ნაწლავური ენტეროპათიები

ნაწლავური ენტეროპათიები enteropathy

ნაწლავური ენტეროპათიები – ნაწლავის არაანთებითი ქრონიკული დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთაც საფუძვლად უდევთ ფერმენტოპათია ან ნაწლავის კედლის აგებულების თანდაყოლილი ანომალიები.

ენტეროპათია გლუტეინის (ევროპული სპრუ, არატროპიკული სპრუ, მოზრდილთა ცელიაკია, იდიოპათური ცელიაკია) ნაწლავის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება; ხასიათდება ნაწლავის კედლის მიერ ფერმენტების გამომუშავების არარსებობით ან მისი დაქვეითებით, რომელიც შლის გლუტეინს;  გლუტეინის არასრული დაშლის პროდუქტები ტოქსიკურად მოქმედებს ნაწლავის კედელზე; დამახასიათებელია ფაღარათი. დაავადების პოგრესირებისას ვლინდება პოლიჰიპოვიტამინოზები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, გამოფიტვა.შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ქრონიკული ენტერიტი შეწოვის უკმარისობის სინდრომით. დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გვეხმარება გლიადინით დატვირთვის სინჯები, დაავადების ნიშნები ადრეული ბავშვობიდან, დაავადების სიმპტომების გამწვავება საკვებ რაციონში ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ქერის პროდუქტების დამატებით, ასევე დაავადების სიმპტომების უკუგანვითარება ავადმყოფის გადაყვანისას უგლუტეინო დიეტაზე. მძიმე შემთხვევებში მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ავადმყოფები გადაჰყავთ დიეტაზე გლუტეინის სრული გამორიცხვით, ვიტამინების შემცველობის გადიდებით, პერორალურად ინიშნება შემკვრელი და შემომგარსველი საშუალებები. გაუმჯობესების მიხედვით დიეტას აფართოებენ.

დისაქარიდაზოდეფიციტური ენტეროპათიები – მემკვიდრეობითი დაავდებები, რომლებიც განპირობებულია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ დისაქარიდაზების გამომუშავების უკმარისობით, რის გამოც ნაწლავში ირღვევა შესაბამისი დისაქაროზლაქტოზის, მალტოზის, საქაროზის ჰიდროლიზი. მემკვიდრულობის ტიპი ზუსტად დადგენილი არ არის. კლინიკურად ვლინდება ერთი ან რამდენიმე დისაქარიდების გადაუტანლობა და დუღილის პროცესების გაძლიერება; წარმოიქმნება დისპეფსიის სიმპტომები, ყურყური მუცელში, მეტეორიზმი, ფაღარათი, პოლიფეკალია. მიმდინარეობა უმრავლეს შემთხვევაში მძიმე არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ენტერიტი.

მკურნალობა. მკაცრი დიეტა საკვები რაციონიდან შესაბამისი დისაქარიდის გამოირიცხვით, შედარებით მძიმე შემთხვევებში – ფერმენტული ჩანაცვლებითი თერაპია.

ექსუდაციური ენტეროპათია წარმოადგენს იშვიათ დაავადებას, რომელიც აღინიშნება ძირითადად ახალგაზრდებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი გარკვეული არ არის. ხასიათდება ლიმფური ძარღვების პათოლოგიური გაფართოებით და ნაწლავის კედლის მომატებული განვლადობით, ფაღარათით, ცილის მნიშვნელოვანი დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, ჰიპოპროტეინემიური შეშუპებებით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება საერთო გამოფიტვა. ხშირია აგრეთვე ჰიპოქრომული ანემია, უმნიშვნელო ლეიკოციტოზი ლიმფოპენიით. ჰიპოპროტეინემია აღინიშნება ძირითადად ალბუმინებისა და გამაგლობულინების შემცირების ხარჯზე; ჰიპოქოლესტერინემია, ჰიპოკალციემია. განავლოვან მასებში მომატებულია ნეიტრალური ცხიმი, ცხიმოვანი მჟავები და საპნები; სპეციალური ლაბორატორიული მეთოდებით ვლინდება ცილის მომატებული შემცველობა წვრილი ნაწლავის სეკრეტში და მისი მომატებული გამოყოფა განავალთან. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ კოლიტთან, ენტეროკოლიტთან, ასევე არაანთებით დისაქარიდაზოდეფიციტურ ენტეროპათიებთან, სპრუსთან, გლუტეინურ დაავადებასთან. ექსუდაციური ენტეროპათიის დიაგნოზის დადგენაში უტყუარია ენტერობიოფსია. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად და ნელა პროგრესირებს. ავადმყოფებს აღენიშნებათ ინტერკურენტული დაავადებები (პნევმონიები, ჩირქოვანი ინფექციები, ანგინები და სხვ.), რაც შესაძლოა გახდეს მათი სიკვდილის მიზეზი. მძიმე შემთხვევებში პროგნოზი ცუდია. გამწვავების პერიოდში მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ინიშნება ცილებით, ვიტამინებით მდიდარი დიეტა, სითხისა და სუფრის მარილის შეზღუდვით. ვენაში – პლაზმა; შეჰყავთ ვიტამინები, ჰიპოკალციემიის დროს – კალციუმის პრეპარატები. შეშუპებების დროს პლაზმის გადასხმასთან და სხვადასხვა ცილოვან პრეპარატებთან ერთად ინიშნება დიურეზული საშუალებები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.