კბილის კარიესი

კბილის კარიესი პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაციით, მათი შემდგომი დესტრუქციითა და კბილზე ღრუს სახის დეფექტის წარმოქმნით.  გამომწვევია მუტანსის სტრეპტოკოკი, რომელიც გროვდება მინანქრის ზედაპირზე, რეტენციულ ადგილებზე, კბილის რბილი ნადების სახით.

კბილის კარიესი – პათოგენეზი. მიკროფლორა აზიანებს მინანქრის ორგანულ საფუძველს, რომელიც კარგავს მინერალური სუბსტრატის ფიქსირების უნარს. წარმოიქმნება კარიესული დეფექტი. კარიესის მიმართ მდგრადობას განსაზღვრავს მინანქრის სტრუქტურა, ასევე პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტის მდგომარეობა.

კბილის კარიესი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფი უჩივის ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება კარიესულ ღრუში ცივი, მჟავე, ტკბილი საკვების მოხვედრისას. გამღიზიანებელი ფაქტორის მოქმედების მოხსნის შემდეგ  ტკივილი გაივლის. თავისთავადი ტკივილები კარიესის დროს არ აღინიშნება. საწყის სტადიაში მინანქრის ზედაპირზე ჩანს მორუხო ან მოყავისფრო ფერის ლაქა. ზედაპირული კარიესის დროს დეფექტი მინანქრის საზღვრებშია, მისი ფსკერი ხორკლიანია; საშუალო კარიესის დროს დეფექტი ვრცელდება დენტინ-მინანქრის შეერთების იქით; ღრმა კარიესის დროს – მოიცავს დენტინის მთელს შრეებს. მწვავე მიმდინარეობის დროს კარიესულ პროცესში ჩართული ქსოვილები მორუხო-ჭუჭყიანი ფერის, გარბილებულია, კარიესული კერა არასწორი ფორმისაა, მისი ნაპირები ჩაღრმავებულია. მწვავე მიმდინარეობის დროს ზიანდება მეტი კბილები, ამასთან თითოეულ კბილზე წარმოიქმნება რამდენიმე ღრმული. ქრონიკული მიმდინარეობის დროს დაზიანებული ქსოვილები პიგმენტირებული, მკვრივია, მათი ნაპირები შედარებით თანაბარია.

კბილის კარიესი – მკურნალობა – დაზიანებული ქსოვილის ამოკვეთა (მინანქარი, დენტინი), ღრუს ფორმირება და კბილის ფორმისა და ფუნქციის აღდგენა.

კბილის კარიესი – პროგნოზი. მკურნალობის გარეშე კარიესი რთულდება პულპიტით.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კბილის კარიესი – კბილის მაგარი ქსოვილების დაავადება, პოლიეტიოლოგიური პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ზიანდება მინანქარი, დენტინი, ცემენტი და კბილში წარმოიქმნება კარიესული ღრუ. უმეტესად 7 – 18 წლის მოზარდები ავადდებიან. კბილის კარიესი შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანმა კვებამ, არახელსაყრელმა სანიტარულმა და კლიმატურმა პირობებმა, რაიმე დაავადებამ და სხვ. ტროფიკის მოშლის შედეგად კბილის მაგარ ქსოვილებში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და კვება, პირის ღრუში მუდმივი გამღიზიანებელი ფაქტორის (ქიმიური, ინფექციური, თერმული) ზემოქმედებით კბილის მაგარი ქსოვილი ადვილად ზიანდება და იშლება; კბილის ზედაპირზე (უფრო ხშირად საღეჭებზე) ჩნდება მინანქრის ლაქა, რომელიც ჯერ ცარცისფერია, შემდეგ კი პიგმენტები უჩნდება. ლაქის მიდამოში მინანქარი ხორკლიანია, ნელ – ნელა რბილდება, იშლება და ჩნდება ღრუ; რღვევის პროცესი თანდათან ღრმად მდებარე ფენებზე ვრცელდება და მისი შეჩერება მხოლოდ კბილის დაბჟენით შეიძლება. მკურნალობა: კარიესული ღრუდან დარბილებული დენტინის მოცილება, ღრუს მექანიკური და ქიმიური დამუშავება და დაბჟენა. პროფილაქტიკა: ბავშვის ორგანიზმის უზრუნველყოფა ჯერ კიდევ მუცლის ყოფნის პერიოდიდან (4 – 5 თვეს) 11 წლამდე აუცილებელი მარილებით, განსაკუთრებით ფოსფორით, კალციუმით და D ვიტამინით; კვების რაციონალური რეჟიმი; პირის ღრუს სანაცია და სხვ. ნ. ბაძოშვილი. [“1”]   – კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანება, როდესაც კბილში წარმოიქმნება პროგრესირებადი კარიესული ღრმული.(2)