ქრონიკული პანკრეატიტი chronic pancreatitis

პანკრეატიტი ქრონიკული – კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთება. გვხვდება ჩვეულებრივ საშუალო და ხანდაზმულ ასაკში. განასხვავებენ პირველად და მეორად პანკრეატიტს, ანუ თანმხლებ ქრონიკულ პანკრეატიტს, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადებების ფონზე (ქრონიკული გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ენტერიტი და სხვ.).

გახანგრძლივებული მწვავე პანკრეატიტი შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულში, მაგრამ უფრო ხშირად იგი ფორმირდება თანდათანობით, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების ფონზე, ან უსისტემო კვების შედეგად, ცხარე და ცხიმიანი საკების მიღების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, საკვებში ცილებისა და ვიტამინების სისტემატური დეფიციტის, კუჭის წყლულის პენეტრაციის ან თორმეტგოჯა ნაწლავისა კუჭქვეშა ჯირკვალში, კუჭქვეშა ჯირკვლის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, ინფექციური დაავადებების, ზოგიერთი ჰელმინთოზის დროს, ასევე ტყვიით, ვერცხლისწყლით, ფოსფორით, დარიშხანით მოწამვლის ფონზე.

პათოგენეზი: პანკრეასული ფერმენტების – ტრიპსინისა და ლიპაზას სეკრეციის შეჩერება და შიგაორგანული აქტივაცია, რომლებიც ახდენენ ჯირკვლის პარენქიმის ავტოლიზს, შემაერთებელი ქსოვილის რეაქტიულ ზრდასა და ნაწიბუროვან შეჭმუხვნას, რაც შემდეგში იწვევს ორგანოს სკლეროზს, კუჭქვეშა ჯირკვალში სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ მოშლას. ანთებითი პროცესის პროგრესირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ავტოაგრესიულ პროცესებს. ინფექციური წარმოშობის ქრონიკული პანკრეატიტების დროს, გამომწვევმა შესაძლოა შეაღწიოს კუჭქვეშა ჯირკვალში თორმეტგოჯა ნაწალავიდან (მაგალითად დისბაქტერიოზის დროს), ან სანაღვლე გზებიდან პანკრეასული სადინრების გავლით აღმავალი გზით, რასაც ხელს უწყობს სანაღვლე გზების დისკინეზია, მიმდინარე დუოდენო – და ქოლედოქო – პანკრეატული რეფლუქსით. ქრონიკული პანკრეატიტის წარმოშობას ხელს უწყობს სპაზმები, ფატერის დვრილის ანთებითი სტენოზი ან სიმსივნე, რომელიც ხელს უშლის პანკრეასული წვენის გამოყოფას თორმეტგოჯა ნაწლავში, ასევე ოდის სფინქტერის უკმარისობა, რომელიც აიოლებს დუოდენალური შიგთავსის თავისუფალ გამოყოფას კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარში. ანთებითი პროცესი შესაძლოა იყოს დიფუზური ან შემოსაზღვრული მხოლოდ კუჭქვეშა ჯირკვლის თავის ან კუდის მიდამოთი. განასხვავებენ ქრონიკულ შეშუპებით (ინტერსტიციულ), პარენქიმულ, სკლეროზულ და კალკულოზურ პანკრეატიტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი ეპიგასტრიუმში და მარცხენა ფერდქვეშ, დისპეფსიური მოვლენები, ფაღარათი, სიგამხდრე, შაქრიანი დიაბეტის თანდართვა. ტკივილი ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმში მარჯვნივ, კუჭქვეშა ჯირკვლის თავის არეში, ხოლო პროცესში მისი სხეულის ჩართვისას – მარცხენა ეპიგასტრიუმის არეში; პანკრეასის კუდის დაზიანებისას ტკივილი ლოკალიზაბულია მარცხენა ნეკნქვეშა არეში; ხშირად ტკივილი ირადირებს ზურგში და აქვს სარტყლისებრი ხასიათი, შესაძლოა ირადირებდეს გულის არეში, მოახდინოს სტენოკარდიის იმიტირება. ტკივილს აქვს მუდმივი ან შეტევითი ხასიათი და ვითარდება  ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღების შემდეგ. აღინიშნება მტკივნეულობა ეპიგასტრიუმსა და მარცხენა ფერდქვეშა არეში. ხშირად აღინიშნება მტკივნეული წერტილი ნეკნ – ხერხემლის კუთხეში (მეიო – რობსონის წერტილი). დისპეფსური სიმპტომები ქრონიკული პანკრეატიტის დროს თითქმის მუდმივია. ხშირია მადის სრული დაკარგვა და ცხიმიანი საკვების შეძულება. თუმცა შაქრიანი დიაბეტის განვითარების დროს, პირიქით, ავადმყოფებს შესაძლოა ჰქონდეთ წყურვილისა და შიმშილის გაძლიერებული გრძნობა. ხშირად აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყურყური მუცელში. მსუბუქ შემთხვევებში განავალი ნორმალურია, შედარებით მძიმე შემთხვევებში – აღინიშნება ფაღარათი ან ფაღართისა და შეკრულობის მონაცვლეობა. დამახასიათებელია პანკრეასული ფაღარათი დიდი რაოდენობით ფაფისებური, ცხიმიანი სიბზინვარის მქონე განავლით; კოპროლოგიური გამოკვლევით ვლინდება სტეატორეა, კიტარინორეა. სისხლში – ზომიერი ჰიპოქრომული ანემია, გამწვავებისას – ედსის მომატება, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოპროტეინემია და დისპროტეინემია, გლობულინების მომატების ხარჯზე. შაქრიანი დიაბეტის განვითარების დროს ვლინდება ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, დისპროტეინემია, შედარებით მძიმე შემთხვევებში – ელექტროლიტური ცვლის მოშლა, კერძოდ ჰიპონატრიემია. ტრიპსინის, ანტიტრიფსინის, ამილაზას და ლიპაზას შემცველობა სისხლში, ასევე ამილაზას შემცველობა შარდში მატულობს პანკრეატიტის გამწვავების პერიოდში, ასევე პანკრეასული წვენის დინების შეფერხებისას. დუოდენურ შიგთავსში ფერმენტების კონცენტრაცია და წვენის საერთო მოცულობა დაავადების დასაწყისში შესაძლოა მომატებული იყოს, თუმცა გამოხატული ატროფიულ – სკლეროზული პროცესის დროს ჯირკვალში ეს მაჩვენებლები ქვეითდება, ადგილი აქვს პანკრეასულ ჰიპოსეკრეციას. დუოდენორენტგენოგრაფიით ვლინდება თორმეტგოჯა ნაწლავის მარყუჟის შიგა კონტურის დეფორმაცია და ჩაზნექა, რაც განპირობებულია კუჭქვეშა ჯირკვლის თავის გადიდებით. ექოგრაფია და რადიოიზოტოპური სკანირება აჩვენებს კუჭქვეშა ჯირკვლის ზომებსა და ჩრდილის ინტენსივობას; რთულ შემთხვევებში ატარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დაავადების მიმდინარეობა მძიმეა; მიმდინარეობის თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ქრონიკულ მორეციდივე პანკრეატიტს, ტკივილით მიმდინარე, ფსევდოსიმსივნურ, ლატენტური ფორმის (იშვიათია).

გართულებებია: კუჭქვეშა ჯირკვლის აბსცესი, კისტა ან კალციფიკატები, მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ელენთის ვენის თრომბოზი, პანკრეტული სადინრისა და დუოდენური დვრილის ნაწიბუროვან – ანთებითი სტენოზი და სხვ. ქრონიკული პანკრეატიტის სკლეროზული ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს მექანიკური სიყვითლე ჯირკვლის გამკვრივებული ქსოვილით მასში გამავალი ნაღვლის საერთო სადინრის გაჭყლეტის გამო. ხანგრძლივად მიმდინარე პანკრეატიტის ფონზე შესაძლებელია მოხდეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მეორადი განვითარება. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნესთან; ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს პანკრეატოანგიოგრაფიას, რეტროგრადულ პანკრეატოანგიოგრაფიას, ექოგრაფიას და რადიოიზოტოპურ სკანირებას.

მკურნალობა. დაავადების საწყის სტადიებზე და მძიმე გართულებების არარსებობისას ტარდება კონსერვატული მკურნალობა; გამწვავებისას მკურნალობა მიზანშეწონილია ჩატარდეს გასტროენტეროლოგიური პროფილის სტაციონარის პირობებში. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს დღეში 5 – 6 – ჯერ, მცირე ულუფებით. გამოირიცხება ალკოჰოლი, შემწვარი, ცხიმიანი და ცხარე საკვები, კონცენტრირებული ბულიონები. დიეტა უნდა შეიცავდეს ცილების გაზრდილ რაოდენობას ხორცის, თევზის, ახალი უცხიმო ხაჭოს, არაკონცენტრირებული ყველის სახით. შეზღუდულია ნახშირწყლები, განსაკუთრებით მონო – და დისაქარიდები, ხოლო შაქრიანი დიაბეტის დროს მთლიანად გამოირიცხება საკვები რაციონიდან. საკვებს აძლევენ თბილი სახით. გამწვავებისას ინიშნება ანტიფერმენტული საშუალებები; ანტიბიოტიკები ნაჩვენებია გამოხატული გამწვავებისას ან კუჭქვეშა ჯირკვლის აბსცენდირებისას. ქიურურგიული მკურნალობა რეკომენდებულია ქრონიკული პანკრეატიტის მძიმე ტკივილით მიმდინარე ფორმების დროს, ნაღვლის საერთო და პანკრეასული სადინრის ნაწიბუროვან – ანთებითი სტენოზირების, ჯირკვლის აბსცენდირების ან კისტის განვითარების დროს.

პროფილაქტიკა. დაავადებების მკურნალობა, რომლებიც გარკვეულ ეტიოლოგიურ როლს ასრულებენ პანკრეატიტის განვითარებაში. ქრონიკული ინტოქსიკაციის თავიდან აცილება, რომლებიც ხელს უწყობენ ამ დაავადების განვითარებას (საწარმოო, ასევე ალკოჰოლით), რაციონალური კვებისა და დღის რეჟიმის უზრუნველყოფა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.