საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ტუბერკულოზი
საყლაპავის ტუბერკულოზი წარმოადგენს ამ დაავადების ერთ – ერთ ყველაზე უფრო იშვიათ ლოკალიზაციას და შემთხვევათა უმრავლესობაში გვხვდება ტუბერკულოზის ფილტვისმიერი ფორმით დაავადებულებში, პროცესის შორს წასულ შემთხვევებში.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. საყლაპავში ტუბერკულოზული მიკობაქტერიები ხვდებიან დაინფიცირებული ნახველის გადაყლაპვისას, ხორხის, ხახის აქტიური ტუბერკულოზის დროს, იშვიათად ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზებით, ასევე ტუბერკულოზური პროცესის უშუალო გადასვლით გარემომცველი ორგანოებიდან: ბიფურკაციული ლიმფური კვანძებიდან, ხერხემლიდან, ფარისებრი ჯირკვლიდან, ხორხიდან, ხახიდან. ტუბერკულოზური წყლულები წარმოიქმნება ტუბერკულოზური ხორკლის კაზეოზური დაშლის შედეგად. გვხვდება აგრეთვე საყლაპავის ტუბერკულოზური დაზიანების მილიარული და მასტენოზირებელი ფორმები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუმცა ხშირად მისი სიმპტომები იფარება სხვა ორგანოების ტუბერკულოზური გამოვლინებებით და ავადმყოფის მძიმე ზოგადი მდგომარეობით. განსაკუთრებით აშკარა სიმპტომია დისფაგია, რასაც ლორწოვანის დაწყლულებისას შესაძლებელია თან ახლდეს ძლიერი ტკივილი. რენტგენოლოგიურად ვლინდება მსხვილი ტუბერკულოზური წყლულები და საყლაპავის სანათურის ნაწიბუროვანი შევიწროება. დიაგნოზის დადგენაში გვეხმარება ეზოფაგოსკოპია, ბიოფსია, წყლულიდან მიღებული მასალის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა. პროგნოზი განისაზღვრება ფილტვებში და სხვა ორგანოებში ტუბერკულოზური ცვლილებების გამოხატულობით.
გართულებები: საყლაპავის ფისტულები ტრაქეასთან, ბრონქებთან, პლევრასთან, ჩირქოვანი მედიასტინიტი, კაზეოზური ღრუს გახსნა მსხვილ სისხლძარღვში შემდგომი პროფუზული სისხლდენით. ტუბერკულოზური წყლულების შეხორცების დროს წარმოიქმნება საყლაპავის სტრიქტურები, ირღვევა მისი გამავლობა: შეხორცებითი პროცესის შედეგად ბიფურკაციულ ლიმფურ კვანძებსა და საყლაპავის კედელს შორის წარმოიქმნება ტრაქციული დივერტიკულები. მკურნალობას ატარებენ სპეციალიზირებულ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საავადმყოფოებში. საყლაპავის ნაწიბუროვანი შევიწროებისას ტარდება ბუჟირება; რიგ შემთხვევებში დროებით კეთდება გასტროსტომას.
კუჭის ტუბერკულოზი შედარებით იშვიათია და ჩვეულებრივ აღინიშნება ფილტვის ტუბერკულოზის ტერმინალურ ფაზაში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან ახლდეს ტკივილი ეპიგასტრიუმში, ბოყინი, ღებინება, მადის მკვეთრი დაქვეითება; როგორც წესი, აღინიშნება ზოგადი გამოფიტვა, ოფლიანობა. კუჭის ტუბერკულოზის დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევითა და გასტროფიბროსკოპიით; განსაკუთრებული ღირებულება აქვს ბიოფსიას. კუჭის წვენის გამოკვლევით ხშირად ვლინდება აქილია, კუჭის შიგთავსში – ტუბერკულოზის მიკობაქტერია. მიმდინარეობას და პროგნოზს უმრავლეს შემთხვევაში განსაზღვარავს ფილტვისა და სხვა ორგანოს ტუბერკულოზის სიმძიმე. იშვიათ გართულებას წარმოადგენს კუჭის ტუბერკულოზური წყლულის პერფორაცია, კუჭიდან სისხლდენა, კარდიის ნაწიბუროვანი სტენოზი. მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ სტაციონარში. ავადმყოფებს კუჭის ტუბერკულოზური დაზიანებისას ენიშნებათ დიეტა და სიმპტომური საშუალებები.
კუჭქვეშა ჯირკვლის ტუბერკულოზი გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ფილტვების აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულებშიც კი იგი ვლინდება მხოლოდ შემთხვევათა 0,5 – 2% – ში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფები უჩივიან ბოყინს, მადის დაქვეითებას, გულისრევას, ტკივილს მუცლის ზედა მარცხენა კვადრანტში, რასაც ზოგჯერ აქვს სარტყლისებრი ხასიათი, ფაღარათს, გაძლიერებულ წყურვილს, გამოფიტვას, მომატებულ ოფლიანობას, სისუსტეს, ცხელებას. კანი ზოგჯერ ღებულობს მუქ შეფერილობას, როგორც ადისონის დაავადების დროს. კუჭქვეშა ჯირკვლის პალპაციით ვლინდება მტკივნეულობა.
დიაგნოზი. ტარდება ექოგრაფია, რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია, კუჭქვეშა ჯირკვლის სკანირება, მისი შიგა და გარე სეკრეციის გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პანკრეატიტებთან, კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებთან.
მკურნალობა ხორციელდება სპეციალიზირებულ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო კლინიკებში. ინიშნება ხშირი, ულუფებად კვება დღეში 5 – 6 – ჯერ, დიეტა ცხიმების შეზღუდვით, გამოირიცხება ცხარე და ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტები; შიგასეკრეტორეული უკმარისობის ნიშნების დროს ინიშნება ფერმენტული პრეპარატები.
ღვიძლის ტუბერკულოზი შემთხვევაში 79 – 99% – ში თან ახლავს ნაწლავის ტუბერკულოზს. ტუბერკულოზური მიკობაქტერიები აღწევენ ღვიძლში ჰემატოგენურად ან ლიმფოგენურად; შესაძლებელია აგრეთვე პროცესის გავრცელება ნაღვლის სადინრებით. ხშირია მილიარული ფორმა ან ღვიძლის მრავლობითი ტუბერკულომები, ცენტრში კაზეოზური დაშლით. აღინიშნება აგრეთვე არასპეციფიკური ცვლილებები ღვიძლში ფილტვის ტუბერკულოზის დროს, რეაქტიული ჰეპატიტის, ცხიმოვანი დისტროფიის, ამილოიდოზის ან წამლისმიერი ჰეპატიტის სახით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ანორექსია, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, სუბფებრილიტეტი, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ღვიძლი გადიდებულია, მისი კიდეები მკვრივია, რიგ შემთხვევებში ზედაპირი არასწორია (გრანულომატოზური ფორმის დროს) ან მოისინჯება კვანძი მის ზედაპირზე (ტუბერკულომა). ხშირად გადიდებულია ელენთა; ღვიძლის ტუბერკულოზზე ეჭვი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ავადმყოფს ფილტვის ტუბერკულოზით აღენიშნება ღვიძლის გადიდება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. დიაგნოზი დასტურდება ლაპარასკოპიით, ღვიძლის პუნქციური ბიოფსიით, ექოგრაფიითა და სკანირებით.
მკურნალობა. ანტიტუბერკულოზურ საშუალებებთან ერთად ინიშნება დიეტა, ხოლო ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გაუარესების დროს ინიშნება სირეპარი.
ნაწლავის ტუბერკულოზი ვლინდება ავადმყოფთა 60 – 90% – ში, რომლებიც გარდაიცვალნენ ტუბერკულოზით. ტუბერკულოზური მიკობაქტერია ნაწლავში ხვდება ხშირად ჰემატოგენურად ან ლიმფოგენურად, ან დაინფიცირებული ნახველის გადაყლაპვით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება თეძოსა და ბრმა ნაწლავის დისტალური ნაწილები, აპენდიქსი, იშვიათად ასწვრივი, განივი კოლინჯი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ნაწლავის ტუბერკულუზური დაზიანება დასაწყისში შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან ზოგადი სიმპტომებით – მადის დაქვეითებით, გულისრევით და მუცელში სიმძიმის გრძნობით ჭამის შემდეგ, სისუსტით, სუბფებრილიტეტით, ოფლიანობით, ნაწლავის შებერვით; დეფეკაციის მოშლილობებით, გაურკვეველი ტკივილებით მუცელში; შემდეგში ტკივილი მუდმივი ხდება, ლოკალიზდება ხშირად მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში და ჭიპის ირგვლივ, პალპაციით აღინიშნება მკვრივი გასქელება ბრმა ნაწლავის კედლისა და თეძოს ნაწლავის საბოლოო ნაწილის. სწორი ნაწლავის დაზიანების დროს აღინიშნება ტენეზმები და დეფეკაციის ცრუ სურვილი; ტუბერკულოზური მეზადენიტის დროს ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის სიღრმეში, რამდენადმე მარცხნივ და ქვევით ჭიპიდან ან წვრილი ნაწლავის ჯორჯალის გაყოლებაზე. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ლორწოვანი გარსების დაწყლულება, ნაწიბუროვანი სტენოზები, ზოგჯერ ბრმა ნაწლავის ავსების დეფექტები. მსხვილი ნაწლავის დაზიანება შესაძლებელია დაზუსტდეს კოლონოსკოპიით. განავლის გამოკვლევით აღინიშება დადებითი რეაქციები ფარულ სისხლდენაზე. სისხლში – ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოპენია შედარებითი ლიმფოციტოზით; გამწვავებისას – ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. ნაწლავის ტუბერკულოზის მიმდინარეობა შესაბამისი მკურნალობის გარეშე ჩვეულებრივ პროგრესირებადია. პროგნოზს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზური დაზიანების სიმძიმე. გართულებები: ნაწლავის სანათურის შევიწროება, ტუბერკულოზური წყლულების პერფორაცია, პერიტონიტი და ნაწლავიდან სისხლდენა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება არასპეციფიკურ კოლიტთან, კრონის დაავადებასთან, არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტთან, ბრმა ნაწლავის კიბოსთან.
მკურნალობა. გამწვავების პერიოდში ინიშნება ცილებით, ადვილად ასათვისებელი ცხიმებით და ვიტამინებით მდიდარი გახეხილი საკვები, დღეში 4 – 5 – ჯერ; ფერმენტული პროცესების დარღვევისას – საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, პოლივიტამინები, რკინადეფიციტური ანემიისდროს – რკინის პრეპარატები პარენტერალურად.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები