საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები – ფუნქციონალური დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან საჭმლის მომნელებელი გლუვკუნთოვანი ორგანოების პერისტალტიკისა და ტონუსის დარღვევით (საყლაპავის, კუჭის, ნაღვლგამომყოფი გზების, ნაწლავის).

საყლაპავის დისკინეზია ვლინდება მისი ატონიითა და დამბლით, სპასტიკური დისკინეზიით, სფინქტერების უკმარისობით. საყლაპავის ატონია და დამბლა განპირობებულია მისი ინერვაციის მოშლით და აღინიშნება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს, ასევე საყლაპავის კუნთოვანი შრის დაზიანებისას. საყლაპავის ატონიისა და დამბლის სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში შენიღბულია ძირითადი დაავადების გამოვლინებებით. საყლაპავის ატონია ვლინდება დისფაგიით, რომელიც წარმოიქნება მშრალი და ცუდად დარეჭილი საკვებით, ასევე წოლის დროს საკვების მიღებით. ხახა – საყლაპავის სფინქტერის ატონიის დროს გაძნელებულია გადაყლაპვა და საყლაპავის შიგთავსი ხვდება სასუნთქ გზებში. დიაგნოზი დგინდება დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებით, რენტგენოლოგიური გამოკვლევით, ეზოფაგოტონოკიმოგრაფიით.

მკურნალობა: ქოლინოლიზური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებები; საყლაპავის მეორადი ატონიის დროს ძირითადი დაავადების მკურნალობა.

კარდიალური სფინქტერის უკმარისობა ვითარდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, კარდიალური სფინქტერის დაზიანებისას ოპერაციული ჩარევების შედეგად სისტემური სკლეროდერმიის დროს, ასევე საყლაპავისა და კუჭის დისკინეზიის შედეგად (კარდიის ფუნქციონალური უკმარისობა). დამახასიათებელია ბოყინი, კუჭის შიგთავსის წამოქაფება ჭამის შემდეგ, ტანის დახრისას და მწოლიარე მდგომარეობის დროს. დიაგნოზი დასტურდება დამახასიათებელი ჩივილებით  და რენტგენოლოგიური გამოკვლევით. აქტიური კუჭის წვენის სისტემატური მოხვედრისას საყლაპავში ხშირად ვითარდება რეფლუქს – ეზოფაგიტი, პეპტიკური წყლული და შემდეგ კი საყლაპავის პეპტიკური სტრიქტურა.

მკურნალობა. რეკომენდებულია რომ ავადმყოფმა არ მიიღოს სხეულის ისეთი მდებარეობა, რომლის დროსაც ვლინდება კარდიალური სფინქტერის უკმარისობა, ანუ წარმოიქმნება კუჭ – საყლაპავის რეფლუქსი. უკუნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, ასევე ყველა ის სამუშაოები, რომლებიც იწვევენ მუცლის პრესის დაჭიმვას; პეპტიკური გართულებების წარმოქმნისას ნაჩვენებია ანტაციდური და შემკვრელი საშუალებები.

საყლაპავის სპასტიკური დისკინეზია. განასხვავებენ პირველად ეზოფაგოსპაზმს, რომელიც წარმოადგენს საყლაპავის ფუნქციის რეგულაციის კორტიკალური დარღვევის შედეგს, და მეორადს, რომელიც წარმოიქმნება ეზოფაგიტის, წყლულოვანი და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს, ან იმ დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ კრუნჩხვითი სინდრომით. ხანგრძლივად გამოხატული ეზოფაგოსპაზმი იწვევს საყლაპავის კუნთოვანი კედლის მკვეთრ ჰიპერტროფიას. დამახასიათებელია არამუდმივი დისფაგია, რომელსაც ზოგჯერ აქვს პარადოქსალური ხასიათი: წარმოიქმნება სითხის მიღების დროს და არ აღინიშნება მკვრივი და ფაფისებური საკვების მიღებისას. ხშირია მკერდუკანა ტკივილები, რომელიც უკავშირდება ყლაპვას, მაგრამ რიგ შემთხვევებში მოგვაგონებს კორონარულს. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური გამოკვლევებით. შესაძლებელია ხანგრძლივი მიმდინარეობა. გართულებებს წარმოადგენს საყლაპავის ჭეშმარიტი დივერტიკულების ფორმირება, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრები. დიფერენციალური დიაგნოზს ატარებენ კარდიის აქალაზიის საწყის სტადიასთან. ძირითადი მნიშვნელობა აქვს რეტგენოლოგიურ გამოკვლევებს, რომლის დროსაც ზუსტდება კარდიის ნორმალური გამავლობა, კარგად ჩანს კუჭის აიროვანი ბუშტი. ეზოფაგოფიბროსკოპია საშუალებას იძლევა გამოირიცხოს საყლაპავის კიბო და მისი სხვა ორგანული დაზიანებები, რომლებიც ხშირად მიმდინარეობენ მეორადი ეზოფაგოსპაზმით. მეორადი ეზოფაგოსპაზმის დროს მკურნალობა პირველ რიგში მიმართულია ძირითადი დაავადებისაკენ. რეკომენდებულია ხშირი (დღეში 4 – 5 – ჯერ) კვება, მექანიკურად და თერამულად დამზოგავი დიეტა. ყველა შემთხვევებში ინიშნება სპაზოლიზური, ქოლინოლიზური და სედატიური პრეპარატები.

კუჭის დისკინეზია ვლინდება მწვავე ატონიით, ქრონიკული ჰიპოტონიითა და გასტროპტოზით, ჰიპერტონული დისკინეზიით, პნევმატოზით. კუჭის მწვავე ატონია წარმოადგენს კუნთების პარეზს, რომელიც ვითარდება ნერვული წარმონაქმნების უშუალო დაზიანების შედეგად. დაავადება იშვიათია, შესაძლოა აღინიშნებოდეს მიოკარდის ინფარქტის, პერიტონიტის, პნევმონიის, კუჭის სისხლძარღვების თრომბოზის, ზოგჯერ კარდიის ხანგრძლივად არსებული სტენოზის, ზოგიერთი მძიმე ინფექციური დაავადების დროს; ქირურგიულ პრაქტიკაში: კუჭის ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანების, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ავადმყოფის ნარკოზიდან გამოსვლისას. დამახასიათებელია სიმძიმის, გადავსების გრძნობა ეპიგასტრიუმში, ღებინება, სლოკინი, ყრუ ტკივილი ფერდქვეშ; სიმპტომატიკა სწრაფად მატულობს, ვითარდება გართულებები. დათვალიერებისას ვლინდება მნიშვნელოვანი, სწრაფად მზარდი ეპიგასტრიუმის არის გამობერვა; პერკუსიით მოისმინება ტიმპანური ხმის ფართო ზონა; კუჭის ზონდი თავისუფლად გადადის კუჭში, ამასთან ევაკუირდება ძალიან დიდი რაოდენობის თხიერი შემცველობა და დგება დროებითი შემსუბუქება. მკურნალობა. ატარებენ კუჭის ზონდირებას, შემდეგ კი მუდმივ დრენაჟს, კუჭის ტონუსის აღდგენამდე. ამავდროულად ტარდება ძირითადი დაავადების ინტენსიური მკურნალობა, რომლის ფონზეც განვითარდა კუჭის მწვავე გაფართოება.

კუჭის ქრონიკული ჰიპოტონია და გასტროპტოზი ჩვეულებრივ ერწყმის ერთმანეთს. განასხვავებენ გასტროპტოზის სამ ხარისხს. პირველი ხარისხის დროს მცირე სიმრუდე არის 2 – 3 სმ – ით ზემოთ l. biiliaca, მეორე ხარისხის დროს მის დონეზე და მესამე ხარისხის დროს მის ქვემოთ. გამოყოფენ აგრეთვე ტოტალურ გასტროპტოზსა და ნაწილობრივს. გასტროპტოზი ხშირია ქალებში, 15 – 45 წლის ასაკში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. თანდაყოლილი გასტროპტოზი პირველ რიგში განპირობებულია კონსტიტუციური ასთენიით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. უმრავლეს შემთხვევებში პირველი და მეორე ხარისხის გასტროპტოზი მიმდინარეობს უსიპტომოდ. იშვიათად უჩივიან სიმძიმის, სისავსის გრძნობას ფერდქვეშა არეში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ; ყრუ ტკივილი ეპიგასტრიუმში მსუბუქდება ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში და აიხსნება კუჭის საფიქსაციო იოგების გაჭიმვით. ზოგჯერ აღინიშნება კარდიალგია. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნებათ ხანმოკლე ტკივილი მუცელში სირბილის ან ხტომის დროს, რომელიც გაივლის დამოუკიდებლად; გულისრევა, მადის დაქვეითება. ხშირია შეკრულობები. სხვა ორგანოების პტოზთან გასტროპტოზის შერწყმას ემატება დამატებითი სიმპტომები. ავადმყოფებს კონსტიტუციური გასტროპტოზით ხშირად აღენიშნებათ ნევროლოგიური ჩივილები; ვლინდება ჩამოკიდებული მუცელი, ამასთან მისი ზევით აქაჩვისას ტკივილი ხშირად მცირდება ან საერთოდ ქრება. კარდიის და დიდი სიმრუდის დაწევა შესაძლოა განისაზღვროს პალპაციით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა. პირველი და მეორე ხარისხის გასტროპტოზის დროს რეკომენდებულია ფიზკულტურა, ვარჯიშები, რომლებიც მიმართლია მუცლის პრესის გამაგრებისაკენ. მესამე ხარისხის გასტროპტოზის დროს ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალური კურსები, მუცლის მასაჟი და სხვ. ყველა შემთხვევებში მაჩვენებია ხშირი, ულუფებად კვება კალორიული და ადვილად ასათვისებელი საკვების მიღება, მადის მოსამატებელი საშუალებები; აქილიის დროს ინიშნება კუჭის წვენი და მისი შემცვლელები. რეკომენდებულია ანაბოლური ჰორმონები; აუცილებელია შეკრულობის მკურნალობა დიეტითა და საფაღარათოებით. გასტროპტოზის მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია ჭამიდან 1 – 1,5 საათის შემდეგ ავადმყოფი იწვეს და ინიშნება სამკურნალო ბანდაჟი;

კუჭის ჰიპერტონული დისკინეზია ხასიათდება მისი ტონუსის მომატებით და პერისტალტიკის დარღვევით. აღინიშნება როგორც ზოგადი დაავადებების ფონზე, ასევე კუჭის პერისტალტიკის რეფლექტორული ცვლილების შედეგად. ზოგჯერ წარმოადგენს ისტერიული ნევროზის შედეგს ან კუჭის ტონუსის დროებით მომატებას ემოციის გავლენით, ფსიქიკური დაძაბულობით. შემოსაზღვრული (ლოკალური, ადგილობრივი) ჰიპერტონია და კუჭის კედლის კუნთოვანი გარსის სპაზმი ჩვეულებრივ რეფლექტორულია. კუჭის ტეტანია შესაძლოა იყოს შედეგი და ერთ – ერთი გამოვლინება ფარისებრახლო ჯირკვლების უკმარისობისა და ჰიპოკალციემიისა. თამბაქოს მოწევა აძლიერებს კუჭის სპასტიკურ შეკუმშვას. კუჭის მნიშვნელოვანი ჰიპერსეკრეცია და ჰიპერაციდური მდგომარეობა ხელს უწყობს კარდიის სპაზმის გაძლიერებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ჰიპერტონური დისკინეზია მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება ტკივილით ეპიგასტრიუმში, ხშირად წყლულისთვის დამახასიათებელი. პილოროსპაზმის დროს ხშირია ღებინება. რეტგენოლოგიური გამოკვლევით კუჭის ზომები დიდი არ არის, აქვს რქის ფორმა. ხანგრძლივად არსებული პილოროსპაზმმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანული პილოროსტენოზის ფორმირება.

მკურნალობა. კუჭის ნევროგენული და ფსიქოგენური დისკინეზიის დროს რეკომენდებულია დამზოგავი დიეტა, შრომისა და დასვენების რეჟიმი, სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ქოლინოლიზური და სპაზმოლიზური საშუალებები, სითბო ეპიგასტრიუმში.

კუჭის პნევმატოზი: კუჭში ჰაერის მომატებული შემცველობა. შესაძლოა განვითარდეს ორგანული დაავადების შედეგად, მაგრამ ხშირად აღინიშნება ნერვული მოქმედების დარღვევების, ისტერიული ფსიქოზის დროს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმძიმის, ზეწოლის გრძნობა, გადავსების გრძნობა ეპიგასტრიუმში და ხშირი, ძლიერი ბოყინი. დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის მაღლა დგომის გამო შესაძლოა განვითარდეს კარდიალგია. პერკუსიით და რენტგენოლოგიურად ვლინდება კუჭის აიროვანი ბუშტის დიდი ზომები.

კუჭის ფუნქციონალური წარმოშობის პნევმატოზის დროს მკურნალობა ტარდება ზოგადმასტიმულირებელი საშუალებებით, სედატიური პრეპარატებით და ტრანკვილიზატორებით, სამკურნალო ფიზკულტურით. რეკომენდებულია ხშირი, ულუფებად კვება, იკრძალება გაზიანი სასმელები.

სანაღვლე გზების დისკინეზია წარმოადგენს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ტონუსის და მოტორიკის ფუნქციონალურ მოშლას. განასხვავებენ ჰიპერტონულ – ჰიპერკინეტიკურს, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტის ჰიპერტონული მდგომარეობით და ჰიპოტონურ – ჰიპოკინეტიკურს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაღვლის ბუშტისა და ოდის სფინქტერის ჰიპოტონური მდგომარეობა. გვხვდება უპირატესად ქალებში; ჰიპეტონულ – ჰიპერკინეტიკური დისკინეზია ხშირად ვლინდება შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ხოლო ჰიპოტონურ – ჰიპოკინეტიკური 40 წლის ასაკის ზევით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. სანაღვლე გზების დისკინეზია განპირობებულია პირველ რიგში ნეიროჰუმორალური რეგულაციის მოშლით; გვხვდება ნევროზის, დიენცეფალური სინდრომის, სოლარიტის, ენდოკრინულ – ჰორმონალური დარღვევებისას. ჰიპერტონულ – ჰიპერკინეტიკური ფორმა ვითარდება რეფლექტორულად, ატროფიული დუოდენიტის დროს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის მიერ გასტროინტერსტინალური ჰორმონის გამომუშავების დარღვევით, ასევე სხვა დაავადებების დროს. გამოხატული ასთენური კონსტიტუციის დროს, ადინამიის, არარაციონალური კვებისას შედარებით ხშირად ვლინდება ჰიპოტონურ – ჰიპოკინეტიკური ფორმის დისკინეზია. ხშირი, მაგრამ არარეგულარული კვება ცხარე საკვებით და სხვ. ხელს უწყობს სანაღვლე გზების ჰიპერტონულ – ჰიპერკინეტიკურ დისკინეზიის განვითარებას. ნაღვნლგამომყოფი სისტემის ორგანული დაზიანებანი, პარაზიტული, ჭიით ინვაზიები ხშირად მიმდინარეობენ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის გამოხატული მოვლენებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სანაღვლე გზების ჰიპერტონულ – ჰიპერკინეტიკური დისკინეზიები მიმდინარებს შეტევითი ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც მოგვაგონებს ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს არსებულ კოლიკებს. შეტევების განვითარებას ხელს უწყობს აღელვება, ნერვულ – ფსიქიკური დატვირთვა, უარყოფითი ემოციები; ქალებში გამწვავებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მენსტრუალურ ციკლთან. ტკივილი ირადირებს მარჯვენა ბეჭში, მარჯვენა მხარში, ზოგჯერ გულის არეში, მიმდინარეობს საერთო ვეგეტატიური რეაქციებით – მკვეთრი ოფლიანობით, სიფერმკრთალით, გულისრევით, თავის ტკივილით, გულის ფრიალით და ა. შ. ტკივილი გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე; მარჯვენა ფერდქვეშ ყრუ ტკივილები შესაძლოა გაგრძელდეს კვირაობით, დროებითი გაძლიერებითა და ჩაცხრომით. ტკივილის დროს მუცელი დაჭიმული არ არის, ცხელება, ლეიკოციტოზი და ედსის მომატება შეტევის შემდეგ არ აღინიშნება. დისკინეზიის ჰიპოტონურ – ჰიპოკინეტიკური ფორმა ვლინდება ძირითადად ნაკლებინტენსიური ტკივილით;. პალპაციით ვლინდება მცირედი მტკივნეულობა ნაღვლის ბუშტის არეში. დიაგნოზი დასტურდება მრავალმომენტიანი დუოდენალური ზონდირებით. უკანასკნელ წლებში გამოიყენება რადიოიზოტოპური ქოლეცისტოგრაფია. მიმდინარეობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია, გამწვავებებითა და რემისიებით. დროთა განმავლობაში ნაღვლის ბუშტში და სადინრებში შესაძლოა განვითარდეს ანთებითი პროცესები ან წარმოიქმნას ნაღვლის კენჭები.

მკურნალობა. კვების რეჟიმის რეგულაცია, შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზება, ძილის და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ფუნქციების ნორმალიზება. სანაღვლე გზების რეფლექტორული დისკინეზიების დროს წამყვანი მნიშვნელობა აქვს ძირითადი დაავადების მკურნალობას. სანაღვლე გზების დისკინეზიების პროფილაქტიკა ითვალისწინებს კვების რაციონალური რეჟიმის დაცვას, შრომისა და დასვენების ნორმალიზაციას, სისტემატურ ვარჯიშებს, სტრესული სიტუაციების არიდებას, ნევროზული დარღვევების დროულ მკურნალობას.

ნაწლავის დისკინეზიებში შედის ნაწლავის ნევროზები და რეფლექტორული დარღვევები, რომლებიც აღინიშნება როგორც საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაავადებების დროს, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებების დროსაც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ხელშემწყობი ფაქტორებია კონფლიქტები, განსკუთრებით უკონტროლო და არარაციონალურ კვებასთან ერთად. ფუნქციური ხასიათი აქვს ე. წ. აქილიურ ფაღარათს ატროფიული გასტრიტების დროს, კუჭის სეკრეტორული უკმარისობით. ასეთ შემთხვევებში წარმოიქმნება პერისტალტიკის გაძლიერება ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების გამო გადაუმუშავებელი საკვები მასით. ნაწლავის ფუნქციური დარღვევა შესაძლოა იყოს ენდოკრინული დარღვევების შედეგი (თირეოტოქსიკოზის დროს – ფაღარათი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს – ნაწლავის ატონია და შეკრულობები); და ბოლოს, ნაწლავის ფუნქციური დარღვევა შესაძლოა თან ახლდეს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებას. (პარკინსონიზმი, სირინგომიელია, ზურგის ტვინისიმსივნეები და ტრავმები).

სიმპტომები, მიმდინარეობა. ნაწლავის ტოტალური დისკინეზია ვლინდება კუჭის მოქმედების მოშლით – ქრონიკული შეკრულობებით ან ფაღარათით, ამასთან განავლოვან მასებში არ არის პათოლოგიური მინარევები (ლორწო, სისხლი და სხვ.); აღინიშნება ყურყური მუცელში, ზოგჯერ მადის გაუარესება და სხვ. რექტორომანო – და კოლოსკოპიით მორფოლოგიური ცვლილებები მსხვილი ნაწლავის ლორწოვანში არ ვლინდება. თორმეტგოჯა ნაწლავის დისკინეზია და დუოდენოსტაზი ხშირად თან ახლავს წყლულოვან და ნაღვლკენჭოვან დაავადებებს; კლინიკური სიმპტომებია სპასტიკური ხასიათის ტკივილი ეპიგასტიუმის არეში, გადავსების ან სიმძიმის გრძნობა, გულისრევა, ღებინება. წვრილი ნაწლავის დისკინეზია ვლინდება სპასტიკური ტკივილებით მუცელში, ფაღარათით, ან ნახევრადთხიერი განავლით, მუცლის ყურყურით. მსხვილი ნაწლავის დისკინეზია შესაძლოა წარმოიქმნას დიზენტერიის შემდეგ. მსხვილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის მოშლა ვლინდება სპაზმით ან ატონიით. შესაძლოა აღინიშნოს ფუნქციური დიარეა, ან შეკრულობა. მსხვილი ნაწლავის მოტორულ – სეკრეტორული დარღვევის კლინიკური ფორმაა ლორწოვანი კოლიკა, რომლის დროსაც მუცელში წარმოიქმნება ტკივილის შეტევები, აღინიშნება ლორწოიანი განავალი. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ენტერიტებთან ენტეროკოლიტებთან; დაავადების ფუნქციური ბუნების დამადასტურებელია ნაწლავის ფუნქციის დარღვევების წარმოქმნა ან გაძლიერება ემოციების, ფსიქიკური დარღვევების გავლენით, ზოგადი ნევროზის ნიშნების არსებობა. მყარი შეკრულობების მიზეზი შესაძლოა იყოს ნაწლავის ორგანული დაზიანება: სიმსივნეები, შეხორცებითი პროცესი მუცლის ღრუში, ასევე მსხვილი ნაწლავის ანომალიები, რაც დასტურდება ირიგოსკოპიითა და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპური გამოკვლევით.

მკურნალობა. კვების, ასევე შრომისა და დასვენების რეჟიმის რეგულაცია, ფიზკულტურა, სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები. ნაწლავის სპასტიკური დისკინეზიის დროს ინიშნება ქოლინოლიზური საშუალებები ხანმოკლე კურსებით. ჰიპოტონური დისკინეზიის დროს ნაჩვენებია მუცლის მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ზოგადი მასტიმულირებელი თერაპია.

 

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები