შეწოვის უკმარისობის სინდრომი
შეწოვის უკმარისობის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება წვრილ ნაწლავში შეწოვის დარღვევის შედეგად. ხშირად შერწყმულია საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომთან. განასხვავებენ შეწოვის უკმარისობის პირველად და მეორად სინდრომს. შეწოვის უკმარისობის სინდრომის წარმოქმნის მიზეზია ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის სტრუქტურის მემკვიდრული დარღვევა და გენეტიკურად განპირობებული ნაწლავური ფერმენტოპათია. შეწოვის უკმარისობის მეორადი სინდრომის განვითარების მექანიზმია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეძენილი სტრუქტურული ცვლილებები. მწვავე და ქვემწვავე მდგომარეობების დროს ძირითადი მნიშვნელობა აქვს საკვების პროდუქტების ნაწლავშიგა გადამუშავების დარღვევასა და შემცველობის დაჩქარებულ პასაჟს ნაწლავში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკულ-დისტროფიულ და ატროფიულ-სკლეროზულ ცვლილებებს, ხაოებისა და კრიპტების დამოკლებასა და გასქელებას, მიკროხაოების რიცხვის მკვეთრ შემცირებას, ნაწლავის კედელში ფიბროზული ქსოვილის განვითარებას მასში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მოშლით, კედლისმიერი საჭმლის მონელების პროცესების დარღვევას. ყველა ჩამოთვლილი ცვლილებები იწვევენ ორგანიზმში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ასევე მინერალური მარილებისა და ვიტამინების არასაკმარის შეღწევას ნაწლავის კედლიდან.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ავადმყოფის თანდათანობითი გამოფიტვა, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, დისტროფიული ცვლილებები შინაგან ორგანოებში, მათი ფუნქციის თანდათანობითი მოშლით; ავადმყოფს აღენიშნება მუდმივი სტეატორეა, კრეატორეა და ამილორეა; ვითარდება ჰიპოპროტეინემია, ძირითადად ალბუმინების ხარჯზე, ჰიპოქოლესტერინემია, ჰიპოკალციემია, ზომიერი ჰიპოგლიკემია. ჰიპოპროტეინემიის დროს (40-50 გ/ლ-ზე ქვევით), წარმოიქმნება ჰიპოპროტეინემიური შეშუპებები. დამახასიათებელია პოლიჰიპოვიტამინოზის სიმპტომები, ოსტეოპოროზი, ანემია, კანის, ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები, კუნთების პროგრესირებადი ატროფია, პოლიგლანდულური უკმარისობის მოვლენები, ზოგადი სისუსტე, მძიმე შემთხვევებში-ფსიქიკური დარღვევები, აციდოზი, კახექსია. ლაბორატორიული მეთოდებით ვლინდება ჰიპოპროტეინემია, ჰიპოქოლესტერინემია, ჰიპოგლიკემია და სხვა დარღვევები, როგორც შედეგი ნაწლავში შეწოვის უკმარისობისა. კოპროლოგიური გამოკვლევით აღინიშნება გადაუმუშავებელი საკვები ნივთიერებების, ასევე მათი ფერმენტული დაშლის პროდუქტების მომატებული გამოყოფა. ენტერობიოფსია ავლენს წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილის ლორწოვანი გარსის ატროფიულ ცვლილებებს. შეწოვის პროცესების გამოკვლევისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები; მიმდინარეობა დამოკიდებულია ძირითადი დაავადების ხასიათზე და მისი განკურნების შესაძლებლობაზე. მძიმე განუკურნებელ შემთხვევებში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
მკურნალობა. ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა. სიმპტომურ თერაპიაში შედის პარენტერალური კვება, ვიტამინები, პლაზმის, ცილოვანი ჰიდროლიზატების, გლუკოზის ხსნარის შეყვანა, ელექტროლიტური ცვლის დარღვევების კორექცია.
პროფილაქტიკა. ძირითადი დაავადებების თავიდან აცილება და მათი დროული მკურნალობა, რომლებიც მიმდინარეობენ შეწოვის უკმარისობით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები