განვითარებადი ნეკროზით, კანის შემდგომი აშრევებითა და ნეკროზით. ფლეგმონის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი ან მისი ასოციაციები. ინფექციის შეჭრის კარია დაზიანებული კანი, ჭიპის ჭრილობა. ახალშობილის კანის აგებულების თავისებურება ხელს უწყობს მის ადვილად დაზიანებას, ხოლო კანქვეშა ქსოვილის კარგი სისხლმომარაგება და რიგი სხვა თვისებები გარკვეულ როლს ასრულებენ პროცესის სწრაფ განვითარებასა და გავრცელებაში. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი ვითარდება სისხლძარღვთა სწრაფად გავრცელებადი თრომბოზით, ენდო- და პერიარტერიის განვითარებით. ინფექციის განვითარებას ხელს უწყობს ლიმფური სისხლძარღვების უხვი ქსელი. ნეკროზი ზოგჯერ სწრაფად ვრცელდება და აზიანებს ფასციებს, კუნთებს, ნეკნების ხრტილებსა და სხვ. ნეკროზული ფლეგმონის ტიპიური ლოკალიზაციაა – გავა-წელის არე, დუნდულოები და ბეჭთაშუა არე, გულმკერდის გვერდითი და წინა ზედაპირი. დაავადება შესაძლებელია ასევე წარმოადგენდეს სხვა ანთებითი პროცესების გართულებას (აბსცესი, მასტიტი, კუდუსუნის დაჩირქებული ცისტა).
კლინიკური სურათი. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით 38 – 390С-მდე. სწრაფად მატულობს ინტოქსიკაციის მოვლენები; ბავშვის მოუსვენრობა იცვლება მოთენთილობით, იგი უარს ამბობს ჭამაზე. კანის საფარველი იძენს მორუხო ელფერს, ვლინდება მარმარილოსებრი სურათი. დამახასიათებელია ხშირი, ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია, გულის მოყრუებული ტონები, სისხლში – ლეკოციტოზი. დაავადების პირველივე საათებში კანზე ვლინდება ჰიპერემიული და გამკვრივებული, შემოფარგლული უბანი, პალპაციით მტკივნული. დაზიანების კერის ზევით კანი ცხელია, ნაოჭებად არ იკრიბება. 8-12 საათის შემდეგ დაზიანებული უბანი მატულობს 2-3-ჯერ; მის ზევით კანი ღებულობს ციანოზურ ელფერს, ვლინდება გარემომცველი ქსოვილების შეშუპება. თანდათანობით ინფილტრაციის ცენტრში ჩნდება გარბილება. ზოგ შემთხვევაში ვითარდება კანის ნეკროზი, მისი აცლა და ფართო ჭრილობითი დეფექტების წარმოქმნა. ჭრილობის ფსკერი რუხი ფერისაა, ნაპირები უსწორმასწოროა, გრანულაცია არ აღინიშნება. ჭრილობის ამგვარი სახის დროს მოსალოდნელია სეფსისის განვითარება. კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს მკვდარი კანის მოცილებისას წარმოიქმნება უხეში ნაწიბურები, რომელიც იწვევს გულმკერდის დეფორმაციას, წელის ლორდოზსა და კიფოზს.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წითელ ქართან, კანქვეშა ქოსოვილის ასეპტიკურ ნეკროზთან.
მკურნალობა ქირურგიულია. ყურადღებას აქცევენ პროცესის გავრცელებას, საჭიროების მიხედვით ტარდება დამატებითი განაკვეთები. კანის ნეკროზისა და დემარკაციული ხაზის გაჩენისას ტარდება ნეკრექტომია. ნეკროზული მასებისაგან და ჩირქისაგან ჭრილობის გასუფთავების შემდეგ იყენებენ შეხვევებს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებით. ადგილობრივთან ერთად ტარდება ინტენსიური თერაპია, რომლის კოპლექსში შედის დეზინტოქსიკაციური, ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი ღონისძიებები.
პროგნოზი ახალშობილთა ფლეგმონის დროს ყოველთვის სერიოზულია. დროული დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობა განსაზღვრავს დაავადების გამოსავალს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 898 times by 370 viewers



