გინგივიტი

გინგივიტი – ღრძილის ლოროწოვანი გარსის ანთება. შესაძლოა იყოს გენერალიზებული, როდესაც ღრძილი ზიანდება ყველა კბილის მიდამოში ორივე ან ერთ ყბაზე, და ლოკალიზაბული, როდესაც ღრძილი დაზიანებულია  ერთი ან რამდენიმე კბილის მიდამოში. განასხვავებენ კატარულ, ჰიპერტროფიულ, წყლულოვან (წყლულოვან-ნეკროზულ) გინგივიტებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

 კბილის ქვა, კბილის რბილი ნადები, თამბაქოს წევა, ქიმიური გამაღიზიანებლები, ფუზოსპირალური ინფექცია.
კატარული გინგივიტი ვითარდება როგორც რეაქცია სხვადასხვა გამაღიზიანებლებზე, ჰიპერტროფიული გინგივიტი უკავშირდება პუბერტულ პერიოდში და ორსულობის დროს განვითარებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
წყლულოვანი გინგივიტი განსაკუთრებით ხშირადაა დაკავშირებული ორგანიზმის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებთან და ღრძილის ქსოვილების ტროფიკის მოშლასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ჰიპოვიტამინოზს, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებას (დიფენინი და სხვ.).

სიმპტომები, მიმდინარეობა

მწვავე კატარული გინგივიტი ვლინდება ღრძილის ჰიპერემიითა და შეშუპებით, სისხლდენით, ტკივილით, წვით; ქრონიკული – ღრძილის ციანოზით, შეშუპებით, გაფაშრებით; აღინიშნება მიკრობული ნადები და მკვრივი ჩალაგებები. ჰიპეტროფიული გინგივიტის დროს ღრძილი მკვრივია, ჰიპერტროფიულია და ნაწილობრივ ფარავს კბილის გვირგვინს, უმთავრესად ვესტიბულური მხრიდან. წარმოიქმნება ცრუ პათოლოგიური ჯიბეები, ღრძილქვეშა ქვა.
ხშირია კბილების მდებარეობის ანომალიები. რენტგენოგრამაზე კბილთაშუა ძგიდეების ცვლილებები არ ვლინდება. წყლულოვანი გინგივიტის დროს აღინიშნება ღრძილის დვრილების მტკივნეულობა; ღრძილს აქვს ჭუჭყიანი-რუხი, ნეკროზული აპკი, რომელიც ადვილად იხსნება. გაშიშვლებული ზედაპირი მუქი წითელი ფერისაა, სისხლმდენია. აღინიშნება მკვეთრი მტკივნეულობა, ავადმყოფი საჭმელს ვერ ჭამს.
პირიდან აღინიშნება ცუდი სუნი, გაძლიერებული ნერწყვდენა. ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია; ტემპერატურა 38-390 C-მდეა. ავადმყოფი მოთენთილია, აღენიშნება თავის ტკივილი. დაწყლულებები ზოგჯერ ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვანზე.

მკურნალობა

 გამაღიზიანებელი ფაქტორის ლიკვიდაცია. ქრონიკული კატარული გინგივიტის დროს პირის ღრუს ინჰალაცია ნატრიუმის ბიკარბონატის 2%-იანი ხსნარით და 1%-იანი ნატრიუმის ქლორიდით. ჰიპერტროფიული გინგივიტი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას (კიურეტაჟი, გინგივექტომია).
წყლულოვანი გინგივიტის დროს დაშლილ ქსოვილს ამოკვეთენ, ზედაპირს ამუშავენენ წყალბადის ზეჟანგით. გამოხატული ზოგადი მოვლენების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები.

 პროგნოზი

კატარული გინგივიტი მთავრდება 7-10 დღეში, ქრონიკული მოითხოვს გულდასმით მკურნალობას. ჰიპერტროფიული გინგივიტი ხშირად იძლევა რეციდივებს; ავადმყოფები საჭიროებენ ორთოდონტულ მკურნალობას.

 პროფილაქტიკა

ადგილობრივი გამაღიაზიანებელი ფაქტორები მოხსნა (ძირითადად კბილის ქვის); პირის ღრუს სისტემატური მოვლა.

ლოკალიზებული გინგივიტი

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ღეჭვით, კბილის ჯაგრისით, კბილის საწმენდით მიღებული ტრავმა. უკავშირდება საკვების გაჭედვას კბილებს შორის შუალედებში, კბილთაშუა კონტაქტური პუნქტის დარღვევის დროს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მწვავე ლოკალიზებული გინგივიტის დროს ტკივილი ძლიერდება ჭამის დროს. დვრილი ჰიპერემიული, შეშუპებულია. ქრონიკულის დროს – აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი, რომელიც გაივლის კბილებს შორის გაჭედილი საკვების ამოღების შემდეგ.
ღრძილი შეშუპებული, ციანოზურია, შესაძლოა იყოს ატროფიული, დაწყლულებული და სისხლმდენი. კბილებზე აღინიშნება აპროქსიმალური დეფექტები ან არასრულფასოვანი ბჟენები. რენტგენოლოგიურად: კბილთაშუა ძგიდეები შენარჩუნებულია.

მკურნალობა

კბილთაშუა კონტაქტური პუნქტის აღდეგა დაბჟენით ან სხვ. პროგნოზი რაციონალური მკურნალობის დროს კარგია. პროფილაქტიკა – აპროქსიმალური კარიესის რაციონალური მკურნალობა. მკურნალობის გარშე ღრძილში ანთებითი პროცესი პროგრესირებს, ვითარდება ლოკალური პაროდონტიტი.

გინგივიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦷 გინგივიტი – ღრძილის ლოროწოვანი გარსის ანთება
🖇 გინგივიტი შეიძლება იყოს:
➡️ გენერალიზებული – როდესაც ღრძილი ზიანდება ყველა კბილის მიდამოში ორივე ან ერთ ყბაზე;
➡️ ლოკალიზებული – როდესაც ღრძილი დაზიანებულია ერთი ან რამდენიმე კბილის მიდამოში
🔎 გინგივიტის გამომწვევი მიზეზებია:
✔️კბილის ქვა;
✔️ კბილის რბილი ნადები;
✔️ თამბაქოს მოწევა;
✔️ ქიმიური გამაღიზიანებლები;
✔️ ფუზოსპირალური ინფექცია
🔴 წყლულოვანი გინგივიტი განსაკუთრებით ხშირადაა დაკავშირებული ორგანიზმის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებთან და ღრძილის ქსოვილების ტროფიკის მოშლასთან
👉 შეიტყვეთ მეტი გინგივიტზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3AZEVyK
#გინგივიტი #ღრძილებისანთება #გინგივიტისსიმპტომები #გინგივიტისნიშნები #გინგივიტისგამომწვევიმიზეზები #გინგივიტისმიზეზები #გინგივიტისმკურნალობა #გენერალიზებულიგინგივიტი #ლოკალიზებულიგინგივიტი #კბილისქვა #კბილისრბილინადები #თამბაქოსმოწევა #რაარისგინგივიტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian